სტატიები

12:21 | 23.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამშობლოს ძიებაში

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთი თვალშისაცემი უცნაურობა, იმ მოთამაშეთა სიმრავლეა, რომლებმაც ერთხელ მაინც შეიცვალეს საფეხბურთო მოქალაქეობა. ქვემოთ რამდენიმე ასეთ ფეხბურთელზე მოგითხრობთ. ისინი ახალგაზრდულ დონეზე სხვა ქვეყნის ღირსებას იცავდნენ, მუნდიალზე კი, სულ სხვა მაისური აცვიათ და პუბლიკის დასანახად, ახალი სამშობლოს ეროვნულ ჰიმნს დიდი გულმოდგინებით აყოლებენ ხმას.

ჰასან იებდა (ალჟირი)

წარსული:
56 მატჩი საფრანგეთის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების შემადგენლობაში

იგი “ოსერის” განთქმული საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. იყო წამყვანი ნახევარმცველი საფრანგეთის U-16-დან U-19-მდე ნაკრებ გუნდებში და 2001-ში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის ოქროს მედალი მიიღო. თუმცა, მომავალში ჟან-ფრანსუა ჟოდარის გუნდიდან სამფეროვანთა ეროვნულ ნაკრებამდე არავის მიუღწევია. მეტიც, ყველანი დაიქსაქსნენ - ფატი სენეგალის ნაკრებში “მოეწყო”, ფაე - კოტ დივუარში, ბენ საადა - ტუნისში, მეგნი და იებდა - ალჟირში.


კარლ მეჯანი (ალჟირი)   

წარსული:
52 მატჩი საფრანგეთში

“სენტ-ეტიენის” აკადემიის აღზრდილი ჭაბუკობისას “ლივერპულში” აღმოჩნდა - ჟერარ ულიე, ნორჩი თანამემამულეებით არსენალელ კოლეგა ვენგერზე მეტად იყო გატაცებული. გულთან ყიყლიყოთი, კარლი ჭაბუკთა ევრო-2002-ის ვერცხლის მედალოსანი გახდა, ხოლო ორჯერ ფრანგი კაპიტნის რანგში მონაწილეობა ტულონის ახალგაზრდულ ფესტივალზეც მიიღო. ამის მიუხედავად, იგი წლეულს ალჟირში გადაბარგდა და ჯერ ამ ნაკრებში დებიუტი არ ჰქონია.


ჯამელ აბდუნი (ალჟირი)

წარსული:
25 მატჩი საფრანგეთში

  იმედისმომცემმა ნახევარმცველმა კარიერა “პსჟ”-ში დაიწყო, ხოლო 2007 წელს ნახევარი წელი “მანჩესტერ სიტიში” დაჰყო, სადაც ინგლისის თასზე ერთი მატჩიც ითამაშა. ამავე წლის ზაფხულში აბდუნიმ ფილიპ ბერჟეროოს თავკაცობით ტულონის ტურნირი მოიგო - იქ მან გერმანელებს გოლი გაუტანა. შარშან კი, სისხლის ყივილმა მასაც ისტორიულ სამშობლოში გადაბარგებისკენ უბიძგა - აბდუნიმ რაბახ საადანის მიწვევა მიიღო და აფრიკის თასზე ალჟირის ნაკრების ღირსება დაიცვა.  
  სხვათა შორის, საფრანგეთის ის “ოქროს ნაკრებიც” გაიფანტა: იუსუფ მულუმბუ კონგოში გადავიდა, ხოლო გუნდის მთავარი მეგოლე კევინ ჟამეირომ პორტუგალიის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.


ანტარ იაჰია (ალჟირი)

წარსული:
3 მატჩი საფრანგეთში

10 წლის წინათ, საფრანგეთის ჭაბუკთა (18-წლამდელები) ნაკრების მცველმა კონტრაქტი მილანის “ინტერთან” გააფორმა, მაგრამ “ნერაძურში” არცერთი ოფიციალური მატჩი არ უთამაშია. იტალიიდან ჯერ უმაღლეს ფრანგულ დივიზიონში დაბრუნდა, ახლა კი გერმანულ “ბოხუმში” ირიცხება. 2004-ში მოქალაქეობა შეიცვალა და ამჟამად ალჟირელთა მთავარი გუნდის კაპიტანია.


რაის მბოლი (ალჟირი)

წარსული:
7 მატჩი საფრანგეთისთვის

ძირძველი პარიზელი მშობლიურ ქალაქში ვერ დაფუძნდა და მარსელის “დასაპყრობად” გაემართა. საფრანგეთის ჭაბუკთა ნაკრებში ხშირად იწვევდნენ, მაგრამ თამაში იშვიათად უწევდა. ბოლო 5 წელი მან მოგზაურობაში გაატარა. აბა ჩაუფიქრდით: შოტლანდიის “ჰართსი”, ბერძნული “ეთნიკოსი” და მეორე ლიგის “პანეტოლიკოსი”, იაპონიის “რიუკიუ” (მესამე ლიგა!) და ბოლოს, კარიერის გარღვევა სოფიის “სლავიაში”. როგორ ფიქრობთ, რაისი ამას დასჯერდა? ამ ერთი თვის წინათ იგი ორდღიან კასტინგზე თვით “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდა. ყველაფერი ეს კი - 24 წლის ასაკისთვის.
კაცს ნამდვილად უნდა გაგკვირვებოდა, ასეთი ჭრელი ბიოგრაფიის ადამიანს რომ ერთხელ მაინც არ შეეცვალა საფეხბურთო მოქალაქეობა. მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, მბოლიმ ალჟირის ნაკრებში სადებიუტო მატჩი ირლანდიელებთან გამართა, ხოლო გასულ პარასკევს, ფაუზ შაუშის ტრავმის გამო ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ კარის “მშრალად” შენარჩუნება შეძლო.


