საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ზებედა რეხვიაშვილმა, სამსუნის “დიდი პრიზი” ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა, 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ ქართულ შემადგენლობაში მოსახვედრად სერიოზული განაცხადი გააკეთა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი წონითი კატეგორია, რომელშიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ევროგანაცხადში ორ შეგირდს შეიყვანს, სწორედ 73 კილოგრამი იქნება. შეგახსენებთ, ახალი წესის თანახმად, ევროპირველობის მონაწილე ნაკრებების თავკაცებს, განაცხადში 9 სპორტსმენის შეყვანის უფლება აქვთ.
თურქულ “დიდ პრიზზე” უზნაძემ იმ კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდი იახლა, რომლებსაც ჯერ დასამტკიცებელი აქვთ თავიანთი ევროშესაძლებლობები. ნაკრების ლიდერებს კი, მწვრთნელმა ამჯერად დასვენების საშუალება მისცა. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის პირველ სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. თითოეულ წონაში საქმეში ორ-ორი ქართველი ჩაერთო და ამ ექვსეულიდან ხუთმა ტურნირზე გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულა.
უმსუბუქეს წონაში კიმონოები გიორგი ბროლაშვილმა და პაატა მერებაშვილმა მოირგეს. ბროლაშვილი პირველსავე წრეში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას დაუპირისპირდა და ერთი, რაც შეძლო, ილეთი არ გააკეთებინა, მაგრამ გაფრთხილების ხარჯზე დამარცხდა და “დიდ პრიზზე” გამოსვლაც უმალ დაასრულა. მერებაშვილი თურქულ ტატამზე ორჯერ გავიდა. უკრაინელ დენის ბილიჩენკოს შიდოთი გასცდა, ებრაელ არტემ არშანსკისთან დაპირისპირებისას კი, ძალა ხუთ წუთზე ვერ გადაანაწილა, შუა შეხვედრაში დაიქანცა და მეპოთხე წუთისთვის ოთხი გაფრთხილება დაუგროვდა, რაც წაგების ტოლფასი იყო.
შალვა ქარდავამაც (66 კგ) ებრაელ მოწინააღმდეგესთან წაგებით დაკარგა მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი - მომავალ ფინალისტთან, გოლან პოლაკთან იპონით დამარცხდა. თორნიკე თათარაშვილისა (66 კგ) და სომეხი არმენ ნაზარიანის შეხვედრაში კი, გადამწყვეტი, ამ უკანასკნელის მიერ მოპოვებული ერთადერთი იუკო აღმოჩნდა.
73 კილოგრამში მოჭიდავე არსენ მაჭარაშვილისთვისაც ებრაელი მოწინააღმდეგე, საგი მუკი აღმოჩნდა დაუძლეველი ბარიერი. მუკიმ იუკოთი იმარჯვა. ამ შეხვედრამდე, მაჭარაშვილმა ერთი ბრძოლის ჩატარება მოასწრო და იუკოთივე ჩამოიშორა სლოვენიელი იგორ პოტპარიჩი.
ზებედა რეხვიაშვილი, სატურნირო ბადეში, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ნიამ-ოჩირ საინიარგალის სიახლოვეს მოხვდა. მსოფლიო რეიტინგის მეექვსეადგილოსანი მონღოლი და 27-ე ადგილზე მყოფი ქართველი ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ. იქამდე კი ორ-ორი მეტოქის ძლევა მოასწრეს. რეხვიაშვილი უნგრელ ატილა უნგვარის გაფრთხილებით გასცდა, უკრაინელ სერგეი დრებოტს კი ულამაზესი იპონით მოუმთავრა საქმე.
ქართულ-მონღოლური დაპირისპირების ბედი საინიარგალის მიერ მეოთხე წუთზე შესრულებულმა იუკომ გადაწყვიტა. იქამდე, ზებედა რეხვიაშვილი 2 შიდოთი იგებდა, მაგრამ ილეთის გაშვების შემდეგ შეხვედრის სათავისოდ შესატრიალებლად, ძალა აღარ ეყო.
რეპეშაჟში გადართულმა ქართველმა ძიუდოისტმა, რუსეთის ნაკრების წევრ ზელიმხან ოზდოევს ორი შიდოთი აჯობა. “ბრინჯაოს ფინალში” კი, ფრანგი პიერ დუპრა იუკოთი დაამარცხა.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, ზებედა რეხვიაშვილის გარდა, თურქულ კვარცხლბეკზე კიდევ ორი ქართველი ავიდა: 60 კილოგრამში რობერტ მშვიდობაძემ რუსეთისთვის მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, 66-ში კი, უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაია, სულაც ჩემპიონი გახდა.
ხვალ მედლები დარჩენილ ოთხ წონაში გათამაშდება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: იასონ ჩილინდრიშვილი, ლაშა ზურაბიანი (ორივე 81 კგ), ზვიად გოგოჭური (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი, დავით ლორიაშვილი (ორივე 100 კგ) და ონისე ბუღაძე (+100 კგ). ხვალვე, “დიდ პრიზზე” ქართველი ძიუდოისტი ქალი ირინე ლეონიძეც (+78 კგ) ჩაერთვება. იგი მეოთხედფინალში თურქ კუბრა კარასა და რუსეთის ნაკრების წევრ ანაიდ მხითარიანს შორის მოგებულს დაეჭიდება.
ჩილინდრიშვილი ტურნირს მეთექვსმეტედფინალში, იტალიელ მასიმილიანო კაროლოსთან შეხვედრით გახსნის. ამავე ეტაპზე, ზურაბიანი თურქ აჰმეთ სარის დაუპირისპირდება. გოგოჭური პირველ წრეში დაისვენებს და მერვედფინალში ჰოლანდიელ ჯილომ ელმონსა და ეგვიპტელ ჰატემ აბდ ელ ახერს შორის საუკეთესოს შეხვდება. ლორიაშვილი მეთექვსმეტედფინალით და უკრაინელი არტემ ბლოშენკოთი დაიწყებს. ამავე ეტაპზე, ერთმანეთს დაეჭიდებიან ჟორჟოლიანის სავარაუდო მეტოქეები თურქი ერდალ ბაგაჩი და უკრაინელი დმიტრო ლუჩინი. ბუღაძეს კი მეთექვსმეტედფინალში, მოწინააღმდეგედ უზბეკი ელიორ მაშარიპოვი ერგო.
ძიუდო
“დიდი პრიზი”
სამსუნი
30 მარტი
60 კგ
1 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)
2 იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
3 ვუგარ შირინლი (აზერბაიჯანი)
3 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
66 კგ
1 გიორგი ზანთარაია (საქართველო)
2 გოლან პოლაკი (ისრაელი)
3 დიმიტრი დრაგინი (საფრანგეთი)
3 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)
73 კგ
1 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
2 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლეთი)
3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
3 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)







