ინტერვიუები

11:04 | 12.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიას" პრეზიდენტად სოსო ჯაში დაუნიშნეს

ინფორმაცია, რომელიც ერთი კვირის წინ, “მსოფლიო სპორტმა” გაავრცელა, ოფიციალურად დადასტურდა. გუშინ, საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” პრეზიდენტი, ზაზა ადეიშვილი თანამდებობიდან გადადგა, მისი პოსტი კი, სოსო ჯაშმა დაიკავა. ამ უკანასკნელთან, ინტერვიუ მანამდეც შემოგთავაზეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც მის სამომავლო ფუნქციებში თავადაც გაერკვა, ჯაშს ისევ ტელეფონით დავუკავშირდით და კლუბის უახლოეს გეგმებზე ვესაუბრეთ.
- ბატონო სოსო, თუ დადგინდა, საბოლოოდ, ვინ იქნება კლუბის სპონსორი?
- ჩემი საკითხი უკვე გადაწყვეტილია. სპონსორს და დაფინანსებას რაც შეეხება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დავჯდებით სპეციალურ შეხვედრაზე და ყველაფერი დაკონკრეტდება.
- ადგილობრივ ხელისუფლებასთან კრება რა საჭიროა, კლუბს კერძო მეპატრონე არ ეყოლება?
- ამ კრებაზე გაირკვევა, ადგილობრივი ხელისუფლება რა დახმარებას გაგვიწევს, აქეთ, ჩვენ უნდა მოვიძიოთ თანხები - ხომ არიან სამტრედიიდან წასული ბიზნესმენები, ზოგი მოსკოვშია, ზოგი უკრაინაში. ვიღაცეები შეგვპირდნენ რაღაც თანხებს, თბილისშიც არიან ასეთები და ისე გვაქვს დაგეგმილი - ამ ჩემპიონატს როგორღაც ჩავამთავრებთ.
- ე.ი. კლუბი ისევ მუნიციპალურ საკუთრებაში რჩება.
- სამართლებრივ ფორმაზე შეთანხმება აუცილებლად მოხდება. ჩვენ ადგილობრივი ხელმძღვანელობის დიდი იმედი გვაქვს. ისინი გვეუბნებიან, რომ თხოვენ გარკვეულ პირებს, რაღაცით დაგვეხმარონ - ზოგმა შეიძლება კვების პრობლემა მოგვიხსნას, ზოგმა სავარჯიშო მინდვრის გასასწორებლად “კატოკი” გვათხოვოს, ზოგი ბალახის გაპარსვაში დაგვეხმაროს.
- ე.ი. ძველი დრო ბრუნდება – "ზემოდან დავალებები"?
- მასეც არ შეიძლება თქმა, მაგრამ გუნდს რომ დახმარება სჭირდება, ამას ლაპარაკი რად უნდა. დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემპიონატს ნაღდად დავამთავრებთ - პატარა თუ დიდი ფეხბურთელებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
- “სამტრედია” არ ფიგურირებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, ზვიად სიჭინავას მხარდამჭერთა ჩამონათვალში. მისი კანდიდატურის წარდგენას აპირებთ, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებივით “თავს შეიკავებთ”?
- რომ იტყვიან, 5 წუთის მოსული ვარ კლუბში და თუ მოვასწრებთ, აუცილებლად გავაგზავნით ასეთ წარდგენას.

 

 ფრიდონ კერვალიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090638