24 წლის ქართველ მარცხენაფლანგელ სანდრო კობახიძეს უკრაინული კარიერა ცუდად წაუვიდა. იყო დრო, სანდრო თბილისის "დინამოში" ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელადაც ითვლებოდა, თუმცა "დნიპროში" გადასვლის შემდეგ საქმე აირია - შემდეგ დნიპროპეტროვსკიდან ჯერ "კრივბასში" გაანათხოვრეს და არც იქ უწევდა თამაში, ახლა კი კიევის "არსენალშია" და... სეზონის II წრეში თამაშის გრაფაში ნული უწერია.
"მსოფლიო სპორტი" კობახიძეს კიევში ფაუკავშირდა:
- "არსენალში" ზამთარში გადახვედით, თუმცა პრემიერლიგის მატჩებში ერთხელაც არ გითამაშიათ. რატომ?
- არ ვიცი, პასუხის გაცემა მიჭირს. რომ ვთქვა, მწვრთნელს არ მოვწონვარ-მეთქი, ტყუილი გამომივა. უბრალოდ, იური ბაკალოვმა ("არსენალის" მწვრთნელი) ერთ ინტერვიუში თქვა, შემადგენლობის ცვლა არ მიყვარსო და ალბათ, ამიტომაც არ მაძლევს შანსს. ახალგაზრდა მწვრთნელია და ეტყობა, რისკს ერიდება. ერთი შემადგენლობა აირჩია და ბოლომდე იმას ენდობა.
- არადა, ზამთარში ტესტ-მატჩებში სულ თამაშობდით...
- ასეა. ერთი კი არის, ბოლო მატჩები ვერ მოიგო "არსენალმა" და შესაძლოა, მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალოს და მეც მომეცეს შანსი. თუმცა, გვიანია, სულ ოთხი ტური დარჩა სათამაშო.
- ბაკალოვთან პირისპირ არ გისაუბრიათ?
- არა. თვითონაც ხვდება, რომ უკმაყოფილო ვარ უთამაშებლობით.
- "არსენალში" ზაფხულამდე ხარ განათხოვრებული. შემდეგ რას აპირებ?
- ჯერ არ ვიცი. "დნიპროსთან" კონტრაქტი წლის ბოლომდე მაქვს, ასე რომ, ჯერაც "დნიპროს" ფეხბურთელად ვითვლები. დამთავრდება სეზონი და გაირკვევა ჩემი მომავალი კლუბის ვინაობა.
- შესაძლოა, ეს ქართული კლუბი იყოს?
- გამორიხული არაფერია. უბრალოდ, ამ ეტაპზე მომავალ კლუბზე არ ვფიქრობ. ზაფხულში გაირკევვა.
- ისე, რატომ გიჭირთ ქართველ ფეხბურთელებს უკრაინაში ფეხის მოკიდება? იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერავის ვერ აეწყო კარიერა უკრაინაში... განსაკუთრებით, ბოლო წლებში.
- რატომღაც ასეა დ ვერ გეტყვით - რატომ. ქართველებს დიდ ფასად გვიჯდება აქ თავის გამოჩენა. ან დიდ ფასად, ან საერთოდ ვერა...
- განსხვავებული სათამაშო სტილი?
- პირადად მე, ასე ვერ ვიტყვი, ძალიანაც მისაღებია უკრაინული გუნდების სათამაშო მანერა. ისეთს არაფერს ითხოვენ, რომ ვერ შეასრულო.
- "არსენალში" ირიცხება მეკარე ვლადისლავ ჩანგელია (უკრაინის მოქალაქეა). რას იტყვი მასზე?
- კარგი მეკარეა და ცოტა მიკვირს, როგორ ვერ მოიკიდა ფეხი საქართველოში. თბილისის "ამერში" იყო. მართალია, აქ თამაში ჯერ არ უწევს, მაგრამ ახალგაზრდაა და პერსპექტიული ბიჭია.
ილია ნანობაშვილი









