ჭიდაობა

22:01 | 24.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამივე სინჯის მედალი ქართველებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მშვენივრად დაიწყო. ორდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 50, 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა და ნუგზარ სხირელის გუნდის 4 წევრიდან 3 კვარცხლბეკზე ავიდა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დავით ხუციშვილმა (74 კგ) მსოფლიოს პირველობაც წაუგებლად ჩაამთავრა. საჩემპიონო გზაზე ხუციშვილმა კოსტარიკელი ჰერიბერტო სანდი კასტილიო, ჩინელი ლეი ვანგი, ირანელი რიზა აფზალიპაემამი, რუსი არსენ შალაევი და თურქი სონერ დემირტაში ჩამოიცილა.
ლაშა ტალახაძე (50 კგ) ჩემპიონატში მე-2 წრიდან ჩაერთო და ამერიკელი ნიკ რობერტსის ძლევით უმალ მეოთხედფინალში გავიდა, იქ მონღოლ ტუგს ბატიარგალს აჯობა, ნახევარფინალში კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მოლდოველი ანატოლი ბურიანი დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი მსუბუქწონოსანი რუს ზიკრულა დადაევთან ვეღარას გახდა და ერთი თვის წინათ მოპოვებულ ევროპულ ბრინჯაოს მსოფლიოს ვერცხლი მიამატა.
თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ) ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩატარებული ევროპირველობიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა, ბუდაპეშტში კი მე-3 საპრიზოზე გავიდა. ძირითად ბადეში კანადელ სკოტ ენტონი ჯოზეფ შილერთან და უკრაინელ სტანისლავ რეუცკისთან გამარჯვებების შემდეგ, მეოთხედფინალში, მომავალმა ჩემპიონმა, რუსმა გაჯი აბდულაევმა შეაჩერა. რეპეშაჟში გადართულმა ჯერ მონღოლ ხას-ერდენე ბიამბადორჟს აჯობა, შემდეგ კი, ჩინელი კატაი იერლანბიკი დაჩაგრა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
კვარცხლბეკს მიღმა მხოლოდ 96 კილოგრამში მოჭიდავე თორნიკე ხიდეშელი დარჩა, რომელიც ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მე-2 წრეში გამოეთიშა, ხოლო მას შემდეგ, რაც ფინალში ვერც მისმა მომგებმა – ირანელმა არფან მორადალი ამირმა გააღწია, ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), დავით ტლაშაძე (66 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) იჭიდავებენ.

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.094062