როცა გუნდში 8-9, ანდა სულაც 12 (!) ახალწვეული გყავს, დალაგებულ თამაშზე ლაპარაკი ზედმეტია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ზამთარში ჩვენს გუნდებში იმდენი ცვლილებები მოხდა, რომ დადებით თუ უარყოფით მხარეებზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია. ცოტა ხანში მეტ-ნაკლებად კონტურები გამოიკვეთება და მერე უფრო კონკრეტულად შევძლებთ საუბარს.
“დინამომ” მოულოდნელად შინ წააგო “სიონთან.” ბოლნისელთა გამოცდილი შემადგენლობის შემხედვარე, თითქოს უცნაური არც არაფერია, მაგრამ მაინც. 2014 წლის თებერვლის “დინამო” ფაქტობრივად, ახალი გუნდია. მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ახალი, უფრო შემტევი ტაქტიკის (4-3-3) დანერგვა დაიწყო და ამის ათვისებასაც ალბათ დრო დასჭირდება. ბოლნისელთა კარსაც ბევრს უტევდნენ დინამოელები, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში რაღაც აკლდათ. გადამწყვეტი გოლიც მცველების აშკარა შეუთანხმებლობის მიზეზით გაუშვეს.
ახლა კი ეპიზოდის შესახებ, რომელიც ყველგან ძალიან იშვიათია და არც ჩვენს ჩემპიონატში მომხდარა (იხილეთ ვიდეო ქვემოთ). 72-ე წუთზე ჩისკო დაშავდა და ბოლნისელებმა პატივისცემის ნიშნად ბურთი აუტში გადააგდეს. მალევე ესპანელი წამოდგა და სტუმრებს წესისამებრ ბურთი დაუბრუნა, თუმცა სტუმართა მეკარე მერლანი ამისათვის მზად არ იყო და გოლი გავიდა. ბოლნისელებმა ასეთი ქმედება უსამართლოდ მიიჩნიეს და გაპროტესტება დაიწყეს. მსაჯმა ლაშაAსილაგავამ გოლი ჩათვალა. “სიონმა” ცენტრიდან დაიწყო და... დინამოელები გაუნძრევლად იდგნენ, გიორგი კახელიშვილისთვის გატანაში ხელი არავის შეუშლია. ამრიგად ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ფეარ პლეის წესების დაცვისთვის ბოლნისელთა დამრიგებელმა, ლადო ბურდულმა მატჩის შემდეგ დინამოელებს მადლობა გადაუხადა.
მართლაც ყოჩაღ “დინამო.”
სანამ დიდუბეში, “დინამო არენაზე” სპორტული რაინდობის ზეობა იყო, ვაკეში, “მიხეილ მესხზე,” ნამდვილი თრილერი გათამაშდა. მე-12 წუთისთვის “სპარტაკი” უკვე 2:0 უგებდა ერთ-ერთ ლიდერ “ჩიხურას.” მაგრამ ზემოიმერლებმა მედგარი ხასიათი გამოავლინეს და დიდებული “შემობრუნება” (come back – როგორც ინგლისელები იტყვიან ხოლმე) შესთავაზეს ქომაგებს. გამარჯვებისა თავური დარტყმით გიორგი დათუნაიშვილმა მეოთხე დამატებულ წუთზე გაიტანა.
მოიგო “გურიამაც.” მართლაც საოცარი გუნდი ჰყავთ ლანჩხუთელებს. კვლავ ფინანსური კრიზი აქვთ, უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე გვიან დაიწყეს სეზონისთვის მზადება და არც უცხოეთში გაუვლიათ შეკრება. მართალია გორელებს ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს გურულების შემართებას.
უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ძალიან საჭირო ქულები მოიპოვა “მეტალურგმა.” “ზესტაფონი” კი ჩანს, სეზონისთვის კარგად მოემზადა. გია გეგუჩაძემ უკვე დაატყო თავისი ხელი გუნდს. ბოლო 4 დღეში ორი გამარჯვება და ორივე – 3:0. შთამბეჭდავია.
მე-19 ტური. 26 თებერვალი
სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:3 (2:2)
გოლები: 1:0 თორნიკე თუხარელი (7), 2:0 ლაშა პარუნაშვილი (12), 2:1 ბესიკ დეკანოიძე (25), 2:2 გიორგი გაბედავა (35), 2:3 გიორგი დათუნაიშვილი (90+4)
დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი) 1:3 (0:0)
გოლი: 0:1 პავლე ხორგუაშვილი (პენ, 53), 0:2 გიგა კვერენჩხილაძე (83), 1:2 დავით რაჟამაშვილი (89), 1:3 ზურაბ ძამსაშვილი (პენ, 90+3)
მეტალურგი (რუსთავი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 კახაბერ კაკაშვილი (49), 2:0 ვარლამ კილასონია (58)
ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 პაპუნა ფონიავა (63), 1:1 მამუკა ღონღაძე (68)
დინამო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (0:0)
გოლები: 1:0 ჩისკო (72), 1:1 გიორგი კახელიშვილი (75), 1:2 ჯაბა უგულავა (85)
ზესტაფონი – ზუგდიდი 3:0 (3:0)
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 ნიკა საბანაძე (7, 9, 45)
| 1 | დინამო (თბ) | 19 | 13 | 3 | 3 | 43:15 | 42 |
| 2 | ჩიხურა | 19 | 11 | 5 | 3 | 38:24 | 38 |
| 3 | ზესტაფონი | 19 | 9 | 4 | 6 | 25:15 | 31 |
| 4 | გურია | 19 | 10 | 0 | 9 | 23:26 | 30 |
| 5 | სიონი | 19 | 8 | 6 | 5 | 24:20 | 30 |
| 6 | მეტალურგი | 19 | 8 | 5 | 6 | 25:23 | 29 |
| 7 | დილა | 19 | 7 | 7 | 5 | 24:18 | 28 |
| 8 | ვიტ ჯორჯია | 19 | 7 | 4 | 8 | 25:25 | 25 |
| 9 | ტორპედო | 19 | 6 | 5 | 8 | 20:25 | 23 |
| 10 | სპარტაკი | 19 | 4 | 2 | 13 | 15:30 | 14 |
| 11 | მერანი | 19 | 4 | 2 | 13 | 15:37 | 14 |
| 12 | ზუგდიდი | 19 | 3 | 5 | 11 | 8:27 | 14 |
მე-20 ტური. 2 მარტი: ჩიხურა – დინამო, სიონი – ტორპედო, მერანი –მეტალურგი, ვიტ ჯორჯია – ზესტაფონი, ზუგდიდი – დილა, გურია - სპარტაკი
მეგოლეები:
13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2), ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;







