ჭიდაობა

10:20 | 23.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტებმა ევროწარმატება შეაჯამეს

საბერძნეთში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა სამბისტებმა სპორტის დეპარტამენტში შეჯიბრის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ჩაატარეს. 15-18 აპრილს სალონიკში ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ევროპირველობაში მონაწილეობა 20-მა ქართველმა მიიღო და 15 კვარცხლბეკზე ავიდა. ახალგაზრდების ათეულმა, რომელსაც სათავეში ბადრი ჯანიაშვილი უდგათ, 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ემილ რაშის გაწვრთნილმა ჭაბუკებმა კი 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოინაგრეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.
ქართველების ჭიდაობა სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ძირითადი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ იაძემ შეაფასა.
“ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა პირველად მოახერხა გუნდურ ჩათვლაში გაჩემპიონება. ასეთი წარმატებისთვის 1993 წლის შემდეგ არ მიგვიღწევია. ჩვენი უმთავრესი კონკურენტი რუსეთის ნაკრებია, სადაც სამბოს ბიუჯეტი 56 მილიონია, ჩვენთან - 80 ათასი. ბოლო მიღწევა განსაკუთრებით ფასეულია თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოსამზადებელი შეკრებების გარეშე უწევთ გამგზავრება. ის კი არა, ფინანსური პრობლემების გამო, ბოლო დღეებამდე არ იყო გარკვეული, შევძლებდით თუ ვერა სალონიკში სრული შემადგენლობით გამგზავრებას. ახალგაზრდულის მძიმეწონოსანი ლევან მუქერია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა, საბერძნეთში საკუთარი ხარჯით წამოვიდა. მისი დაფინანსება ქალაქ თბილისის სპორტის სამსახურს ვთხოვეთ, მაგრამ უარი მივიღეთ. საბერძნეთი ავტობუსით მოვიარეთ და საქართველოში დაბრუნებულებმა ნაკრების წევრების ქალაქები გამოვიარეთ. რამდენიმე მათგანს ისეთი ორგანიზებული დახვედრა მოუწყვეს, გაოგნებული დავრჩი, არადა ჩემპიონატამდე ყველა ქალაქის ხელმძღვანელობას ნამდვილად არ გასჩენია სურვილი, სპორტსმენებს მხარში დადგომოდა. იმედია ეს მიდგომა მომავალში მაინც შეიცვლება სასიკეთოდ და თუკი მეტ ყურადღებას მხარდაჭერას ვიგრძნობთ, წარმატების მეტი შანსი გვექნება” – განაცხადა იაძემ და იქვე დამსწრეთ შეახსენა, შემოდგომაზე, ამ ასაკობრივ ჯგუფებში მსოფლიოს ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს და ვეცდებით ქართველ გულშემატკივრებს დიდი სიხარული მივანიჭოთო.
საბერძნეთმოვლილ სპორტსმენებს წარმატება საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან თედიაშვილმაც მიულოცა. მატერიალური მხარის გაუმჯობესება ჯერჯერობით ვერაფრით ხერხდებაო, აღნიშნა ლეგენდარულმა ქართველმა მოჭიდავემ და იმედი გამოთქვა, რომ მდგომარეობა მსოფლიოს ჩემპიონატამდე მაინც გამოსწორდება. პრესკონფერენციის მიწურულს კი მან საერთაშორისო კატეგორიის ქართველ მსაჯს, შოთა ზუკაკიშვილს ღირსების ორდენი გადასცა.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.16296