ფაქტს ვერსად გავექცევით: საქართველოს ჩემპიონმა შინ წააგო ყაზახეთის ჩემპიონთან და თანაც, ეს არ იყოს ის თამაში, რომელზეც იტყვი, რომ მეტოქეს ძალიან გაუმართლა და ერთი სული ჰქონდა, როდის მორჩებოდა შეხვედრა. არა, მოიგო დამსახურებულად და დიდი ნაბიჯი გადადგა მესამე ეტაპისკენ.
ცოტა უცნაური შემადგენლობა დააყენა მიჰალ ბილეკმა: საინტერესოა, ასეთი რა საოცრებები აკეთა პატრიკ ვუომ ვარჯიშებზე ან უცხოურ შეკრებაზე, რომ ოთარ მარცვალაძეს აჯობა და ძირითადში ადგილი დაიმსახურა? არადა, პრესკონფერენციაზე ბილეკმა რამდენჯერმე გაიმეორა, დიახ, ვუო უკეთესად გამოიყურებოდა ტესტ-მატჩებში და ამიტომაც თავიდანვე დავაყენეო.
მარცვალაძე 65-ე წუთზე შევიდა მინდორზე და გოლი ვერც მან გაიტანა, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ თამაში გამოაცოცხლა და ის შტურმი, რომელიც ბილეკის გუნდმა 10-წუთიან მონაკვეთში მოაწყო (70-80 წთ), დიდწილად მარცვალაძის დამსახურება იყო.
ბილეკმა 3-5-2 სქემა არჩია და დაცვის სამეულს (გველესიანი-დოსოუდილი-შერგელაშვილი) ცუდად არ უთამაშია. გაცილებით დიდი პრობლემები ფლანგებზე (გრიგალაშვილი-შერგელაშვილი) იქმნებოდა. აშკარად ჩანდა, რომ "აქტობეს" ფლანგელები, მარცხნიდან ხაირულინი და მარჯვნიდან ნეკო, ქართველებს სჯობდნენ.
"აქტობე" მშვენივრად შეთამაშებული გუნდია. დააკვირდებოდით, როგორ უფრთხილდებოდნენ ბურთს, რა იშვიათად ცდებოდნენ პასებისას. ეგაა, ფანტაზია აკლდა ვლადიმირ გაზაევის გუნდს, მაგრამ დინამოელებთან ეს ფანტაზიაც არ დასჭირდა – ისედაც მოიგო, კარგად ნასწავლი ფეხბურთით, გუნდური თამაშით მოიგო.
გიორგი მერებაშვილი ყველაზე აქტიური იყო, მაგრამ ყველაზე ხშირადაც კარგავდა ბურთს. ეს "მერებას" სავიზიტო ბარათად იქცა – ზოგჯერ ზედმეტს იღებს საკუთარ თავზე.
ვერ გაამართლა გიორგი ჯანელიძემ და შესვენების შემდეგ, მის ნაცვლად ჩისკო შევიდა. შესვენებამდე კი თუ რომელიმე გუნდს უნდა გაეტანა, "დინამო" იყო. პირველივე წუთზე, ვუომ ელგუჯა გრიგალაშვილის ჩაწოდების შემდეგ თავით ააცილა. მერე ისევ გრიგალაშვილი აქტიურობდა და მეკარემ მოიგერია მისი დარტყმული. მცველმა ლაშა თოთაძემ ორჯერ დაარტყა საჯარიმო და ერთხელ მეკარემ იმარჯვა, მეორედ კი "აქტობეს" ფეხბურთელს მოხვდა ბურთი. გიორგი ლორიას მხოლოდ ერთხელ მოუწია სერიოზულად თამაშში ჩართვა, როცა მარკოს პიზელის აუღო.
მეორე ტაიმის დასაწყისი კი ნავსიანი გამოდგა: ხაირულინმა მარცხნიდან ჩააწოდა და ბრაზილიელმა ნეკომ ნახტომში თავურით ლამაზი გოლი გაიტანა – 0:1. მალევე, სტანდარტულის შემდეგ, დინამოელები მეორე გოლის გაშვებას გადაურჩნენ.
უკვე ვთქვით, რომ დინამოელებმა ძლიერად ჩაატარეს 10-წუთიანი მონაკვეთი, როცა მარცვალაძეც მოედანზე იყო. "აქტობეს" მეკარემ არეულობისას გადაარჩინა გუნდი, ჩისკომ ოდნავ ააცილა, ხოლო მარცვალაძემ რამდენჯერაც დაარტყა, იმდენჯერ მცველს მოხვდა ბურთი – სამი ასეთი ეპიზოდი იყო.
ბოლო 10 წუთი კი ქაოსურ შეტევებში გაილია, რასაც შტურმის სახე აღარ ჰქონია. "აქტობემაც" დაიჭირა ბურთი. მთლიანობაში, გუნდურად "დინამოზე" გაცილებით კარგად თამაშობდნენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ გაზაევი სულ 5 დღის წინ დაინიშნა მწვრთნელად.
