ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებების წევრებს დღეს ვაკის სამბოს დარბაზში საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი შეხვდა და წარმატება მიულოცა. შეგახსენებთ, ევროპირველობას 11-15 აპრილს კვიპროსის ქალაქმა ლიმასოლმა უმასპინძლა და 20 ქართველი სპორტსმენიდან 18 შინ მედლით დაბრუნდა.
“მინდა ასაკობრივი ნაკრებების თითოეულ წევრს მივულოცო ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი შედეგი. განსაკუთრებულად კი ახალ მთავარ მწვრთნელებს. ავთანდილ ცინცაძეს – მისი გუნდის ათივე წევრმა მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაშიც ჩემპიონები გახდნენ. მირიან პავლიაშვილის გაწვრთნილმა ჭაბუკთა ნაკრებმაც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა – 8 მედალი და გუნდური მეორე ადგილი. ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ საქართველოს სამბისტთა ეროვნულ ნაკრებს ამ ბიჭების სახით მშვენიერი თაობა ეზრდება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” სოსო ლიპარტელიანმა.
შეგირდებს კარგი გამოსვლისთვისმადლობა ავთანდილ ცინცაძემაც გადაუხადა.
“შედეგს რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ. ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და უმედლოდ არც ერთი არ დარჩენილა, მაგრამ მაინც იყო მცირე ხარვეზები, რომლებსაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვასწორებთ. რამდენიმე ელემენტარული შეცდომა რომ არა, საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონობას სამდღიანი ჩემპიონატის მეორე დღის ბოლოსვე გავინაღდებდით” – აღნიშნა ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელმა.
ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს სეზონის უმთავრესი ტურნირი – მსოფლიოს ჩემპიონატი ოქტომბერში, საბერძნეთში ელით. იქამდე კი ორივე ასაკობრივ ჯგუფში ეროვნული ტურნირი გაიმართება, რომელიც შიდა კონკურენციის ახალ ლიდერებს გამოავლენს. ევროპირველობის წინ ნაკრებები საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით დაკომპლექტდა, ხოლო მსოფლიოს შესარჩევი შეჯიბრება სავარაუდოდ ივნისში გაიმართება.