ჰაბიბ ბელაიდი (ალჟირი)

წარსული:
51 მატჩი საფრანგეთისთვის

ათლეტური აღნაგობის ცენტრალური მცველი ფრანგების ღირსებას 7 წელი - 14-დან 21-მდე იცავდა. თუმცა, გერმანულ “აინტრახტში” ჩატარებულმა არცთუ შთამბეჭდავმა სეზონმა იგი ფრანგულ სამუნდიალო რეალიებს საკმაოდ დააშორა. დომენეკისაგან სტაბილურად იგნორირებულმა ჰაბიბმა, შესარჩევი ციკლის შედეგებიანი ბროშურა მოიმარჯვა და ტუნისსა და ალჟირს შორის, არჩევანი სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებაზე გააკეთა.


სებასტიან ბასონგი (კამერუნი)

წარსული:
2 მატჩი საფრანგეთში

პარიზში დაბადებულმა, 2007 წლის ზაფხულში 2-ჯერ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა, შარშან კი კამერუნელებისაგან შეთავაზება მიიღო. ბასონგმა არ იუკადრისა “მოუთვინიერებელთა” გაკადნიერება და მაროკოს წინააღმდეგ გამართულ საკვალიფიკაციო მატჩში, კიდევ ერთ ფრანგ ბენუა ასუ-ეკოტოსთან იდებიუტა.


მაქსიმ ჩუპო-მოტინგი (კამერუნი)

წარსული:
11 მატჩი გერმანიაში

გერმანიის 2007 წლის საუკეთესო ჭაბუკი ფეხბურთელის კამერუნში გადაბარგება, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მის ასაკში, ჰამბურგის მკვიდრი შიბერთან და სუკუტა-პასუსთან ერთად საუკეთესო გერმანელ ფორვარდად ითვლებოდა, თუმცა პოლ ლე გუენმა მუნდიალზე ახლავე თამაშის პერსპექტივით ისიც მოხიბლა. მაქსიმი იაპონელებთან (0:1) სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მწვრთნელმა მეორე ტაიმში შეცვალა. დანიელებთან (1:2) მატჩს კი, ექს-გერმანელმა სკამიდან უყურა.



ნევენ სუბოტიჩი (სერბეთი)

წარსული:
12 მატჩი აშშ-ში

ბუნდესლიგის ლამის ყველაზე პერსპექტიული სტოპერი ბოსნიურ ბანია-ლუკაში დაიბადა, მაგრამ 5 წლისა ოჯახს გერმანიაში გაჰყვა, 10 წლისა კი უკვე აშშ-ში. შტატების ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში სუბოტიჩი პერუს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა, 20-წლამდელების სამუნდიალე განაცხადში კი ვერ მოხვდა. იმ მომენტისთვის “მაინცის” მცველი, განაწყენდა ამერიკელთა ნაკრების თავკაცის ტომას რონგენის კრიტიკაზე და დაიწყო იმ ქვეყნების წინადადებათა შესწავლა, რომლებსაც მისი გადაბირება სურდათ. გერმანულ, ბოსნიურ და სერბულ ვარიანტებს შორის სუბოტიჩმა რადომირ ანტიჩის გუნდში თამაში არჩია. როგორც ამბობენ, ამ უკანასკნელმა ნევენის გულის მონადირება იმითაც შეძლო, რომ იგი ახალგაზრდა ფერნანდო იეროს შეადარა.


კევინ-პრინს ბოატენგი (განა)

წარსული:
41 მატჩი გერმანიაში

ბერლინელი ბოატენგი, წარსულში ცნობილი გერმანელი ფორვარდის ჰელმუტ რანის შვილიშვილია. მან, როგორც გერმანიის ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა, ფრიც ვალტერის სახელობის თასი მიიღო. იმავე წელს უარი თქვა განის შეთავაზებაზე, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ამ ქვეყნის ნაკრებში ეთამაშა. ინგლისში თამაშისას იოახიმ ლიოვის თვალთახედვიდან დაიკარგა და საბოლოოდ მაინც “შავ ვარსკვლავობას” დათანხმდა.


უინსტონ რიდი (ახალი ზელანდია)

წარსული:
15 მატჩი დანიაში

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა - ახალზელანდიელთა პირველი გოლის ავტორი და მეორე გოლის თანაავტორი, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში დანიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და ჟურნალისტებთან საუბარში ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილი გამოთქვა. ამ განცხადებიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ რიდმა მუნდიალზე იმ ქვეყნის ნაკრებში თამაში ამჯობინა, საიდანაც მისი ოჯახი 11 წლის წინათ წამოვიდა. ზელანდიელთა ბედნიერი თავკაცი რიკი ჰერბერტი კარგა ხანს არ იჯერებდა ამ ამბავს, ხოლო უინსტონი დანიის ნაკრებში “მიტოვებულ” მის საუკეთესო მეგობარ სიმონ კიაერს ამშვიდებდა: “ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე წყვილში თამაშზე ვოცნებობდით, მაგრამ ცხოვრება ასეთი მოულოდნელობებითაა სავსე”.

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.069917