ინტერვიუები

9:43 | 10.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამი ხედირა: “მოურინიომ სამ წუთში დამარწმუნა”

იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ჟოზე მოურინიომ მადრიდის “რეალში” მიიყვანა, ერთ-ერთი სამი ხედირაა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ გრანდს ზუა ხაზში შემსრულებლები არ აკლდა, მადიდელთა თავკაცმა ნახევარდაცვის ცენტრი, ხაბი ალონსოსთან ერთად, სწორედ გერმანიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელს ანდო და არც შემცდარა. ხედირამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და “რეალის” სტაბილურ თამაშში დიდი წვლილი შეაქვს. თუმცა, “სამეფო კლუბთან” შეგუებისთვის, მას გარკვეული დრო დასჭირდა, რაც ესპანურ გამოცემა AS-თან საუბარშიც აღნიშნა.  
- თავდაპირველად, გუნდთან შერწყმა რატომ გაგიჭირდათ?
- ენობრივი ბარიერის გამო. ამჟამად, მწვრთნელთან უპრობლემოდ ვურთიერთობ და ზუსტად ვიგებ, ჩემგან რას ითხოვს. ესპანურ ენას ნოვატორული მეთოდით ვსწავლობ და ყოველდღე რამდენიმე საათიანი პრაქტიკაც მაქვს. ვარჯიშის მერე, მთელი გუნდი  ვსაუზმობთ და ვსადილობთ. ერთად ბევრ დროს ვატარებთ და შედეგად, ადაპტაციის პროცესიც ჩქარდება. გარდა ამისა, ჩემზე ესპანურ ფეხბურთსა, რომელიც უფრო სწრაფია და გერმანულს შორის განსხვავებამაც იმოქმედა.
- მოურინიო თქვენგან რას ითხოვს?
- მთხოვს, რომ ხაბი ალონსოსთან ერთად, გუნდის ღერძი შევქმნა. ზუსტად, ჩემი ფუნქციის ახსნა რთულია. გუნდის ღერძი მყარი უნდა იყოს და როგორც შეტევის, ასევე თავდაცვის დროს, საჭიროა კომპაქტურად ვითამაშოთ, რათა მეტოქეს სივრცეები ნაკლებად დავუტოვოთ. კარგი დაცვა ტიტულებს იგებს.
- ხაბი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ოდნავ თქვენს უკან თამაშობს. პირიქით არ უნდა იყოს?
- მე და ხაბი ერთმანეთს საუცხოოდ ვავსებთ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია – ზუსტი პასი აქვს, “გიჟური” შორეული დარტყმა, ჭკვიანი და მებრძოლია.  მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი. როდესაც წინ სივრცე ჩნდება, ვიცი, რომ იქ უნდა ვიყო და ამიტომ, გავრბივარ. თავის მხრივ, ისიც ასე მოქმედებს. მოედანზე ურთიერთგაგება ყოველ დღე უმჯობესდება. ჩვენი მოძრაობები ავტომატური ხდება. თითოეულმა ვიცით, რა დროს როგორ უნდა ვიმოქმედოთ და სად უნდა ვიმყოფებოდეთ.  
- “რეალს” რომ თქვენი შეძენა სურდა, როგორ შეიტყვეთ?
- ჩემმა მენეჯერმა მაცნობა.
- ყველა ძალიან გააკვირვეთ, როდესაც ვალდიბაბესში, მოურინიოს ჯერ კიდევ “შტუტგარტის” ფეხბურთელის რანგში ესტუმრეთ. მასთან როგორ შეხვედით?
- ეს, საიდუმლოა!. საიდუმლო შესასვლელით (იცინის). შვებულებაში გასული ჯერ არ ვიყავი, რომ მოურინიოს ჩემთან ურთიერთობა, სატელეფონო შეტყობინებებით ჰქონდა. ძალიან დამაინტრიგა იმ ფაქტმა, რომ მას ჩემი ხილვა საკუთარ გუნდში სურდა.  
- საუბარი როგორი აღმოჩნდა?
- მცირეხნიანი შეხვედრა გვქონდა. მან სამ წუთში დამარწმუნა.
- ერთი ნახვით შეყვარება?
- ფაქტობრივად (იცინის). ის ძალიან დამაჯერებელი იყო.
- “რეალის” გასახდელი, ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ელოდით?
- “შტუტგარტისაზე” გაცილებით დიდი და მდიდრულია. მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. უფრო პროფესიული და სასიამოვნოა, სადაც კარგი ატმოსფეროა. იმ ფაქტმა, რომ თამაში ესპანეთის ზოგიერთ “ვარსკვლავთან” მომიწევდა, მაიძულა ფსიქოლოგიურად მოვმზადებულიყავი. როდესაც გუნდში მივედი, დიდი, მეგობრული ოჯახი დამხვდა.  
- ბავშვობიდან, თქვენი კერპი ვინ იყო?
- მხოლოდ ერთი ადამიანი – ზიდანი. ზიზუ უნიკალურია.  

- პირველად, მისი თამაში როდის ნახეთ?
- 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაშინ, 11 წლის ვიყავი. იმ პერიოდში, საფრანგეთს უდიდესი ნაკრების ჰყავდა. სწორედ მაშინ ვნახე ნამდვილი ზიდანი – ისეთი, როგორიც ყოველთვის იყო.   

