საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი უნგრეთში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი. ჩემპიონატში სულ 15 ნაკრები მონაწილეობს.
ქართველი ძიუდოისტები საქმეში მეორე წრიდან ჩაერთნენ, მასპინძელთა ნაკრებთან დაპირისპირებით და 4:1 იმარჯვა. ქულები ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) აიღეს. ოთხივემ იპონ-იპონ მოიგეს. ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) კი მტკივნეულით წააგო.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები პოლონეთსა და ჰოლანდიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება.







