ჭიდაობაში სალიცენზიო მარათონი გაილია და ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო ერთ-ერთმა ვებგვერდმა უკვე იმ მოჭიდავეთა სიაც ჩამოწერა, აგვისტოში, ლონდონურ ხალიჩაზე გასვლის უფლება რომ მოიპოვეს. მონაწილე ქვეყნების და სპორტსმენების რაოდენობას უკვე ვეღარავინ შეცვლის. ნაკრებების შემადგენლობებში კი ოლიმპიადამდე არაერთ ცვლილებას უნდა ველოდოთ, რადგან ამ სახეობაში ოლიმპიადის საგზურები სახელობითი არაა და გუნდების დაკომპლექტებისას საბოლოო გადაწყვეტილება მწვრთნელებმა უნდა მიიღონ.
შეგახსენებთ, ოლიმპიური მარათონი შარშან, სექტემბერში, სტამბოლში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატით გაიხსნა და ოთხი დღის წინ, ჰელსინკის საერთაშორისო ტურნირით დაგვირგვინდა. ამ რვა თვეში სულ შვიდი სალიცენზიო ტურნირი ჩატარდა. მსოფლიოს პირველობაზე ოლიმპიური ნორმატივი ხუთეულში შესულმა სპორტსმენებმა შეასრულეს. აფრიკა-ოკეანიის, პან-ამერიკის, აზიისა და ევროპის სალიცენზიო შეჯიბრებაზე და ჰელსინკურ ტურნირზე საწადელს ფინალისტებმა მიაღწიეს. ჩინეთის ქალაქ ტაიუანში კი ლიცენზიები მამაკაცებში სამ-სამ საუკეთესოს ერგო, ხოლო ქალებში კვლავ ფინალისტებს. შედეგად, თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულში თითოეულ წონით კატეგორიაში ცხრამეტი სპორტსმენი მოგროვდა, ქალებში – თვრამეტი.
ლონდონის ხალიჩაზე ჭიდაობაში მედლების 18 კომპლექტი (7-7 თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულში და 4 ქალებში) გათამაშდება. ბრძოლაში კი 66 ქვეყნის 341 სპორტსმენი ჩაერთვება.
საქართველოს სახელით ოლიმპიურ ხალიჩაზე 13 მოჭიდავე გავა. თავისუფალი სტილის მიმდევრები ლონდონში სრული შემადგენლობით გაემგზავრებიან, ბერძენ-რომაელებს კი მხოლოდ ერთ წონაში – 55 კილოგრამში არ ეყოლებათ მონაწილე.
ამ ორ სტილში სრული კომპლექტის შეკვრა ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო. საქართველოს მსგავსად, 13-13 სპორტსმენი ეყოლებათ რუსეთს, ირანს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ეგვიპტეს. მამაკაცთა და ქალთა საერთო რაოდენობით კი ამერიკელები (17) ლიდერობენ.
ბოლოს კი ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩენილ ტიტულოვან სპორტსმენებზეც ვთქვათ. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მომავალი ოლიმპიადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ამბაკო ვაჩაძეს (66 კგ) მოისაკლისებს. რუსეთის სახელით მოჭიდავე ქართველმა შარშან სანაკრებო შიდა კონკურენციაში ისლამ-ბეკა ალბიევთან წაიფორხილა, რაც არაერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრების გამოტოვებად დაუჯდა. სალიცენზიო ტურნირებზეც აქცენტი ალბიევზე გაკეთდა და ამ უკანასკნელმა ოლიმპიური შანსი ვერაფრით გამოიყენა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, მანუჩარ ცხადაიას ვაჩაძის გარდა ერთი ანგარიშგასაწევი კონკურენტიც გამოაკლდა - ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ვიტალი რაჰიმოვი. ამ აზერბაიჯანელს აქტივში უფრო მნიშვნელოვანი მიღწევებიც აქვს – პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლი და მსოფლიოს ჩემპიონატის 2 ბრინჯაო, ოღონდ ერთი წონით დაბლა – 60 კილოგრამში.
კლასიკოსთაგან ლონდონის საგზურს ასევე ვერ შეწვდნენ: ევროპის 2-გზის ჩემპიონი, პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოსანი, სომეხი რომან ამოიანი (55 კგ), ევროპის მოქმედი ჩემპიონი, სლოვაკი იშტვან ლევაი (60 კგ), შვედეთის სახელით მოჭიდავე მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი არა აბრაჰამიანი (84 კგ), პეკინის ოლიმპიადის გერმანელი ფინალისტი მირკო ენგლიში (96 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი, ლიტველი მინდაუგას მიზგაიტისი (120 კგ), მსოფლიოს 2009 წლის უნგრელი ჩემპიონი ბალაშ კიში (96 კგ) და სხვები.
თავისუფალი სტილის მიმდევართა შორის ოლიმპიურ თამაშებს გვერდიდან მიადევნებს თვალს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი, ბულგარელი მიხაილ განევი (84 კგ). ლონდონის ხალიჩაზე ვერც სომხეთის სახელით მოჭიდავე მუსა მურთაზალიევი გავა. ცნობისთვის, სწორედ ამ სპორტსმენთან დამარცხდა დავით ხუციშვილი შარშანდელი ევროპირველობის ნახევარფინალში და მერე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მურთაზალიევი კი ვერცხლის პრიზიორი გახდა. სომხები ოლიმპიადაზე ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორებს, ედგარ იენოქიანსა (96 კგ) და რუსლან ბასიევსაც (120 კგ) მოისაკლისებენ. აზერბაიჯანელებს ევროპის ბრინჯაოსანი მაჰმუდ მაგომედოვი (55 კგ) არ ეყოლებათ, ხოლო ბელარუსებს – მურად გადიროვი (74 კგ).
ოლიმპიური საგზურები ვერც უზბეკეთის სახელით მოჭიდავე ქართველმა ბერძენ-რომაელებმა, დავით და ბესიკ სალდაძეებმა (96 და 74 კგ) მოიპოვეს, ისევე, თავისუფალი სტილის მიმდევრებმა, ემზარ ბედინეიშვილმა (84 კგ, საბერძნეთი) და დავით ბიჩინაშვილმა (84 კგ, გერმანია).
ოთარ მაღლაკელიძე







