ინტერვიუები

10:42 | 23.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო გურული: “პარიზში - მოსაგებად!”

ლვოვის “კარპატის” 24 წლის ნახევარმცველ სანდრო გურულს მცირე ტრავმა ჰქონდა და ორი-სამი კვირა ვერ თამაშობდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და წინა ტურში, კიევის “ობოლონთან” 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
დასავლეთუკრაინული კლუბის საიტმა ქართველს ინტერვიუ ჩამოართვა და საუბარი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩსაც (პსჟ – “კარპატი”) შეეხო, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება საფრანგეთის დედაქალაქში:
- მოხარული ვარ, რომ ვითამაშე. მართალია, ცოტა ხანს დავყავი მინდორზე, მაგრამ მაინც ახლად მოშუშებული ვიყავი. იმედია, რამდენიმე ტურში 90 წუთი თამაშიც შემეძლება.
- მწვრთნელმა რა გითხრა მინდორზე შესვლის წინ?
- 1:0-ს ვიგებდით, ეს კი, სახიფათო ანგარიში იყო და მწვრთნელმა დამავალა, მაქსიმალურად მეაქტიურა შეტევაში. ბურთის დაკარგვის შემთხვევაში კი, პრესინგზე უნდა მეთამაშა. ვფიქრობ, ამოცანა შევასრულე, თუმცა სჯობს, მწვრთნელს ჰკითხოთ ჩემს თამაშზე. კარგია, რომ მოვიგეთ.
- ევროპის ლიგის ჯგუფის პირველ შეხვედრაში, “დორტმუნდთან” განაცხადშიც არ იყავით.
- მაშინაც ტრავმა მქონდა. ახლა ნორმალურად ვგრძნობ თავს, თუმცა ვარჯიშის შემდეგ მცირე ტკივილს ვგრძნობ. ბოლო დღეებში, ეს ტკივილი სულ უფრო უმნიშვნელო ხდება.
- “დორტმუნდთან” მატჩზე რას იტყვით ? (ლვოველებმა შინ 3:4 წააგეს, არადა, 87-ე წუთამდე იგებდნენ – რედ.)
- ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გამოვიდა, რომელიც ორივე გუნდმა შექმნა. სამწუხარო ისაა, რომ წავაგეთ. ვფიქრობ, ასეთ დასასრულს არ ვიმსახურებდით და ყველაზე სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა. რას იზამ, ეს ფეხბურთია და ამითაა საინტერესო. იმედია, გულშემატკივრები არ გაგვიწბილებია და მათ თვალში არ დავმარცხებულვართ.
- ახლა, დაკარგულის ანაზღაურება პარიზში შეიძლება, პსჟ-სთან. როდესაც “გალათასარაი” გამოთიშეთ და ჯგუფში მოხვდით, განაცხადეთ, რომ ძალიან გინდოდათ ფრანგულ კლუბთან შეხვედრა. და აი, პსჟ გერგოთ მეტოქედ.
- დიახ, გამიხარდა პსჟ-სთან ერთად მოხვედრა. იმედია, ამჯერადაც კარგ თამაშს ვაჩვენებთ და პლუს, შედეგიც ჩვენთვის მისაღები იქნება.
- პარიზში ფრე, აწყობს “კარპატის”?
- ვფიქრობ, ფრე ჩვენთვის ცუდი არ იქნება, თუმცა მოგებაზე ვიფიქრებთ. მითუმეტეს, შინ წავაგეთ “დორტმუნდთან”. მეტოქეებს ხომ უნდა დავეწიოთ…
- პსჟ-მ “სევილიას” სტუმრად სძლია. ეს, შენთვის მოულოდნელი იყო?
- რა თქმა უნდა. პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ “სევილია” ფორმალურად მაინც ითვლებოდა ჯგუფის მთავარ ფავორიტად. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგ მატჩებში.
- “კარპატის” გულშემატკივრები ლვოვში მხურვალედ გიჭერენ მხარს. პსჟ-ს ფანებზე რას იტყვით?
- პარიზელებმა მაგარი მხარდაჭერა იციან, მაგრამ “კარპატის” ფანები უკეთესები არიან.    

ილია ნანობაშვილი
 

0.162793