26-29 აგვისტოს, ჩერნოგორიის ქალაქ ბუდვაში გასამართ პლაჟის ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 2 მოჭიდავით გამოვა. მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა კურტანიძის დამწუნებელმა საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ, არჩევანი ბელდუხ გავაშელიშვილსა და ფედერაციის გენერალურ მდივან მალხაზ ჯორბენაძეზე შეაჩერა. ეს უკანასკნელი აქტიურ ჭიდაობას წლების წინ ჩამოსცილდა, მაგრამ ახლახან ახალ სახეობაში ძალის მოსინჯვა გადაწყვიტა და დასტურიც მიიღო.
გავაშელიშვილისა და ჯორბენაძის გარდა საქართველოს ჩერნოგორიაში აჭარის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე რაულ თავართქილაძე წარმოადგენს. იგი ბუდვაში ოფიციალურადაა მიწვეული. 2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს ბათუმმა უნდა უმასპინძლოს და თავართქილაძეს წლევანდელი პირველობის ჩამთავრების შემდეგ, ორგანიზატორები საპატიო დროშას გადააბარებენ.
სამკაციანი ქართული დელეგაცია ჩერნოგორიაში 25 აგვისტოს, ღამით, თბილისი – სტამბოლი – პოდგორიცას რეისით გაფრინდა, უკან კი 31 აგვისტოს დაბრუნდება.
პლაჟის ჭიდაობაში მედლები სამ ასაკობრივ ჯგუფში თამაშდება, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს შორის. ცნობისთვის, ამ სახეობაში წონითი კატეგორიები ორამდეა შემცირებული. ყველაზე უმცროს ასაკში გოგონები 55 და +55 კილოგრამებში იბრძოლებენ მედლებისთვის, ვაჟები – 60 და +60-ში, ახალგაზრდებს შორის ქალებისთვის 60 და +60 კილოგრამებია დაწესებული, მამაკაცებისთვის – 70 და +70. უფროსებში - 70, +70 და 85, +85.
ბელდუხ გავაშელიშვილი და მალხაზ ჯორბენაძე უფროსებში იჭიდავებენ, +85 კილოგრამში. ჩემპიონატში ორივე 28 აგვისტოს ჩაერთვება, ხოლო ფინალური ბრძოლები 29-ში გაიმართება.
შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ლუკა კურტანიძე გამოვიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. წლეულს შედეგის გასაუმჯობესებლად ემზადებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფედერაციამ ხარჯების ანაზღაურებაზე უარი განუცხადა, ბუდვაში გამგზავრება ჩაეშალა.
ოთარ მაღლაკელიძე