რთული იქნება ყაზახეთში მოგება, მითუმეტეს, აუტანელ სიცხეში. თუმცა, ყურების ჩამოყრის დრო არაა. ის შეცდომები, რაც კონკრეტულად ბილეკმა და მისმა გუნდმა თბილისში დაუშვა, შესასწავლი და გასაანალიზებელია. მოესწრება ან არის ამის რესურსი? ერთ კვირაში გავიგებთ.
ოღონდ, "აქტობე" რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთს მონსტრად ექცა, ესაა სავალალო. გამოთიშა "ოლიმპი", გამოთიშა "ტორპედო" და ახლა "დინამოსთანაც" დიდი უპირატესობა მოიპოვა.
მატჩის შემდეგ:
ვლადიმირ გაზაევი: - მთლიანობაში, კარგად ვითამაშეთ და შედეგით კმაყოფილი ვარ. ხარვეზები გვაქვს, მაგრამ ვეცდებით, გამოვასწოროთ. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ.
... ჩვენ მომენტებიდან ერთი გამოვიყენეთ, "დინამომ" კი – ვერა. ესაა მთელი ფილოსოფია. პირველ ტაიმში თუ ოდნავი უპირატესობა გვქონდა, მეორეში ეს უპირატესობა მთლიანად დინამოელთა მხარეს გადავიდა ეს, უპირველესად, გულშემატკივრების დიდი თანადგომის ხარჯზე.
... წინ მეორე მატჩია და შემდეგ ეტაპზე გასულიც იქ გაირკვევა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
მიხალ ბილეკი: - თავიდან კარგად დავიწყეთ თამაში და პირველივე წუთზე მომენტი გვქონდა. შესვენებამდე კიდევ მოგვეცა გატანის შანსი, მეორე ნახევარში კი უპირატესობის მიუხედავად, ბევრი შანსი არ მოგვცემია.
... შეკრებაზე თავიდან 4-მცველიანი სისტემით ვთამაშობდით და უკმაყოფილო ვიყავი ხარისხით. შემდეგ, "დნიპროსთან" 3-5-2 მოვსინჯეთ და უკეთ გამოგვივიდა. ამიტომაც ავირჩიე დღეს 3-მცველიანი სისტემა. ჩისკო ტრავმირებული იყო და სამწუხაროდ, თავიდანვე ვერ ითამაშა. ვეცდებით, კიდევ უფრო შევისწავლოთ შეცდომები და ყაზახეთში სასურველი შედეგი ვაჩვენოთ.
... ვუოს სასტარტოში დაყენების მიზეზი? მან კარგად წარმოაჩინა თავი შეკრებაზე და თავდამსხმელთაგან საუკეთესო გახლდათ. ვუოში მომწონს ის, რომ გუნდისთვის თამაშობს, კარგად ფარავს ბურთს, მონდომებულია. ამიტომაც ვათამაშებთ. პატრიკზე ბევრი კითხვაა და გეტყვით, რომ დღეს თამაში ერთ კაცს არ წაუგია. მთლიანად გუნდმა წააგო. მთავარია, ვუომ ერთი გაიტანოს და ეს ფსიქოლოგიურადაც დაეხმარება.
... პაპუნაშვილი განაცხადში რომ ვერ მოხვდა, ეს იმის ბრალია, რომ გუნდში 18-ზე მეტი ფეხბურთელი გვყავს. პაპუნაშვილი ძლიერია ინდივიდუალურად, ნიჭიერია და თუ ბევრს იშრომებს, დაუფასდება.
... რატომ არ იყო სასტარტოში მარცვალაძე? ამაზე უკვე გავეცი პასუხი: ვუო უკეთესად თამაშობდა შეკრებაზე.
16.07. 21:00. თბილისი. "დინამო არენა"
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩი.
დინამო (თბილისი, საქართველო) – აქტობე (ყაზახეთი) 0:1 (0:0)
დინამო: ლორია, გველესიანი, დოსოუდილი, თოთაძე, პაპავა, ძარია, ელგუჯა გრიგალაშვილი, შერგელაშვილი, ჯანელიძე (ჩისკო 46), მერებაშვილი (მარცვალაძე 65), ვუო (ხორდა 79).
მწვრთნელი: მიჰალ ბილეკი.
აქტობე: სიდელნიკოვი, ცარიკაევი, მიროშნიჩენკო, კორობკინი, სანტანა, ლოგვინენკო, არზუმანიანი, ნეკო (შაბალინი 82), ხაირულინი, პიზელი (ზიანკოვიჩი 61), ანტონოვი (კაპაძე 72)
მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი.
გოლი: 0:1 ნეკო (51)
გაფრთხილება: ცარიკაევი (49), ხაირულინი (55), დოსოუდილი (59), ლოგვინენკო (62), ანტონოვი (83)
მსაჯი: რაჩკოვსკი (პოლონეთი)









