ხვალ, საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები საბერძნეთში გაემგზავრებიან. 15–19 აპრილს სალონიკი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და საქართველოს დროშის ქვეშ 20 სპორტსმენი იჭიდავებს. დღეს სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა ნაკრების მწვრთნელებთან ერთად სპორტის დეპარტამენტში პრესკონფერენცია გამართეს.
დამსწრეთ შემადგენლობები ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეგ იაძემ გააცნო. მანვე, სპორტსმენების შანსებსა და ყველა ასაკობრივი ჯგუფის ნაკრების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
“ამ ასაკობრივ ჯგუფებში, ასეთი რანგის შეჯიბრზე სრული შემადგენლობით არასოდეს გამოვსულვართ. ამჯერად კი, ჭაბუკებშიც და ახალგაზრდებშიც, ათივე წონაში გვეყოლება მონაწილე. ასევე პირველად ხდება, რომ მხოლოდ პირველი ნომრებით დაკომპლექტებული გუნდი შეიკრა. ჩვენი 20 სპორტსმენი 16 ქალაქიდან და რაიონიდანაა წარმოდგენილი. ასეთი გეოგრაფიით სპორტის ვერც ერთი სახეობა ვერ დაიკვეხნის. ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ჩემპიონატებში ქართული გუნდები ყოველთვის წარმატებულად გამოდიოდნენ. ძალიან კარგი თაობა გვყავს და დარწმუნებული ვარ, თავს არ შეირცხვენენ. პროგნოზსაც მოგახსენებთ, 14–15 მედალს ველით. აქედან ოთხ-ხუთ ოქროს. გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ წინასატურნირო მოსამზადებელი შეკრების გავლა ვერ მოხერხდა. ამ ასაკობრივ ჯგუფებში, წლეულს უმთავრეს ტურნირს – მსოფლიოს ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. საშემოდგომო სამზადისს ივნისიდან აქტიურად დავიწყებთ. იქამდე კი საკმაოდ გადატვირთული კალენდარი გვაქვს. საბერძნეთიდან დაბრუნებისთანავე, 21 აპრილს ევროპირველობისთვის სამზადისს ეროვნული ნაკრები შეუდგება“ – განაცხადა იაძემ.
პრესკონფერენციის მიწურულს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ქართული სპორტის სათავეში მყოფთ არმიის სპორტული კლუბის კომპლექსში მდებარე სამბოს დარბაზის პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება სთხოვა. შიგნით ისე წვიმს, როგორც გარეთ და სავარჯიშოდ შესვლა შეუძლებელიაო.
ახალგაზრდული ნაკრები
48 კგ – ლერი ჯიხვაშვილი
52 კგ – ვაჟა ლატარია
57 კგ – გენადი ჩირგაძე
62 კგ – გიორგი ტაბატაძე
68 კგ – ბესარიონ შვანგირაძე
74 კგ – ზებედა რეხვიაშვილი
82 კგ – ვახტანგ სარაჯიშვილი
90 კგ – ზაზა დავაძე
100 კგ – შოთა მოწონელიძე
+100 კგ – ლევან მუქერია
მწვრთნელი: ბადრი ჯანიაშვილი
ჭაბუკთა ნაკრები
48 კგ – გივი ნადარეიშვილი
52 კგ – გიორგი საჩალელი
56 კგ – გიგა გიუნაშვილი
60 კგ – გიორგი კაცია
65 კგ – გოჩა ვარძელაშვილი
70 კგ – მიხეილ ჩოხელი
75 კგ – თემურ ნიჟარაძე
81 კგ – ბექა რატიანი
87 კგ – ალექსანდრე მილდიანი
+87 კგ – სლავა რეზესიძე
მწვრთნელი: ემილ რაში
ოთარ მაღლაკელიძე







