ძიუდო

20:55 | 5.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

სანამ ზაიზენბახერი იტყვის

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ზაიზენბახერმა ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის წინ გამოაცხადა, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე დასაყენებელი შემადგენლობის დასახელებისას, კონკრეტულად ევროპირველობის შედეგებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდა. ავსტრიელი სპეციალისტი სალონდონო განაცხადის ჩამოწერამდე თითოეული კანდიდატის სტატისტიკას გადახედავს და არჩევანს მათზე გააკეთებს, რომლებსაც ძლიერი ნაკრებების წევრებთან უკეთესი ბალანსი ექნებათ.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ძიუდოისტთა შემადგენლობების წარდგენის ვადა 9 ივლისს იწურება. პიტერ ზაიზენბახერი სათქმელს 7 ან 8 ივლისს იტყვის. იქამდე კი ბევრი უცხოელი კოლეგის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობს. რამდენიმე ნაკრების ოლიმპიური შემადგენლობა უკვე დაზუსტებულია. მათ შორის რუსეთისაც.
რუსული გუნდის იტალიელმა დამრიგებელმა ეციო გამბამ ოლიმპიურ განაცხადში შემდეგი ძიუდოისტები შეიყვანა: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი არსენ გალსტიანი (60 კგ), მსოფლიოს პრიზიორები მუსა მოგუშკოვი (66 კგ) და მანსურ ისაევი (73 კგ), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ივან ნიფონტოვი (81 კგ), მსოფლიოს ორგზის პრიზიორი კირილ დენისოვი (90 კგ), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ტაგირ ხაიბულაევი (100 კგ) და მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ალექსანდრ მიხაილინი (+100).
რუსული შვიდეულის წევრებს არც მედლები აკლიათ და მით უმეტეს, არც საერთაშორისო გამოცდილება, მაგრამ ოლიმპიადაზე აქამდე არც ერთ მათგანს არ უჭიდავია. სალონდონო შემადგენლობის მიღმა კი დარჩნენ ევროპის მოქმედი ჩემპიონები: ბესლან მუდრანოვი (60 კგ), ალიმ გადანოვი (66 კგ) და სირაჟუდინ მაგომედოვი (81 კგ).
აქვე მოკლედ ქართულ-რუსული დაპირისპირებების სტატისტიკაზეც. 60 კილოგრამში არსენ გალსტიანთან საქართველოს ნაკრების ორივე კანდიდატს უჭიდავია. ამირან პაპინაშვილს უარყოფითი ბალანსი აქვს, ხოლო ბეთქილ შუკვანს – დადებითი. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე შუკვანმა გალსტიანს ნახევარფინალში, სულ რაღაც 24 წამში მოუმთავრა საქმე, რეპეშაჟის ფინალში კი რუსი უკვე პაპინაშვილს დაეჭიდა და მოუგო.
ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) გამბას ოლიმპიური ნაკრების წევრებს აქამდე არასოდეს შეხვედრიან.
ვარლამ ლიპარტელიანისთვის (90 კგ) დენისოვი უხერხული მეტოქეა. სტატისტიკა რუსის მხარესაა – 4:0, მაგრამ ეს შეხვედრები ლიპარტელიანის ჩავარდნის პერიოდში გაიმართა. ამჟამად კი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე ბოლო წლებში.
100 კილოგრამში ზაიზენბახერმა არჩევანი ირაკლი ცირეკიძესა და ლევან ჟორჟოლიანს შორის უნდა გააკეთოს. ხაიბულაევი უცხო მეტოქე არც ერთისთვის არაა. უპირატესობა კი ცირეკიძის მხარესაა, ვინაც გამბას რჩეულს 2006 წელს, თბილისის მსოფლიოს თასის ფინალში სძლია, ოღონდ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჟორჟოლიანი კი ხაიბულაევს ორჯერ შეხვედრია და ორივეჯერ დამარცხდა.
მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების კანდიდატებს: ზვიად ხანჯალიაშვილსა და ადამ ოქრუაშვილს ალექსანდრ მიხაილინთან უარყოფითი ბალანსი აქვთ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხანჯალიაშვილმა ერთხელ შეძლო მრისხანე მეტოქის ძლევა.
ორიოდ დღის წინ ოლიმპიური შემადგენლობა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც ჩამოწერა. რა თქმა უნდა, განაცხადშია უხვტიტულა გიორგი ზანთარაია (60 კგ), რომელსაც პირად შეხვედრებში საქართველოს ნაკრების ორივე კანდიდატთან საგრძნობი უპირატესობა აქვს.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090513