- მადირიდის “რეალზე” თქვენი პირველი მოგონებები...
- 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლევერკუზენის “ბაიერიდან” იწყება. თუმცა, “რეალი” ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ფიგურირებდა, ისევე, როგორც სხვა ბიჭების. გერმანიაში მის შესახებ ყოველთვის საუბრობენ.  
- რას გრძნობდით, როდესაც მიხაელ ბალაკს გადარებდნენ?
- მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბალაკმა ტრავმა მიიღო. მას განსაკუთრებით არ გაუმართლა, რადგან კაპიტანი იყო. მსგავსი რამ, თითოეულ ჩვენთაგანს შეიძლება დაემართოს. თავის მხრივ, მსურდა, რომ მთელ მსოფლიოს ვენახე. ვიცოდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო. ბალაკის კოპირებას არ ვცდილობდი, მსურდა მხოლოდ რაღაც ამეღო, რომ ჩემი სტილი შემევსო.
 - გერმანია ბალაკს უნდა განშორებოდა, როგორც ესპანეთი - რაულს, რათა ნაბიჯი წინ გადაედგა?
- ეს სხვადასხვა შემთხვევებია. ბალაკი ტრავმირებული იყო. რაც შეეხება რაულს, მასთან დაკავშირებით ასე იმიტომ მოხდა, რომ ესპანეთის ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩნდნენ. ისე ჩანს, რომ ბალაკი აღარ დაგვიბრუნდება, რაც არასწორია, რადგან ის, კვლავ ჩვენს კაპიტნად რჩება. ზოგჯერ სპორტში ასეა –მოთამაშეს პრობლემები აქვს, მაგრამ შოუ გრძელდება.   
- რას ნიშნავდა გერმანიისთვის, რომ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი ახალგაზრდა და სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელებით სავსე წარსდგა?
- ყველაზე საუცხოოა, რომ ფეხბურთი ხალხს აერთიანებს. იმ მომენტში ჩვენთვის, გერმანიის ღირსების დაცვა საპასუხისმგებლო იყო, რადგან ვიცოდით, რომ მოედნის მიღმა, გუნდის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. მთელმა მსოფლიომ დაინახა სხვა გერმანია, არატიპური, არა ისეთი, როგორიც ყველას წარმოედგინა – სხვადასხვაფერი, ახალგაზრდა, ნიჭიერი ნაკრები, რომელიც ყველასთვის სამაგალითოა. ჩვენ ამის განცდა გვსიამოვნებდა.  
- პოლიტიკას თვალს ადევნებთ?
- რა თქმა უნდა. ეს აქტუალური თემაა, ასე არაა?. დაუვიწყარი გახდა მომენტი, როდესაც ფრაუ ანგელა მერკელი ჩვენთან გასახდელში მოვიდა და მესუტ იოზილს ხელი გაუწოდა. ამით ყველა აღფრთოვანებული ვიყავით.   

- მორწმუნე ხართ?
- დიახ. მე მაჰმადიანი ვარ.

- “რეალში” თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ – იოზილი, დიარა, ბენზემა. მატჩების წინ, რაიმე განსაკუთრებულ რიტუალს ხომ არ ასრულებთ?
- ეს, თითოეულის პირადი საქმეა. მატჩების წინ ჩვეულებრივ რიტუალს ვასრულებ და არა რაიმე განსაკუთრებულს.  
 - დედა გერმანელი გყავთ, ხოლო მამა  – ტუნისელი. მათ ერთმანეთი როგორ გაიცნეს?
- მამაჩემი სტუმრად ჩავიდა მეგობართან, რომელსაც გერმანელი ცოლი ჰყავდა. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო და იქ დარჩა. ის გერმანულად საერთოდ ვერ საუბრობდა.  
- მამა, იმ პერიოდის შესახებ, რას გიყვებოდათ?
- მას ძალიან უჭირდა. თუმცა, ის სირთულეების დაძლევის მაგალითია. მამა მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. იგი გახდა მაგალითი იმისა, თუ შეუძლებელი, შესაძლებელი როგორ უნდა გახდეს.
- მამათქვენი ფეხბურთს თამაშობდა?
- მეკარე იყო, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთი არ უთამაშია.

- საუკეთესო რჩევა, რაც მან მოგცათ...

- ის ყოველთვის მთხოვდა, რომ გულწრფელი ვყოფილიყავი და ჩემი ოცნებების რეალიზება მომეხდინა. მან დიდი როლი შეასრულა, რომ ყოველთვის მოტივირებული ვყოფილიყავი. შედეგად კი, გერმანიის ნაკრებსა და “რეალში” მოვხვდი.  
 
- 8 წლის ასაკში, როდესაც “შტუტგარტის” საფეხბურთო აკადემიაში აგიყვანეს, როგორც ახლა, თანატოლებთან შედარებით, უფრო მძიმედ გამოიყურებოდით?
- ასაკთან შედარებით, ყოველთვის უფრო დიდი შეხედულება მქონდა. ყველა ამბობდა, რომ სისწრაფესთან დაკავშირებით პრობლემები გამაჩნდა. ეჩვენებოდათ, რომ ყველაფერს შედარებით ნელა ვაკეთებდი, რადგან ფიზიკურად დიდი ვიყავი. შემდეგ, რამდენიმე ტესტი ჩაატარეს და გაირკვა, რომ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გახლდით.   

- წელს “ოქროს ბურთს” ვის მისცემდით?
- რთული სათქმელია. სნეიდერი, ხავი... არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ძალიან მაღალი კლასის არიან და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობდნენ. მსურს, რომ “ოქროს ბურთი” გერმანელმა მოიგოს.


მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171198