საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის გადადებული მეოთხე ტურის მატჩი შედგა სამტრედიაში. ერთმანეთს “სამტრედია” და ცხინვალის “სპარტაკი” დაუპირისპირდნენ. სამტრედიელებმა წინა ტურში სტუმრად “ზესტაფონი” დაამარცხეს და ამაღლებული განწყობით და მოტივაციით დახვდნენ სტუმრებს.
სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ ტრიბუნები ბოლომდე გაივსო და ერთგული გულშემატკივარი მხურვალედ უჭერდა მხარს საკუთარ გუნდს.
მასპინძელთა რიგებში არ თამაშობდა “ზესტაფონთან” გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლის ავტორი დათუნაიშვილი, აღნიშნულ შეხვედრაში მიღებული დისკვალიფიკაციის გამო. ამას, მატჩის საწყის წუთებშივე თომაშვილის ტრავმა დაემატა, რომელიც იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ თომაშვილი შესაცვლელი გახდა - მე-10 წუთზე მის ნაცვლად დვალიშვილი შეიყვანა მოედანზე სანაიამ.
რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, საწყისი წუთებიდანვე აშკარა იყო “სამტრედიის” უპირატესობა და მელქაძეს ცოტა რომ გამართლებოდა, თანაგუნდელების ლამაზ კომბინაციას გოლით დააგვირგვინებდა, თუმცა მეკარემ ითამაშა გამოსვლაზე კარგად.
სწრაფი გოლი მაინც გაიტანა “სამტრედიამ”, მატჩის მე-12 წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ბეჭვაიას მიუვიდა ბურთი, მისი დარტყმული კი მეკარე ნადირაძისთვის აუღებელი აღმოჩნდა.
29-ე წუთზე კვირკველიას სახიფათო ჩაწოდებას თანაგუნდელები ვერ გამოეხმაურნენ. მთელი თამაშის განმავლობაში კვირკველია და ბეჭვაია ფლანგიდან კარგი ჩაწოდებებით ცდილობდნენ სიტუაციის გამწვავებას და კარგადაც გამოსდიოდათ.
“სპარტაკი” მეორე ნომრად თამაშობდა და უფრო კონტრიერიშებზე იყო გადართული, პირველი ტაიმის განმავლობაში მათ ორი მომენტი შეექმნათ, პირველ შემთხვევაში თუ შინდაგორიძის მიერ შორეული დარტყმა აისხლიტა ძელმა, მეორე ეპიზოდში კარგად გამოიყენეს სტანდარტი სტუმრებმა, ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე, “სამტრედიის” საჯარიმოს მისადგომებიდან ჯარიმა ბურძენაძემ შეასრულა, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს პირველი კაჭკაჭიშვილი გამოეხმაურა და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
სულ 4 წუთის დაწყებული იყო მეორე ტაიმი, როცა “სპარტაკმა” მეტოქე გუნდის კარის ბადე შეარხია, თუმცა მთავარმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
54 –ე წუთზე “სპარტაკის” კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე დავით კვირკველიამ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა 2:1.
გაშვებული მეორე გოლის შემდეგ “სპარტაკი” თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ სტუმრებს არც კომბინაციები გამოსდიოდათ და არც ძალები ეყოთ ამისთვის. “სამტრედია” კი ანგარიშის შენარჩუნებაზე არ წავიდა, პირიქით უფრო მწვავე გახდა მათი შეტევები და მესამე გოლიც გაიტანეს. Fფლანგიდან გუნდის კაპიტანმა ბაკურაძემ მეტოქეს საჯარიმოში მყოფი გიორგი გაბედავას მისამართის კარგი გადაცემა გააკეთა, მეკარე ნადირაძე უფრო ახლოს აღმოჩნდა ბურთთან და თითქოს დაეუფლა კიდეც, მაგრამ ბურთი ხელიდან გაუვარდა, გაბედავამ კი მკაცრად დასაჯა მეტოქე – 3:1.
თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე “სამტრედიას” მეოთხე გოლის გატანაც შეეძლო, გეწაძის კარგი გადაცემით ბეჭვაიამ ისარგებლა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საბოლოოდ, “სამტრედიამ” 3:1 გაიმარჯვა და სასურველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
გელა სანაია: “სამი ქულა გვქონდა დაგეგმილი, გუნდმა კარგად ითამაშა და შედეგიც სახეზეა. მართალია პირველ ტაიმში გაგვითანაბრეს, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს და სასურველი შედეგიც მოვიპოვეთ ღირსეულად.”
კახი კაჭარავა: ”პირველი 15 წუთი ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში, შემდეგ შედარებით გამოვასწორეთ, მეორე ტაიმში გოლი გავიტანეთ რაც მსაჯმა არ ჩაგვითვალა, აქიდან ჩანდა რომ გოლი იყო. შეცდომებიც დავუშვით და მეტოქემ არ გვაპატია. “სამტრედიას” წარმატებებს ვუსურვებ.”
სამტრედია. 16 სექტემბერი. ე. მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი.
სამტრედია – სპარტაკი (ცხინვალი) 3:1 (1:1)
სამტრედია: ბეგაშვილი, ბაკურაძე, თომაშვილი (დვალიშვილი 10), კაკუბავა, კვირკველია, ქებაძე, მელქაძე, ბეჭვაია (პავლიაშვილი 85), გეწაძე, გორგიაშვილი, გაბედავა (კიკაბიძე 89).
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია
სპარტაკი: ნადირაძე, ბურძენაძე, ცერცვაძე (მუმლაძე 46), შინდაგორიძე (მაქაცარია 90), ივანიშვილი, თექთურმანიძე (ლექვთაძე 85), ჭაფოძე, იოსელიანი, კაჭკაჭიშვილი, მაიშაშვილი, მახარობლიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
გოლები: 1:0 ბეჭვაია (12), 1:1 კაჭკაჭიშვილი (45), 2:1 კვირკველია (54), 3:1 გაბედავა (65)
გაფრთხილება: თექთურმანიძე (29), გორგიაშვილი (40), ივანიშვილი (67).
მთავარი მსაჯი: ოთარ ხეცაძე
| 1 | დინამო თბ. | 5 | 4 | 0 | 1 | 12:5 | 12 |
| 2 | სამტრედია | 5 | 3 | 1 | 1 | 7:5 | 10 |
| 3 | დინამო ბთ. | 5 | 3 | 0 | 2 | 6:5 | 9 |
| 4 | მეტალურგი | 4 | 2 | 2 | 0 | 5:1 | 8 |
| 5 | ტორპედო | 5 | 2 | 2 | 1 | 5:3 | 8 |
| 6 | დილა | 4 | 2 | 1 | 1 | 4:1 | 7 |
| 7 | სპარტაკი | 5 | 2 | 1 | 2 | 3:5 | 7 |
| 8 | ზესტაფონი | 5 | 2 | 0 | 3 | 12:7 | 6 |
| 9 | ვიტ ჯორჯია | 5 | 2 | 0 | 3 | 4:3 | 6 |
| 10 | შუქურა | 5 | 1 | 3 | 1 | 4:9 | 6 |
| 11 | სიონი | 5 | 1 | 2 | 2 | 5:7 | 5 |
| 12 | ჩიხურა | 4 | 1 | 1 | 2 | 3:4 | 4 |
| 13 | მერანი | 5 | 1 | 1 | 3 | 4:7 | 4 |
| 14 | კოლხეთი | 4 | 1 | 1 | 2 | 2:5 | 4 |
| 15 | ზუგდიდი | 4 | 0 | 3 | 1 | 2:3 | 3 |
| 16 | გურია | 4 | 0 | 2 | 2 | 0:8 | 2 |
3 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი)
2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), საბა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი მოდებაძე (დილა), ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
ედემი ელერჯია







