ფეხბურთი

19:13 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამი ცვლილება ჰოლანდიის 21-წლამდელთა შემადგენლობაში

 

ჰოლანდიის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, რომელიც 10 ოქტომბერს, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თბილისში ქართველ თანატოლებს დაუპირისპირდება, 3 ცვლილებაა.

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ტრავმირებული რუბენ ლიგეონის, იურგენ ლოკადიასა და იასუნ აიუბის ნაცვლად, 21-წლამდელთა თავკაცმა ალბერტ სტუივენბერგმა, მომავალი მატჩისთვის ტომას ბრუნსს, დევი კლასენსა და ტიმო ლეტშერტს უხმო.

კლასენი, რომელსაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 21-წლამდელებში პირველად მიიწვიეს. ლეტშერტმა ჰოლანდიის ახალგაზრდულში ერთხელ იასპარეზა აგვისტოში ჩეხებთან ამხანაგურ მატჩში. ბრუნსს დებიუტი თებერვალში, ხორვატებთან საკონტროლო თამაშში ჰქონდა.

ჰოლანდიელები თბილისში სამშაბათს ჩამოვიდნენ და საღამოს “დინამოს” დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს. სტუივენბერგის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: უორნერ ჰანი (“დორდრეხტი”), მიკი ვან დერ ჰარტი (“აიაქსი”), სტეფან ვან დერ ლეი (“გრონინგენი”).

მცველები: სვენ ვან ბიკი (“ფეინოორდი”), ჯოშუა ბენეტი (პსვ), სტეფანო დენსვილი, მაიკ ვან დერ ჰორნი (ორივე “აიაქსი”), დიკო კოპერსი (“ტვენტე”), ტიმო ლეტშერტი (“გრონინგენი”).

ნახევარმცველები: ნათან აკე (“ჩელსი”, ინგლისი), კულე ებესილიო, კვინსი პრომესი (ორივე “ტვენტე”), ადამ მაჰერი (პსვ), ტონი ვილენა (“ფეინოორდი”), ტომას ბრუნსი (“ჰერაკლესი”).

თავდამსხმელები: ჟან-პოლ ბოეცია (“ფეინოორდი”), ლუკ კასტიანოსი (“ტვენტე”), გუს ჰუპერტსი (“როდა”), ლესლი დე სა, დევი კლასენი (ორივე “აიაქსი”).

ოთხშაბათს, სტუივენბერგის შეგირდებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. მათი წვრთნა 15 საათზე დაიწყო და მედიისთვის ღია, მხოლოდ პირველი 15 წუთი იყო.

საქართველო-ჰოლანდიის დაპირისპირება 10 ოქტომბერს, “მიხეილ მესხზე” შედგება და 15 საათზე დაიწყება. თამაშზე დასწრება უფასოა. მომავალი შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხი აჩვენებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094987