მონაწილეთა რაოდენობით და სიძლიერით ღარიბ რიო დე ჟანეიროს “დიდ სლემზე” საუკეთესო შემადგენლობით მოჭიდავე საქართველოს ნაკრებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა - პიტერ ზაიზენბახერის გუნდმა 4 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაშიც გაჩემპიონდა. 10 ივნისს საქმეში ხუთი ქართველი ჩაერთო და სამმა მათგანმა “დიდი სლემი” წაუგებლად ჩაიჭიდავა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ვარლამ ლიპარტელიანმა საჩემპიონო გზაზე ბრაზილიელი ენრიკე სილვა, ჩილელი ტომას ბრიჩენო და არგენტინელი ჰექტორ კამპოსი იპონ-იპონ ჩამოიცილა.
100 კილოგრამში ყველას ირაკლი ცირეკიძემ აჯობა. საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრიც მეოთხედფინალიდან ჩაერთო ტურნირში და მანაც სამი წმინდა გამარჯვება მოიპოვა. ბრაზილიელი ბრუნო ალტოესა და არგენტინელი კრისტიან შმიდტის ძლევის შემდეგ, ფინალში მასპინძელ ჰუგო პესანას აჯობა. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოჭიდავეა, მაგრამ ერთი წონითი კატეგორიით მაღლაც ღირსეულად იჭიდავა.
მეოთხედფინალში, სწორედ პესანასთან დამარცხდა ლევან ჟორჟოლიანი. პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა “დიდ სლემზე მეხუთე ადგილი დაიკავა.
მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილი ბრაზილიელი მეტოქეების: გაბრიელ სანტუშის, დავიდ მოურასა და ვალტერ სანტუშის ძლევის შემდეგ გაჩემპიონდა. +100 კილოგრამში სულ 7 მონაწილე მოგროვდა და მათგან 4 მასპინძელი იყო.
გუშინ ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილიც (81 კგ) გავიდა, მაგრამ ჟორჟოლიანის მსგავსად, ისიც პირველსავე მეტოქესთან დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა. ჭრიკიშვილისთვის დაუძლეველი ზღუდე მსოფლიოს რეიტინგში 189-ე ადგილზე მდგომი ვიქტორ პენალბერი აღმოჩნდა.
“დიდი სლემის” ჩემპიონებმა ოქროს მედლებთან ერთად 300-300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავეს. შეგახსენებთ, ბრაზილიურ “დიდ სლემზე” ნაჩვენები შედეგები და დაგროვილი ქულები სპორტსმენებს მხოლოდ ინდივიდუალური რეიტინგის გასაუმჯობესებლად წაადგებათ. ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ათვლა კი უკვე დასრულებულია.
რაც შეეხება ლონდონში წამსვლელ ქართულ შემადგენლობას, შვიდკაციანი გუნდის ოთხი წევრი აქედანვე ცნობილია: ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი. 60, 100 და +100 კილოგრამებში პიტერ ზაიზენბახერი ოლიმპიურ არჩევანს ორ-ორ კანდიდატს შორის გააკეთებს. 60-ში - შუკვანსა და პაპონაშვილს, 100-ში – ჟორჟოლიანსა და ცირეკიძეს, ხოლო +100-ში – ოქრუაშვილსა და ზვიად ხანჯალიაშვილს შორის. ამ უკანასკნელმა ბრაზილიური “დიდი სლემი” ტრავმის გამო გამოტოვა.
ძიუდო
“დიდი სლემი”
რიო დე ჟანეირო
9-10 ივნისი
კაცები
60 კგ
1 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
2 დიეგო სანტუში (ბრაზილია)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ბრენო ალვეში (ბრაზილია)
66 კგ
1 დენის ლავრენტიევი (რუსეთი)
2 ფერნანდო გონზალესი (არგენტინა)
3 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3 დანილო ფერანტე (ბრაზილია)
73 კგ
1 მარსელო კონტინი (ბრაზილია)
2 ადრიანო სანტუში (ბრაზილია)
3 ალექსის მორინ მარტელი (კანადა)
3 ალექს ვილიამ პომბო და სილვა (ბრაზილია
5 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
81 კგ
1 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)
2 ტრევის სტივენსი (აშშ)
3 ფელიპე კოშტა (ბრაზილია)
3 მაქსიმ ბუგა (რუსეთი)
5 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
2 ჰექტორ კამპოსი (არგენტინა)
3 ედუარდო სილვა (ბრაზილია)
3 ტომას ბრიჩენო (ჩილე)
100 კგ
1 ირაკლი ცირეკიძე (საქართველო)
2 ჰუგო პესანა (ბრაზილია)
3 რენან ნუნესი (ბრაზილია)
3 კრიშტიან შმიდტი (არგენტინა)
5 ლევან ჟორჟოლიანი (საქართველო)
+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
2 ვალტერ სანტოსი (ბრაზილია)
3 დანიელ ერნანდესი (ბრაზილია)
3 დავიდ მოურა (ბრაზილია)
ოთარ მაღლაკელიძე







