საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, 17 ნოემბერს სტუმრად სლოვენიასთან გასამართ ამხანაგური მატჩისთვის ლვოვის “კარპატის” ნახევარმცველი სანდრო გურული გამოიძახა, რაც თავად ფეხბურთელმა უკრაინული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას დაადასტურა.
სანდრო გურული: “თქვენ საიდან გაიგეთ? ამის შესახებ არავისთვის მითქვამს. არ მინდა “თვალი მეცეს” (იცინის). პრინციპში, ამის შესახებ უკვე “მეტალისტთან” მატჩის შემდეგ შემატყობინეს, მაგრამ ოფიციალურ გამოძახებას ველოდი. ბიჭებისთვის კი, იმის თქმას, რომ საქართველოში მივფრინავდი, უკვე თვითმფრინავში ჩაჯდომის შემდეგ ვაპირებდი. ალბათ, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნაკრებში გამოძახება ოცნებაა. ემოციებით აღსავსე ვარ”.
- ქეცბაიას ინტერესის თაობაზე თუ იცოდით?
- არ მინდა შევცდე, მაგრამ ვფიქრობ, მან “კარპატის” თამაში ევროთასებზე პსჟ-ს წინააღმდეგ ნახა და უკრაინის ჩემპიონატის მატჩებსაც უყურა, ქეცბაია დიდი ფეხბურთელი იყო და მას საქართველოში ძალიან აფასებენ. ნაკრებს სათავეში არცთუ დიდი ხნის წინ ჩაუდგა. მისი ფორმაციის კვიპროსის “ანორთოსისი” ყველას კარგად ახსოვს.
- ნაკრებში თამაში ფეხბურთელს ბევრ ძალას ართმევს და გარდა ამისა, არის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ევროპის ლიგა. ასეთი გიჟური რიტმისთვის მზად ხართ?
- თუ გსურს დიდი ფეხბურთელი გახდე, სხვაგვარად არც შეიძლება. ამისთვის მზად უნდა იყო. მე ხომ ვხედავ ნაკრებიდან კლუბში როგორ მდგომარეობაში ბრუნდებიან – ფედეცკი, ხუდობიაკი, კოჟანოვი, ზენიოვი. ეროვნულ გუნდში ყოფნის პერიოდი მათ ძალას აძლევს. იმედი მაქვს, რომ მეც ასე ვიქნები.
- საფრანგეთში გაიზრდეთ და ამიტომ, ლოგიკური კითხვაა – საქართველოს ჰიმნი იცით?
- რა თქმა უნდა და ვიმღერებ კიდეც. თუ ნაკრებში დებიუტი მექნება, ამით ოჯახურ ტრადიციას გავაგრძელებ, ვინაიდან მამაჩემი, გია გურული, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი







