ტიტულების სიმრავლის მიუხედავად სამუელ ეტოოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჯერ არ მოუგია. 1998 წელს, როდესაც მადრიდის “რეალში” ირიცხებოდა, ესპანელებმა საკონტინეტთაშორისო თასი მოიპივეს, მაგრამ მაშინ კამერუნელი ფეხბურთელი გუნდის შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. ამჟამად, რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა და ეტოო “ინტერის” ლიდერია, ხოლო გუნდთან ერთად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიოს საკლუბო პირველობაზე გამარჯვების რეალური შანსი აქვს. აღნიშნულ ტურნირში მილანელები ნახევარფინალიდან ჩაერთვნენ, რომელშიც დღეს თამაში სამხრეთ კორეის “სეონგნამთან” მოუწევთ. ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ეტოომ განაცხადა, რომ ტურნირში გამარჯვებით “ინტერთან” ერთად ისტორიაში შესვლის შანსი აქვს.
- ალბათ, მოუთმენლად ელით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშს?
- ამ ტურნირის შესახებ მას შემდეგ ვფიქრობთ, რაც მადრიდში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ფსიქოლოგიური ზეწოლა იგრძნობა, მაგრამ ეს კარგიცაა. ის ყოველთვის არსებობს, როდესაც ელიტურ ტურნირებში თამაშობ. უბრალოდ, უნდა იცოდე ზეწოლას როგორ გაუმკლავდე. ახლა ჩვენს რიგებში ყველაფერი საუცხოოდაა–კარგად ვვარჯიშობთ, პირობებს ვეგუებით, მინდორზე გასასვლელად ვემზადებით.
- 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის შემდეგ, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ეს თქვენთვის უკვე მეორე მსოფლიო ჩემპიონატია...
- ეს საუცხოო ტურნირია. როდესაც კლუბთან ან ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობ, ისტორიაში შესვლის შანსი გეძლევა. ახლა, ამის გაკეთება “ინტერში” ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შემიძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორიის ახალი ფურცელი ოქროს კალმით ჩავწეროთ. ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ, რომ ამ ასპარეზობის ბოლოს არაფერზე ვინანოთ.
- “ინტერმა” საკონტინენტთაშორისო თასი 1964 და 1965 წლებში მოიგო. თქვენი კლუბისთვის მესამე ანალოგიური გამარჯვება რას ნიშნავს?
- ჩვენთვის ეს მთავარი მიზანია. ჩვენ კლუბს დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ბევრი ვერცხლის მედალი მოიგო. ამიტომ, ბევრი ჯილდო უნდა მოვიპოვოთ, რათა მათი რაოდენობა კლუბის სახელის შესაბამისი იყოს. “ინტერს” საკუთარი ისტორიის გადაწერის შანსი აქვს, რათა ის კიდევ უფრო დიადი გახადოს.
- “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგეთ, მაგრამ კლუბების მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ერთხელაც არ მოგიწიათ -2006 წელს ტრავმა გქონდათ, ხოლო 2009 წელს სხვა კლუბში გადახვედით. ტურნირში შესაძლო გამარჯვება, თქვენთვის რაღაც განსაკუთრებულია?
- 1998 წელს საკონტინენტთაშორისო თასი მადრიდის “რეალთან” ერთად მოვიგე და მაშინ, 17 წლის ვიყავი. სამწუხაროდ, “ბარსას” წარმატებებში მონაწილეობა ვერ მივიღე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ახლა რაღაც განსაკუთრებული უნდა გავაკეთო, რათა საკუთარი სახელი ისტორიაში ჩავწერო და პირადი რეკორდი დავამყარო. ახლა ვიცი, რომ “ინტერთან” ერთად გამარჯვების შანსი მაქვს. ბევრს ვმუშაობდი, რათა ჩემი საუკეთესო ფეხბურთი მეჩვენებინა. იმედი მაქვს, რომ პარტნიორებს იმის გაკეთებაში დავეხმარები, რაზეც ვოცნებობ.
- ტურნირის ნახევარფინალში სამხრეთ კორეის “სეონგნამს” შეხვდებით. როგორ ემზადებით მომავალ მეტოქესთან სათამაშოდ?
- ჩვენთვის ადვილი არ იქნება, რადგან ფავორიტებად გვთვლიან. ჩვენ მათ ძლიერ მხარეებს და იმ ფაქტს ვაფასებთ, რომ ნახევარფინალში მოხვდნენ. თუმცა, კონცენტრირებას უპირველესად საკუთარ თამაშზე გავაკეთებთ. თუ ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ, ძალიან ძნელი იქნება, რომ დაგვამარცხონ.
- როგორც აფრიკელი, ანგოლის “მაზემბეს” თვალყურს ადევნებდით ?
- ამ გუნდის თამაშს პარტნიორებთან ერთად ვუყურე, როდესაც აბუ-დაბიში ჩამოვფრინდით. მათი გამარჯვებით აღტაცებული ვიყავი და მინდა მივულოცო. მსურს, რომ “მაზემბე” ფინალში გავიდეს. თუმცა, იქ თუ ჩვენ შეგხვდება, მაინც მთელი ძალით ვითამაშებ, ისევე როგორც ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ.
