საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები შალვა ქარდავა, ტრისტან ფეიქრიშვილი (ორივე - 66 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) ბაქოში მიმდინარე უპრესტიჟულეს ტურნირ “დიდ სლემზე” ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ. დღეს აზერბაიჯანულ ტატამზე ჩემპიონ-პრიზიორები პირველ სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამებში უნდა გათამაშდეს. საქართველოს სახელით შეჯიბრებაში ვაჟთა ნაკრების ექვსი და ქალთა ნაკრების ერთი წევრი ჩაებნენ.
66 კილოგრამში მოჭიდავე ქართველები რეპეშაჟის ფინალში ნახევარფინალიდან გადავიდნენ. ფეიქრიშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი “დიდ სლემზე” პირველ ნომრად განთესილ ტუმურხულეგ დავაადორჟთან დაკარგა. მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანმა მონღოლმა სამი იუკოთი იმარჯვა. ამ შეხვედრამდე ტრისტან ფეიქრიშვილმა თურქი მურათ დოგანი და აზერბაიჯანელი ტარლან კარიმოვი იპონ-იპონ ჩამოიცილა, ბრაზილიელ ლეანდრო კუნიას ვაზარით გასცდა, რეპეშაჟის ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვს დაუპირისპირდება.
ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ზებედა რეხვიაშვილმა ძირითად ბადეში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა – არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წევრ ვადიმ ბოკანს იპონით გასცდა, მეოთხედფინალში კი იპონითვე დამარცხდა მასპინძელ რუსტამ ორუჟოვთან და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. რეპეშაჟის ნახევარფინალში რეხვიაშვილი კანადელ ალექსის მორინ მარტელთან ვაზარის აგებდა და მეოთხე წუთზე მეტოქეს წმინდად მოუგო, ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში კი ბრაზილიელ მარსელო კონტინის დაეჭიდება.
73 კილოგრამში საქართველოს სახელით გიორგი პაპუნაშვილმაც იჭიდავა, მაგრამ პირველსავე წრეში, რუსეთის ნაკრების წევრ ბათრაზ კაიტმაზონთან სუფთად წააგო.
შალვა ქარდავა “ბრინჯაოს ფინალში” მასპინძელ ნიჯათ შიხალიზადასთან იპონით წაგების შემდეგ გადაერთო, სადაც კიდევ ერთ აზერბაიჯანელს – ტარლან კარიმოვს უნდა შეხვდეს. ძირითად ბადეში შიხალიზადასთან შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელ ელვინ მუსტაფიევს ვაზარით სძლია, კანადელ პატრიკ განიეს – იპონით.
უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე პაატა მერებაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ. მერებაშვილი აზერბაიჯანელი ორუჟ ვალიზადას ვაზარით ძლევის შემდეგ მერვედფინალში ფრანგ სოფიან მილუსაც ვაზარით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და იპონით დამარცხდა. ამავე ეტაპზე დაასრულა “დიდ სლემზე” გამოსვლა მარგველაშვილმაც, ოღონდ მას ტატამზე გასვლა ერთადერთხელ მოუხდა – შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩართული ჩეხ პაველ პეტრიკოვთან ვერას გახდა.
ქალთა შორის 63 კილოგრამში ერთადერთხელ გავიდა ტატამზე შორენა შარაძე – შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც სლოვენიელ ტინა ტრესტენიაკთან წმინდად წააგო.







