გულშემატკივრის სვეტი

11:01 | 21.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

სამუელ ეტო’ო – ”ზვარაკი” ნებაყოფლობით

სამუელ ეტო’ო რომ დიდი კაცია და ბევრი საგმირო საქმე ჩაუდენია, ამას მტკიცება არ უნდა. არც იმას უნდა მტკიცება, ეტო’ოს დარი ფორვარდები მსოფლიო ფეხბურთს რომ ამშვენებენ და თუნდაც ყოველივეს მსახვრელი ასაკი შემოეპაროთ, ბევრ ახალგაზრდას მაინც არასოდეს ჩამოუვარდებიან... ფეხბურთის რიგითი ქომაგისათვის სწორედ ამიტომაცაა გულსატკენი სამუელის დარი ხალხის ისეთ გუნდებში წასვლა, როგორიც მახაჩყალის ”ანჟია”. გუნდი, რომელიც რამდენიმე წელია, დოლარებს ხელუკუღმა ისვრის, მაგრამ ყოველთვის პროვინციული ქალაქის უსახური გუნდი იყო, სადაც მოთამაშე რობერტო კარლოსი მხოლოდ გარეგნულად თუ ჰგავს თავის თავს. წელიწადში 20 მილიონი ევრო, დიახაც, რომ ძალიან დიდი ფულია და ამ თანხად რამდენიმე მილიონი კიკუ გაიხდის, მაგრამ არ მემეტება ეს ეტო’ო ”კიკუობისათვის” და მომკალით... შავტუხა კამერუნელი ჯერ არც ისეთი ბებერია, რომ ”ორი კაპიკის” საშოვნელად სამყაროს დასალიერში წავიდეს და ასე მარტივად გადაუსვას ხაზი თუნდაც იმას, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ, ის და მისი სიხარულისგან გადარეული ”ინტერელი” თანაგუნდელები ევროპის საუკეთესო თასს დაარბენინებდნენ წინ და უკან...
საბოლოოდ, მაინც ისმება კითხვა: რას ვერჩით მახაჩყალის ”ანჟის”, რომლის ხელმძღვანელებიც გუნდის გაძლიერებისათვის ძალას და თანხებს არ ზოგავენ და დიდი ოცნება – რუსეთის ჩემპიონობა აქვთ გულში ამოჭრილი. მახაჩყალელებს მართლაც რომ არაფერს ვერჩით, მაგრამ თუკი ამ ტრანსფერს ”ინტერნაციონალეს” ქომაგების თვალით შევხედავთ, ალბათ მაინც გავიზიარებთ იმ გულისტკივილს, რასაც ეს ადამიანები და ზოგადად, ევროპელი ქომაგები ეტო’ოს ტრანსფერთან დაკავშირებით განიცდიან. რუსეთის პირველობაში არაერთი ჩვენი თანამემამულე ირჯება და მათი ყოველი წარმატებული თამაში ნებისმიერ ქართველს ძალიან ახარებს, მაგრამ გულისგულში ყველანი ვოცნებობთ, რომ სირაძეც, მარცვალაძეც, ანანიძეც და სხვა ჩვენებურები რუსეთზე უკეთეს ევროპულ ლიგებში ვიხილოთ, რადგან ჩვენ თუნდაც კახა კალაძის მაგალითიდან ვიცით, თუ რამხელა წარმატებები სდევს თან ევროპულ გრანდში ასპარეზობას. ყველა ქართველი ფეხბურთელი ჩვენიანია და მათი თავი, შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესისაც კი გვერჩივნოს, მაგრამ მოვუხმოთ მცირეოდენ ობიექტურობას და ვთქვათ, რომ დღეს არათუ საქართველოს, არამედ ბევრ ევროპულ ნაკრებსაც კი არ ჰყავს სამუელ ეტო’ოს დარი შესაძლებლობების ფორვარდი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ და საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელსაც ნამდვილად არაფერი ესაქმება კასპიისპირა პატარა ქალაქში, რომელსაც დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა თავის მშვენიერ წიგნში ”კავკასია” ორიოდე სიტყვით ასე აღწერს: ”მახაჩყალა დაღესტანის ყველაზე დიდი ქალაქია. ეს ქალაქი მხოლოდ იმით შეგვიძლია გამოვარჩიოთ, რომ კასპიის ზღვის საუკეთესო თევზს იქ სულ იაფად იყიდით”. ალექსანდრე დიუმას კავკასიაში მოგზაურობის შემდეგ, საუკუნეზე მეტი გავიდა და დღევანდელი მახაჩყალა, რასაკვირველია, ნაკლებად ჰგავს უწინდელ ყრუ და ჩაჟამებულ ალაგს, მაგრამ დიუმას სიტყვები ფარდას ხდის ზოგადად ევროპელების შეხედულებას კავკასიის ამ მხარისადმი და როგორც წესი, ევროპელები შეხედულებებს მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით იცვლიან.
პოლიტიკა ბოლო დროს ამ რეგიონის ცხოვრებაში მართლაც ძალიან დიდ როლს თამაშობს. ახლა დაღესტანში ფარული სამოქალაქო ომია. ფარული იმიტომ, რომ ამაზე მხოლოდ დასავლური საინფორმაციო საშუალებები წერენ ხმამაღლა. რუსები კი მხოლოდ რამდენიმე ლეკი ”ტერორისტის” არსებობას აღიარებენ. თვე ისე არ გავა, რომ დაღესტანში რუსი პოლიციელის გვამი არ იპოვნონ და აფეთქებულ მატარებლებსა და საავტომობილო ესტაკადებს სპეცრაზმები არ დასტრიალებდნენ. ლეკებისაგან უზომოდ პატივნაცემმა რობერტო კარლოსმაც კი ვეღარ მოითმინა და ერთ-ერთ ინტერვიუში ”წამოაყრანტალა“, რომ “ანჟის“ ბოლოდრიოინდელი გაძლიერების უკან, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური მიზნები იმალებოდეს. ფეხბურთი მხოლოდ ჯანყისა და საპროტესტო მუხტის გაღვივების საშუალება როდია. ფეხბურთი მავანთა ხელში, ალბათ პირიქით, მასის დამშვიდებისა და ყურადღების სხვა საგანზე გადატანის საშუალებადაც კი იქცეს... სწორედ ამიტომაც, ბევრი ფიქრობს, რომ რობერტო კარლოსი, სამუელ ეტო’ო და სხვები, დიდ პოლიტიკაზე ზვარაკად შეწირული კრავები არიან. ”კრავები”, რომლებმაც თავად არჩიეს კრავობა, რადგან აქამდე წელიწადში 20 მილიონი ევრო არცერთ ”კრავს” არ გაუკეთებია. ამ კამერუნელ ჯიგარზე გული ალბათ ბევრს გვწყდება, მაგრამ ჩვენთვის სამუელ ეტო’ო ყოველთვის ”მალიორკას”, ”ბარსელონასა” თუ ”ინტერის” მაისურებში გამოწყობილ იმ შავტუხა ბიჭად დარჩება, რომელსაც ერთიმეორეზე ლამაზი გოლები გაჰქონდა და იმედია, ახლაც გაიტანს. ნეტა, მართლა გაიტანოს...

ლევან სეფისკვერაძე

0.092173