ჭიდაობა

16:13 | 10.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტებმა სეზონის მონაგარი დათვალეს

საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ იაძემ 2009 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების დაჯამებით, სეზონის გამორჩეული სპორტსმენები და მწვრთნელები დაასახელა.
3-3 საუკეთესოს ვინაობა დღეს, სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გაცხადდა. საუკეთესოთა სამეულში მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი მინდია ბოდაველი (90 კგ), მსოფლიოს ბრინჯაოსანი და ევროპის ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი (52 კგ) და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი ნიკო კუცია (82 კგ) შევიდნენ. მწვრთნელებში ყველაზე მეტი ჩასათვლელი ქულა გივი სარდანაძემ დააგროვა, მეორე-მესამე ადგილები კი ზურაბ ტუღუშმა და ანზორ თენაძემ დაიკავეს.
შეზონის შემაჯამებელ პრესკონფერენციას სწორედ ოლეგ იაძე გაუძღვა და ვიდრე სამეულებს გაამჟღავნებდა, 2009 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასაკობრივი და ძირითადი ნაკრებების გამოსვლაზე დეტალურად ისაუბრა. მწვრთნელისა და დარბაზში მსხდომთა აზრით, დადებითად მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების წევრთა გარჯა შეფასდა. ამ ასაკობრივმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე 5 (2 ოქრო, 3 ბრინჯაო), ევროპირველობაზე კი 8 (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) მედალი მოიპოვა. ჭაბუკთა და უფროსთა გამოსვლას კი მხოლოდ დამაკმაყოფილებელი უწოდეს. ჭაბუკებმა მსოფლიოზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიგეს, ევროპაზე – თითო ოქრო-ვერცხლი და 4 ბრინჯაო. მთავარმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ოქროს მედლის გარეშე, 2-2 ვერცხლითა და ბრინჯაოთი ჩაამთავრა, ევროპირველობაზე კი იაძის შეგირდებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს.
ნაკრების თავკაცმა, დარბაზში მსხდომთ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება გააცნო, სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში მონაწილე სპორტსმენთა ხელშეწყობის შესახებ და იქვე დასძინა, თუკი კუთვნილი თანხის მიღების პრობლემა გექნებათ, ამ ბრძანებულების შესრულებას მოვითხოვთო. სეზონის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის პრემიალურ თანხებს სამბისტები და მათი პირადი მწვრთნელები, სავარაუდოდ, ერთ კვირაში მიიღებენ, მას შემდეგ, რაც მათთვის პლასტიკური ბარათები დამზადდება.
პრესკონფერენციის დღის წესრიგში მსოფლიოს 2010 წლის ასაკობრივი ჩემპიონატის საკითხიც  იყო შეტანილი. ამ შეჯიბრს თბილისმა უნდა უმასპინძლოს, მაგრამ საორგანიზაციო ფინანსური ხარჯების გაწევის გარანტია საქართველოს სამბოს ფედერაციას ჯერ არ მიუღია. იაძის თქმით, ეს დახმარებაც რომ ვერ მიიღოს, ფედერაცია მასპინძლობაზე უარს მაინც არ იტყვის და თავად მოძებნის დაფინანსების გზებს. საორგანიზაციო დეტალებზე მუშაობა, სავარაუდოდ, იანვრიდან დაიწყება. იქამდე კი, 27 ან 28 დეკემბერს, ფედერაციის ხელმძღვანელები სპორტის დეპარტამენტში ერთხელაც შეიკრიბებიან და ვეტერან სამბისტებს ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.

ოთარ მაღლაკელიძე

გიორგი ჭანიშვილის ფოტო



 

0.09499