ქართველი ფეხბურთელი შვეიცარიის სუპერლიგის “ბელინცონაში” გადავიდა, ამ დონის ჩემპიონატში კი, ბევრი ახალგაზრდა როდი გვყავს. საუბარია 19 წლის ნახევარმცველ სანდრო ჭელიძეზე, რომელზეც “მსოფლიო სპორტს” ხუთი დღის წინ, უკვე ეწერა. ვფიქრობთ, ოთარ გაბელიას 21-წლამდელთა ნაკრებისთვის კარგი ახალი სახე გამოჩნდა.
სანდრომ უკვე გააფორმა კონტრაქტი “ბელინცონასთან” და გუნდს რომში ახლავს შეკრებაზე. ჭელიძეს სწორედ იტალიის დედაქალაქში დავუკავშირდით:
- ქართველმა გულშემატკივარმა შენზე თითქმის არაფერი იცის.
- 9 წლის ვიყავი, მოსკოვის “ლოკომოტივის” ბავშვთა სკოლაში რომ მოვხვდი. 5 წელი ვითამაშე და შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში ვიყავი. წელიწადნახევრის შემდეგ, ისევ “ლოკომოტივში” წავედი და დუბლებში ვიყავი, ოღონდ კონტრაქტის გარეშე.
- საქართველოს მოქალაქე ხარ, თუ რუსეთის?
- რუსეთის, მაგრამ უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ ქართული პასპორტი ავიღო. დედაჩემსა და ჩემ ძმას საბუთები მიტანილი აქვთ. ეს პრობლემა არ იქნება. მინდა, საქართველოს სახელით ვითამაშო.
- კეთილი. “ბელინცონაში” როგორ მოხვდი? ვიცით, რომ გასულ ზაფხულსაც იყავი ამ კლუბში გასინჯვაზე.
- ზაფხულში ვიყავი, ვივარჯიშე, მერე ვიზა დამიმთავრდა და მოსკოვში დავბრუნდი. “ბელინცონადან” პასუხს ველოდი და სამი კვირის წინ მივიღე მოწვევა, რომ გუნდში მივსულიყავი. ჩავედი “ბელინცონაში” და მეორე დღეს კონტრაქტიც გავაფორმე. ერთწლიანი კონტრაქტია. ერთი საკონტროლო მატჩიც ჩავატარე რომის ერთ-ერთ გუნდთან და 0:2 წავაგეთ. შეუცვლელად მათამაშა მწვრთნელმა.
- როგორ ფიქრობ, რამდენად რეალურია, რომ “ბელინცონაში” მყარად მოიკიდო ფეხი?
- გუნდში 27 ფეხბურთელია. საკმაოდ კარგი შემადგენლობაა, ორ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატზეც აქვს ნათამაშები (სხვათა შორის, ორი კვირის წინ, “ბელინცონამ” იტალიური “ტორინოდან” 33 წლის აიმო დიანა გადაიბირა. დიანა 2004-2007 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და 13 შეხვედრაში, ერთი გოლიც გაუტანია – ი.ნ.). შესაძლოა, ერთი წლით, ან ექვსი თვით სხვა შვეიცარიულ კლუბში გამანათხორონ. ეს შესაძლო ვარიანტია.
- არ გაგიძნელდა? რაც უნდა იყოს, გამოუცდელი ფეხბურთელი შვეიცარიის სუპერლიგის გუნდში მოხვდი.
- ასეთი დამღლელი ვარჯიშები ნამდვილად არასოდეს მქონია. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ვატყობ, ნელ-ნელა ვეჩვევი. გუნდში ატმოსფერო კარგია, ყველა თბილად შემხვდა.
- რომში რამდენ ხანს რჩებით შეკრებაზე და კიდევ ვისთან გაქვთ ტესტ-მატჩები?
- იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს უნდა ვეთამაშოთ და 20 იანვარს შვეიცარიაში დავბრუნდებით.
- რა პოზიციაზე გათამაშებენ?
- საერთოდ, ცენტრალური ნახევარმცველი ვარ, მაგრამ აქ მარჯვნივ დამაყენეს. მარჯვენა მცველადაც მომსინჯეს.
ილია ნანობაშვილი