- როგორ ფიქრობთ, ეს ტურნირი თქვენთვის შანსია, რომ თქვენზე და “ინტერზე” ზეწოლა შეამსუბუქოთ, რომელიც სერია A-ში წარუმატებელი თამაშის, თქვენი დისკვალიფიკაციისა და ჩემპიონთა ლიგაში მარცხის გამო არსებობს?
- ამის შესახებ არ ვფიქრობთ. ჩვენს მიერ ნაჩვენებ შედეგებსა და ჩემს დისკვალიფიკაციას მშვიდად ვუყურებთ. სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია იმიტომ მივიღე, რომ სადისციპლინო კოდექსი დავარღვიე. მსგავსი რამ ხდება და ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება. თამაშში პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს ტრავმები აწუხებთ.
- გასულ სეზონში “ინტერი” დაუმარცხებელი ჩანდა. მიმდინარე სეზონის წარუმატებლობები თუ გაიძულებთ, რომ თვითანალიზით უფრო მეტად დაკავდეთ?
- არასოდეს გვიფიქრია, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ. სეზონის სტარტზე კარგად გვესმოდა, რომ უნდა დავიცვათ ის, რაც გასულ სეზონში მოვიპოვეთ, რაც არცთუ ადვილია. ამაში ტრავმები აშკარად არ დაგვეხმარა. ამჟამად, სერია А-ს ლიდერს 10 ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ მთელი ტურნირი ფაქტობრივად წინაა. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს წინა სეზონი, როდესაც დამაჯერებლად ვლიდერობდით, მაგრამ ჩემპიონობა ბოლო კვირეებში გავიფორმეთ. ჩემპიონთა ლიგაში მიზნად ჯგუფიდან გასვლა გვქონდა, რასაც მივაღწიეთ. ახლა, ტურნირები სხვა სტადიაში გადადის და ფოკუსირება ფლეი-ოფის მატჩებზე უნდა მოვახდინოთ. ჩვენგან ბევრს ელიან და ვიცით, რომ ამის მიღწევა შეგვიძლია.
- ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეთ. ახლა კენჭისყრა ხომ არ გაშინებთ?
- ნებისმიერ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არავის არ უნდა გვეშინოდეს. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჯგუფის გამარჯვებული ჩვენთან შეხვედრაზე ოცნებობს. ჩვენი გამოცდილება ჩვენი უპირატესობაა. გასულ წელს ფავორიტები არ ვიყავით, მაგრამ საუცხოო გუნდები დავამარცხეთ, რადგან საჭირო მომენტში ჩვენს საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებდით. ასეთივე გუნდური სულისკვეთება უნდა გვქონდეს მომავალ მატჩებში. ხალხი ამბობს, რომ მარცხით ბევრი რამის სწავლა შეიძლება. თუმცა, ჩვენ გაკვეთილებს გამარჯვებებისგანაც ვიღებთ.
- მალე “ოქროს ბურთის” მფლობელს დაასახელებენ და მასზე პრეტენზიას “ბარსაში” თქვენი ყოფილი სამი პარტნიორი –ხავი, ინიესტა და მესი აცხადებს. რომელი გაიმარჯვებს?
- მათი შედარება წარმოუდგენლად ძნელია. ამ ბიჭებისგან რომელიმეს ამორჩევა უბრალოდ შეუძლებელია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დაუშვათ და ერთბაშად სამი “ოქროს ბურთი” მივანიჭოთ –ხავის, ინიესტას და მესის.
- შვიდი წლის შემდეგ, რაც აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი პირველად გახდით, ამ ნომინაციაზე წინა სეზონების მსგავსად კვლავ წარგადგინეს. ხელს სათამაშო კლასის შეინარჩუნებაში რა გიწყობთ?
- მე მუდმივად ვმუშაობ და ვცდილობ, ყოველთვის მაქსიმალურად დავიხარჯო. თუ ახლა გავიმარჯვებ, მაშინ, ეს ჯილდო ერთბაშად წინა სამი გამარჯვების ტოლფასი იქნება. ახლა, კარიერის ფინიშს ვუახლოვდები და თითოეული ახალი გამარჯვება კიდევ უფრო ფასეული ხდება. ასაკი მემატება, მაგრამ მაქსიმალურად მუშაობას ვაგრძელებ, რათა მწვერვალიდან არ ჩამოვვარდე. ვერ გეტყვით, მომავალში ჯილდოების მოპოვებას შევძლებ თუ არა.
- “ინტერში” საუცხოო სეზონი ჩაატარეთ, მაგრამ კამერუნთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიბრწყინეთ...
- არ უნდა “ჩავიციკლოთ” წარუმატებლობაზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში განვიცადეთ. ის პრობლემები მომავალში პროგრესირებაში უნდა დაგვეხმაროს. ვთვლი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს წელიწადი პოზიტიური იყო.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







