სტატიები

14:02 | 22.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

სამშობლოზე შეყვარებული საფეხბურთო დიდოსტატი და რაინდი

25 ნოემბერს 58 წელი შესრულდება უნგრელთა მიერ ლონდონის ”უემბლიზე” ინგლისელთა სენსაციური დამარცხების (შეხვედრა 6:3 დასრულდა) დღიდან. მადიართა ტრიუმფული გამარჯვების უმთავრესი შემოქმედი ფერენც პუშკაში ყოველ 25 ნოემბერს ამაღლებულ ხასიათზე ხვდებოდა. საფეხბურთო ლეგენდა ინგლისელთა საარაკო ძლევის მორიგ თარიღს თანანაკრებელებთან აღნიშნავდა ხოლმე. სამწუხაროდ, ბოლო წლებია ასე არ ხდება – ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ზუსტად 5 წლის წინ აღესრულა...
...1956 წლის ოქტომბერში, როდესაც ”ჰონვედი” ევროპაში ატარებდა შეხვედრებს, უნგრეთში სახალხო აჯანყებამ იფეთქა, რომელიც საბჭოთა ტანკებით ჩაახშეს. ამის შემხედვარე არაერთმა უნგრელმა ოსტატმა, მათ შორის პუშკაშმაც, სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ასე დასრულდა გასული საუკუნის 50-იანი წლების უნგრეთის “დიდი გუნდის” ისტორია.
ფერენცს კარიერის იტალიაში გაგრძელება სურდა, მაგრამ აპენინური კლუბების წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ იგი უკვე ასაკოვანი იყო და უარი უთხრეს. ამან ფეხბურთელზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უარყოფითად იმოქმედა. 1957 წელს, პუშკაშს მადრიდის ”რეალის” მესვეურები დაუკავშირდნენ. მალე კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტიც გაფორმდა, თუმცა სოციალისტური უნგრეთი საბჭოთა კავშირის დახმარებით ყველაფერს აკეთებდა, რათა ფერენცი ჩამოშორებოდა ფეხბურთს. საბოლოოდ, კომუნიზმის მშენებარეთა ბანაკმა ნაწილობრივ მაინც მიაღწია მიზანს: ფერენცს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამ ხნის განმავლობაში წონაში 20კგ-ით მომატებულ ფორვარდს პრაქტიკულად არ უთამაშია. მიუხედავად მოვლენების ამგვარად განვითარებისა, “რეალის” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს ფორმის აღდგენისათვის კიდევ ნახევარი წელი მისცა. რა თქმა უნდა, ფეხბურთის ბევრ ქომაგსა და მიმომხილველს ეჭვი ეპარებოდა, რომ უნგრელი ვარსკვლავი საერთოდ შეძლებდა “სამეფო კლუბის” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას, რადგან იმხანად თვით ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი, დიდიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
საბოლოოდ პუშკაში მოედანზე ორნახევარი წლის შემდეგ დაბრუნდა და “რეალის” მაისურით პირველივე სეზონში გამართულ 24 მატჩში, 21 გოლი გაიტანა. მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა 1960 წელი, როდესაც დიდმა უნგრელმა ესპანეთის ჩემპიონატის 24 მატჩში, 26 გოლის გატანა მოახერხა. გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ხოლო ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში მან გერმანელებს “სამაგიეროც” გადაუხადა, როდესაც ჩემპიონთა თასის ფინალში “აინტრახტს” 4 გოლი გაუტანა. იმავე წელს, მადრიდულ გრანდთან ერთად, საკონტინენტთაშორისო თასსაც დაეუფლა. სულ მალე, პუშკაშმა ფრანსისკო დაირქვა, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურიც მოირგო. ყველაზე დამაინტრიგებელი კი, ის გახლდათ, რომ სწორედ მაშინ ესპანეთის ნაკრებს მოსკოვში, საბჭოელებთან ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი უნდა ეთამაშათ. უნგრელის დებიუტი არ შედგა. ამბობენ, რომ გენერალისიმუს ფრანკოს, რომელსაც ძალიან უყვარდა ფეხბურთი, გუნდის იმჟამინდელი მწვრთნელის, ელენიო ერერასაგან გამარჯვების 100-პროცენტიანი გარანტია მოითხოვა. “კატენაჩოს” ფუძემდებელს კი, დიქტატორისთვის ამგვარი პირობა ვერ მიუცია. წაგების შიშით ფრანკომ ესპანეთის ნაკრებს მოსკოვში გამგზავრების უფლება არ მისცა (შემდგომში, საბჭოთა კავშირის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა). ამის გამო, ფერენც-ფრანცისკომ პირველად ესპანეთის ნაკრების მაისურით 1961 წლის 12 ნოემბერს მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში, მაროკოელებთან ითამაშა. უკვე 1962 წელს ის ჩილეში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავდა. ამ ფაქტის გამო, უნგრეთი და საერთოდ, მთელი სოციალისტური ბანაკი გაოგნებული იყო.
