საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა რეპეშაჟის ფინალში ბრაზილია 3:2 დაამარცხა. ქართული ხუთეულიდან თავიანთი შეხვედრები ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოიგეს, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ქულა მეტოქის არყოლის გამო აიღო, შალვა ქარდავა (66 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+90 კგ) კი დამარცხდნენ.
მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონმა საქართველოს ნაკრებმა ჩელიაბინსკში მორიგი უმაღლესი ტიტულის მოპოვების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, იაპონიასთან წაგებით (1:4). იქამდე კი ძირითად ბადეში ჩეხეთი (5:0) და ყაზახეთი (4:1) ჩამოიშორა.







