7-11 ოქტომბრისთვის თბილისში დაგეგმილი ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გადასამოწმებლად, სამბოს მსოფლიოს ფედერაციამ თბილისში სპეციალური წარმომადგენელი გამოაგზავნა. ლატვიის სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი ბირიუკოვმა სპორტის სასახლე დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და საქართველოს სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ოლეგ იაძესთან ერთად დაათვალიერა.
სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან მოკლე საქმიანი საუბრის შემდეგ უცხოელმა კომისარმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა:
“საქართველოს ბოლო წლებში არაერთი დიდი ტურნირისთვის უმასპინძლია, მათ შორის სამბისტთა ევროპის ჩემპიონატისთვის და დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც მშვენივრად გაართმევს საორგანიზაციო საკითხებს თავს. ქართველი ჭაბუკები და ახალგაზრდები კი უმთავრესი ფავორიტები იქნებიან” – განაცხადა ბირიუკოვმა.
კონკრეტული დეტალების გადასაწყვეტად რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება, ვარძელაშვილმაც განაცხადა და იაძემაც, მაგრამ სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელისგან შევიტყვეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის თბილისში ჩასატარებლად ჯერ კიდევ დიდი ბრძოლის გადატანაა მოსალოდნელი. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქართველებმა მოსკოვში ჩასვლა იუარეს.
“უახლოეს დღეებში რუსეთი პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს, “პრეზიდენტის თასს” უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მასპინძლები და 7 მიწვეული ქვეყნის ნაკრები იღებს. ერთ-ერთი მათგანი საქართველო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ რა, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა, უარი შევუთვალეთ. ჩემი პირადი აზრით, სპორტი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვეთანხმები სახელმწიფო პოლიტიკას. უარმა რუსები ძალიან გააღიზიანა და ბოლო ორი კვირაა იმუქრებიან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას საგანგებოდ დანიშნულ აღმასკომის სხდომაზე ჩამოგვართმევენ. მოსკოვში ხვალ ჩავალ, რათა ჩვენთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებაში დელეგატებს ხელი შევუშალო. ვეცდები ყველა დავარწმუნო, რომ მცდარი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებენ” – აღნიშნა ოლეგ იაძემ.
ოთარ მაღლაკელიძე