ფერენც პუშკაში ჭეშმარიტი ლიდერი იყო, რომელიც თანაგუნდელებს წინ მიუძღოდა და ნებისმიერი სირთულის მიზნის დასაძლევად გზას უკვალავდა. მას პრაქტიკულად ნებისმიერი ეპიზოდი ლოგიკურ დასასრულამდე ანუ გოლამდე ინდივიდუალურად შეეძლო მიეყვანა, მაგრამ თუკი რომელიმე პარტნიორს უკეთეს პოზიციაზე მყოფს დალანდავდა, პასსაც არ დაახანებდა. ფერენცი ყოველთვის შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობდა მწვრთნელთა შორის, არცთუ დამყოლი ხასიათითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მის არცერთ პარტნიორს არასდროს პუშკაშის მისამართით აუგი არ დასცდენია. მოგეხსენებათ, გოლეადორები დიდწილად ეგოისტური ხასიათით გამოირჩევიან, მაგრამ ერთი მაგალითის მოყვანაც სრულიად საკმარისია უნგრელი ფორვარდის ამგვარი თვისებით “დაავადების” ეჭვის გასაქარწყლებლად. მადრიდის “რეალის” სადებიუტო სეზონის ბოლო ტურის წინ ფერენც პუშკაში და ალფრედო დი სტეფანო პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირის (“პიჩიჩის”) ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ორივეს თანაბარი რაოდენობის გოლი ჰქონდა ჩაწერილი პირად ანგარიშზე. და აი, პირენელთა პირველობის დასკვნითი მატჩის მიწურულს ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა მადიარმა გოლეადორმა მიიღო. როგორ გგონიათ, რა გაგრძელება აირჩია პუშკაშმა? მან ვარსკვლავთათვის დამახასიათებელი პაუზა “დაიჭირა” და... არგენტინელ თანაგუნდელს პასი მიაწოდა. ანალოგიური კეთილშობილური საქციელი ჩაიდინა ფერენცმა 1960 წლის ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგაც. პუშკაშმა გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” ჩატარებული მატჩის საუკეთესო მონაწილისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი საკუთარი ხელით ორი გოლის ავტორ აინტრახტელ ერვინ სტინს გადასცა, არადა, გადამწყვეტი ასპარეზობა “რეალმა” 7:3 მოიგო, მადიარმა კი თავი ოთხჯერ გამოიჩინა.
1981 წელს, სამშობლოსთან განშორებიდან 25 წლის შემდეგ, ფერენცი პირველად ოფიციალურად მიიწვიეს უნგრეთში. ბუდაპეშტის “ნეპშტადიონზე” დაახლოებით 100 ათასი მაყურებელი შეიკრიბა, რათა 54 წლის პუშკაშის თამაში ცოცხლად ეხილა. უფორმო, ღიპიანი ყოფილი ფეხბურთელის ყოველი მოძრაობა მაინც მეტყველებდა იმაზე, რომ იგი დიდწილად მინავლებული, მაგრამ მაინც მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო. სტაჟიან უნგრელ ქომაგებს თვალზე ცრემლი მოადგათ, ახალგაზრდებს სუნთქვა შეეკრათ... მოგვიანებით ფერენცს უნგრეთის მოქალაქეობაც აღუდგინეს და სამხედრო რიგითის წოდებაც დაუბრუნეს, ხოლო სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ, 1992 წელს პოლკოვნიკის წოდებაც უბოძეს. 2002 წელს ბუდაპეშტის მთავარ არენას “ნეპშტადიონს” ფერენც პუშკაშის სახელი უწოდეს...
2009 წლის ოქტომბერში ფიფა-მ წლის “ყველაზე ლამაზი გოლის” ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი დააწესა. პირველი ლაურეატი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელსაც საპატიო ჯილდო პუშკაშის ქვრივმა გადასცა. მალე ამ პრიზის ახალი მეპატრონის ვინაობას შევიტყობთ.

გოჩა კაჭარავა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085195