ინტერვიუები

10:02 | 21.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამეგრელო და თბილისი სუპერთასს გაითამაშებენ

განვაგრძობთ რეგიონული საფეხბურთო ფედერაციების მუშაობის ამსახველი მასალების მომზადებას. ამჯერად, გაგაცნობთ იმ ტურნირებისა და ჩემპიონატების ჩამონათვალს, რომელსაც სამეგრელოს რეგიონის ფედერაცია ხელმძღვანელობს.
“მსოფლიო სპორტი” უახლოეს გეგმებზე სასაუბროდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, სერგო კვარაცხელიას დაუკავშირდა:
- სამეგრელოს რეგიონის გუნბერნატორ ზაზა გოროზიას თანადგომითა და ხელშეწყობით, რეგიონში შემავალი რაიონების მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების თანადგომით, სფფ-ს ხელშეწყობითა და ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული სხვადასხვა გათამაშებათა რეგლამენტების და დებულებების მიხედვით, ფედერაციას 2010-2011 საშეჯიბრო პერიოდში გადაწყვეტილი აქვს, დასავლეთ საქართველოს მეორე ლიგის II ზონის მოყვარულთა გათამაშება ჩაატაროს, სადაც მონაწილეობას მიიღებს 8 გუნდი. გადაწყვეტილი გვაქვს ასევე ჭაბუკთა და მოზარდთა ღია ჩემპიონატების ჩატარება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.
- როდისაა დაგეგმილი მოყვარულთა ლიგის გათამაშების დაწყება?
- თავად ჩემპიონატი 24 სექტემბერს დაიწყება. რაც შეეხება სამეგრელოს თასის გათამაშებას, იგი II ლიგაში მონაწილე გუნდებმა უკვე 17 სექტემბრიდან დაიწყეს. რაც შეეხება ჭაბუკთა და მოზარდთა გათამაშებებს, ისინი პირველი ოქტომბრიდან დაიწყება. მოგეხსენებათ, სწავლა სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყეს და ბუნებრივია, კალენდრის შეთანხმება მათ სამუშაო განრიგთან უნდა მოხდეს. აქ თამაშები, ძირითადად, შაბათ-კვირას, ან გამოთავისუფლებულ უქმე დღეებში ჩატარდება.
სხვათა შორის, თბილისის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმების მიხედვით, ჩვენი ფედერაციების მიერ ჩატარებული თასის გამარჯვებულები, მომავალ გაზაფხულზე ერთმანეთს სუპერთასისთვის შეეჯიბრებიან. თუ სხვა რეგიონები გამოთქვამენ სურვილს, არაა გამორიცხული, მოყვარულთა შორის სუპერთასის გათამაშებამ სხვა ფორმატიც შეიძინოს.
- ბატონო სერგო, სულ რამდენი გუნდი ღებულობს მონაწილეობას თქვენი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში?
- სფფ-სა და სამეგრელოს რეგიონის ხელმძღვანელთა თანადგომისა და საქმისადმი მათი პროფესიული მიდგომის შედეგია ის, რომ რეგიონს უმაღლეს ლიგაში წარდგენილი ჰყავს 2 გუნდი, პირველ ლიგაში - 3 გუნდი, II ლიგაში - 8 გუნდი, ხოლო სხვადასხვა ასაკობრივ გათამაშებებში ჭაბუკ ფეხბურთელთა 40 გუნდი. ეს საფუძველს იძლევა, რომ საქართველოში ფეხბურთის განვითარების საქმეში, სამეგრელოს რეგიონს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი მივაკუთვნოთ.
- იქნებ, საერთოდ მოყვარულთა ლიგაზე, უფრო კონკრეტულად მოგვითხროთ.
- მოგეხსენებათ, გადაწყდა, ამ სეზონიდან, მოყვარულთა II ლიგის ჩემპიონატი გათამაშდეს. დასავლეთ საქართველოში იგი ორ ზონად ტარდება - სამეგრელო და იმერეთი. აღმოსავლეთს რაც შეეხება, იქ მხოლოდ თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ შეძლო გუნდების დაკომპლექტება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა ფედერაციამ, მისი ეგიდით ჩატარებულ გათამაშებებში მონაწილეთათვის დააწესა საწევრო-საშეჯიბრო შენატანების ქვემოთ მოცემული ტარიფები:
- მოყვარულთა II ლიგა - 5000 ლარი, საიდანაც მსაჯთა და დამკვირვებელთა მომსახურების თანხა 4000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 1000 ლარი განაცხადების, ოქმების, ფეხბურთელის ბარათების დამზადებასა და რეგლამენტში გათვალისწინებულ სხვა ხარჯებს ხმარდება;
- 1993/94, 1995/96 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ჩემპიონატები - 1000 ლარი; აქედან მსაჯთა და დამკვირვებელთა მომსახურების თანხა 800 ლარია, დანარჩენი კი განაცხადების, ოქმების, ფეხბურთელის ბარათების დამზადებასა და რეგლამენტში გათვალისწინებულ სხვა ხარჯებს ხმარდება;
- 1997/98, 1999/2000 წლებში დაბადებულ მოზარდთა ჩემპიონატები - 600 ლარი; მსაჯთა მომსახურების (მატჩს ერთი მსაჯი ემსახურება) თანხა 400 ლარია, დანარჩენი კი განაცხადების, ოქმების, ფეხბურთელის ბარათების დამზადებასა და რეგლამენტში გათვალისწინებულ სხვა ხარჯებს ხმარდება.

 

ფრიდონ კერვალიშვილი

0.160266