საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა ეროვნულ, ასაკობრივ და ქალთა ნაკრებებს ახალი მთავარი მწვრთნელები დაუნიშნა. ეს ვაკის სამბოს დარბაზში, ნაკრების კანდიდატთა ვარჯიშის პარალელურად მოხდა. სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ მასმედიას უხმო და მწვრთნელებიც წარადგინა.
ეროვნული ნაკრები ვეტერანმა სამბისტმა ჯონდო მუზაშვილმა ჩაიბარა. ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს ავთანდილ ცინცაძე გაწვრთნის, რომელმაც აქტიური სპორტული კარიერა ახლახან დაასრულა. ქალთა ნაკრების დამრიგებლად კი ემილ რაში დაინიშნა.
შეგახსენებთ, ეროვნულ ნაკრებს ოფიციალური მთავარი მწვრთნელი ლაფანყურის ხეობაში დაღუპული არჩილ ჩოხელის შემდეგ არ ჰყოლია. ბოლო დროს მწვრთნელის მოვალეობას ვანო არაბული ასრულებდა. ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებებს ემილ რაში ედგა სათავეში, ხოლო ქალთა ნაკრები ახლა ყალიბდება. აქამდე თითო-ოროლა სამბისტ გოგონას მამაკაცთა გუნდების თავკაცები ავარჯიშებდნენ.
“გადავწყვიტეთ, ძირითადი ნაკრები საქართველოს ერთ-ერთ უტიტულოვანეს სამბისტს, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის ჩემპიონ ჯონდო მუზაშვილს ჩავაბაროთ. დარწმუნებული ვარ, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს და ახლა უკვე შეგირდების დიდი წარმატებებით გაგვახარებს. ახალგაზრდულ და ჭაბუკთა გუნდებს ავთანდილ ცინცაძე მიხედავს. იგი შარშან გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და გადაწყვიტა, აქტიური სპორტული კარიერა დაასრულოს. ბოლო დროს საქართველოში ქალთა სამბოს პოპულარობაც იზრდება და ნაკრებიც ჩამოყალიბდება, რომელსაც ემილ რაში უთავკაცებს”, – განაცხადა სოსო ლიპარტელიანმა.
მოკლე კომენტარი “მსოფლიო სპორტისთვის” ჯონდო მუზაშვილმაც გააკეთა:
“ეროვნული ნაკრების ჩაბარება ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს ეს თანამდებობა ჩემს მეგობარ არჩილ ჩოხელს ეკავა. მაქსიმალურად ვეცდები, ქართულ სამბოს კიდევ გამოვადგე. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, დავიწყებთ ბელარუსული საერთაშორისო ტურნირით, რომელიც 10 თებერვალს დაიწყება. სავარაუდოდ, მინსკში გუნდის პირველ-მეორე ნომრებს ჩავიყვან. შემადგენლობა კი ნელ-ნელა გამოიკვეთება”, – აღნიშნა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ოთარ მაღლაკელიძე







