28 დეკემბერს საქართველოს სამბოს ფედერაციამ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ძიუდოს აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გამართა.
პრესკონფერენციაზე ფედერაციის პრეზიდენტმა - სოსო ლიპარტელიანმა და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - გაბრიელ ბარჯაძემ განვლილი სეზონი შეაჯამეს და წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელი დაასახელეს.
გამარჯვებულები სამბოს ფედერაციის მხრიდან ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ფედერაციის შემაჯამებელ პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო, რომელმაც წლის საუკეთესო სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ბაინდუროვი დააჯილდოვა. ჯამში, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების სამბისტებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და საერთაშორისო ტურნირებზე 71 მედლის მოპოვება შეძლეს.
პრესკონფერენციის შემდეგ, სამბისტებმა სოფელ გალავანში გადაინაცვლეს, სადაც 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურთან მიმდინარე სპეცოპერაციისას დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - არჩილ ჩოხელის მემორიალი გაიხსნა.
საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სამბისტები და მწვრთნელი
საუკეთესო სპორტსმენი: გიორგი ბაინდუროვი (90 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი.
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი: ამირან იანვარაშვილი (82 კგ)
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.
საუკეთესო ჭაბუკი სპორტსმენი: ომარ ნიაზაშვილი (70 კგ) მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის.
საუკეთესო მწვრთნელი: ელიზბარ ბიგანიშვილი (თბილისი).







