გულშემატკივრის სვეტი

11:34 | 8.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

სანამ გვიან არ არის

ცოტა ხნის წინათ, ევროპული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ერთმა, მეტად ცუდმა და გულსატკენმა ამბავმა შეაზანზარა. ერთ-ერთი გერმანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ჩაატარა სპეციალური კვლევა და დაადგინა, რომ გერმანიის ნაკრები, 1954 წლის მუნდიალზე, მსოფლიოს ჩემპიონი დოპინგის მოხმარების წყალობით გახდა.
აღნიშნულ მუნდიალზე გერმანელებმა, იმ დროისათვის მართლაც რომ უძლიერესი და ფაქტობრივად, ლეგენდად ქცეული უნგრეთის ნაკრები დაამარცხეს. ეს ამბავი ნეიტრალური ქომაგისათვის გულსატკენი თუნდაც იმიტომ შეიძლება იყოს, რომ როდესაც ერთი ნაკრების ჩემპიონობას ადგება ჩრდილი, მომავალში არც სხვა ნაკრებების მიმართ იქნება განსაკუთრებული ნდობა, რაც ზოგადად მსოფლიო ფეხბურთს დააზარალებს.
სხვის შეხედულებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ პირადად მგონია, რომ რაც დრო გავა, მთელს მსოფლიოში თანდათან უფრო გაძნელდება დოპინგთან ბრძოლა და საერთოდ, დოპინგი 21-ე საუკუნეში სპორტის ერთ-ერთი უმთავრესი თავსატეხი შეიძლება გახდეს (პრინციპში უკვე არის კიდეც). ამ არცთუ სასიამოვნო ვარაუდის საფუძველს სამი რამ მაძლევს:
1. ჩვენს პლანეტაზე, სპორტზე არანაკლები (თუ მეტით არა) ტემპებით ვითარდება მედიცინა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მედიცინის განვითარების პარალელურად, უფრო ადვილი ხდება, დოპინგ-მაქინაციებით დოპინგ-კომისიების მოტყუება. ეს მომავალში დამატებით პრობლემებს აუცილებლად შექმნის და სხვადასხვა ქვეყნის სპორტული ფედერაციები იძულებულნი გახდებიან, ამ ყველაფერს, გაუმჯობესებული სამედიცინო კვლევის სისტემა დაუპირისპირონ, რაც ძალიან ბევრ თანხებსა და ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად, ამის განხორციელება გართულდება.
2. ყველა სხვათაგან (სისწრაფით, ფიზიკური გამძლეობით თუ სხვა...) აშკარად გამორჩეულ სპორტსმენზე უფრო ხშირად გაჩნდება ეჭვი, რომ იგი შესაძლებელია ამ ყველაფერს დოპინგის მეშვეობით აღწევდეს. ამის გამოისობით, მუდმივად იქნება ერთი კამათი და “გამიშვი-დამიჭირე“, რადგან სადაც ეჭვებია, იქ ამ ეჭვების, როგორც გამზიარებელი, ისე არგამზიარებელი ადამიანებიც აუცილებლად იქნებიან. ამის დასტურად, ფლორენციის “ფიორენტინას“ რუმინელი თავდამსხმელის – ადრიან მუტუს შემთხვევაც კმარა. რუმინელს ფაქტობრივად “ხელში დაუჭირეს“ დოპინგი და სხვა “თვალების გადმომკარკვლელი“ რამეები, მაგრამ “ვიოლას“ დირექტორატი უეფას სახელზე მაინც განცხადებას განცხადებაზე წერდა: ადრიან მუტუ ცამდე მართალია და რად სტანჯავთო...
3. როდესაც პატიოსანი და ვარჯიშებზე ალალი ოფლის დამღვრელი, მაგრამ უნებისყოფო სპორტსმენი დაინახავს, რომ მისი ოფლისღვრა არაფრად ღირს და წარმატებებს საბოლოო ჯამში დოპინგზე დამოკიდებული ადამიანები აღწევენ, არცთუ მცირე შანსია, რომ მასში პროტესტნარევმა ამბიციამ იმძლავროს და თვითონაც იგემოს “აკრძალული ხილი“, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდ ტენდენციად შეიძლება იქცეს.
არ მინდა იფიქროთ, რომ ჩემი სიტყვები დიაგნოზია და აუცილებლად მიმაჩნია, რომ რასაც ახლა ვწერ სწორედ ისე განვითარდება მოვლენები. ეს მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა, გამოსავალი ყოველთვის, ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციებშიც კი არსებობს. უპირველესად უნდა ვთქვა ის, რომ სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და მსგავსი აქტივობები, დოპინგის დამარცხების საქმეში განსაკუთრებულ წვლილს ვერ შეიტანს. ამჯერად, ბევრად უფრო აქტიური და “ქირურგიული“ ჩარევები იქნება საჭირო.
სპორტსმენების ზოგადი შემოწმების გარდა, აუცილებელი უნდა იყოს, მათი ფსიქოლოგიური შესწვლა და რისკ-ჯგუფების განსაზღვრა (თუნდაც ფსიქოლოგიურად არამდგრადი სპორტსმენების დახარისხება). ამას გარდა, საქმეში უნდა ჩაერთოს სპორტსმენთა ოჯახებიც. მსოფლიოში ნარკომანიის კვლევამ კარგა ხანია დაამტკია, რომ ნარკომანთა 30%-ზე მეტს, ერთ-ერთი მშობელთაგანი მაინც ნარკომანი ჰყავდა ან ჰყავს...
ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი რთული და ძნელად განსახორციელებელი საქმეა, მაგრამ თუ სპორტის მესვეურებმა დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე ახლავე არ იფიქრეს, ადვილი შესაძლებელია, სიტუაცია უკონტროლო გახდეს, რისი ნიშნებიც (თუნდაც მცირე დოზით, მაგრამ მაინც), პრაქტიკულად, უკვე კარგა ხანია შეინიშნება...

 

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095225