ძიუდოს აკადემიაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის. ტურნირის მეორე დღეს – 3 ივნისს მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა.
81 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული და ეროვნულ რეიტინგ-სიაში დასარიცხი 500 ქულა ბექა დონღვანმა მოიპოვა და უკან მოიტოვა ალექსანდრე ზაალიშვილი, რომელიც აქამდე რეიტინგის თავში იდგა. ყვარლის სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონმა ზაალიშვილმა ამჯერად მესამე ადგილი დაიკავა. ის და დონღვანი სატურნირო ბადეში სხვადასხვა მხარეს იყვნენ და ერთმანეთს ფინალში უნდა დასჭიდებოდნენ, მაგრამ ალექსანდრე ზაალიშვილს ნახევარფინალში თეიმურაზ ხაჩიძე გადაეღობა. სწორედ მას სძლია გადამწყვეტ შეხვედრაში დონღვანმა. იქამდე კი, საფინალო გზაზე ილია ოქროპირიძე, დავით ნარიმანიძე, ჯემალ შინჯიკაშვილი და ბაჩანა ტიტვინიძე დაამარცხა.
90 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რეზო წულუკიძე ავიდა, რომელიც შიდა რეიტინგში აქამდე სამეულს მიღმა იყო. საქართველოს ჩემპიონობამ კი მეორე ადგილამდე აღაზევა. უფრო მაღალი პროგრესიც ექნებოდა, აქამდელი პირველადგილოსანი ლაშა ტაველური ფინალში რომ არ გასულიყო. ხოლო ტაველურის ექსთანალიდერი თორნიკე ოთინაშვილი ამჯერად ტატამზე საერთოდ არ გასულა. აქვე წულუკიძის მიერ ფინალამდე ძლეული ძიუდოისტებიც: ჯაბა კაპანაძე, გოგიტა ითაშვილი და ილია ოტიაშვილი.
100 კილოგრამის ახალგაზრდულ შიდა რეიტინგს აქამდე გურამ თუშიშვილი ედგა სათავეში, მაგრამ ამჯერად კიმონო არ მოურგია და მეორეადგილოსანმა გიორგი ქავთარაძემ გალიდერების შანსი მაქსიმალურად გამოიყენა. გასაჩემპიონებლად მხოლოდ ორი მეტოქის: კარლო ნემსიწვერიძისა და გიორგი სეტიელის დაამარცხა ეყო.
მძიმეწონოსანთა შორის ყველას როსტომ ხახალეიშვილმა აჯობა. ლეგენდარული ძიუდოისტის, დავით ხახალეიშვილის ვაჟმა მეოთხედფინალში ამბროსი კონკროშვილს მოუგო, ნახევარფინალში ჯაბა ჯიხვაძეს, ხოლო ფინალში გიორგი ზაქარიაძეს. საინტერესოა, რომ +100 კილოგრამის ეროვნულ რეიტინგში სამეულს იმერეთის ძიუდოს სკოლის წარმომადგენლები ამაგრებენ. ცხრილის თავში ხახალეიშვილია, მეორე-მესამე პოზიციებზე კი ზაქარიაძე და გიორგი ლაზუაშვილი დგანან.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველაზე შედეგიანად ქვემო ქართლის რეგიონის გუნდი გამოვიდა, რომელმაც 3 ოქროს მედალი მოიპოვა. თითო ჩემპიონი ჰყავთ შიდა ქართლს, მცხეთა – მთიანეთს, თბილისს, აჭარასა და იმერეთს.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
თბილისი
2-3 ივნისი
55 კგ
1 მინდია ღოლიჯაშვილი (შიდა ქართლი)
2 გიორგი ჩხაბერიძე (იმერეთი)
3 ვანო ჯავახიშვილი (შიდა ქართლი)
3 გიორგი საჩალელი (თბილისი)
60 კგ
1 ლუხუმ ჩხვიმიანი (ქვემო ქართლი)
2 გელა კელიხაშვილი (თბილისი)
3 გიორგი გუგულაშვილი (თბილისი)
3 თორნიკე ჭოველიძე (სამხრეთ ოსეთი)
66 კგ
1 ბექა ვიბლიანი (ქვემო ქართლი)
2 ტრისტან ფეიქრიშვილი (თბილისი)
3 ნუგზარ ქურასბედიანი (იმერეთი)
3 ბექა ტუღუში (სამეგრელო - ზემო სვანეთი)
73 კგ
1 მიხეილ მეზურნიშვილი (თბილისი)
2 ჯაბა ბიწაძე (აჭარა)
3 ლევან გუგავა (იმერეთი)
3 უშანგი მარგიანი (იმერეთი)
81 კგ
1 ბექა დონღვანი (მცხეთა - მთიანეთი)
2 თეიმურაზ ხაჩიძე (თბილისი)
3 ალექსანდრე ზაალიშვილი (შიდა ქართლი)
3 ბაჩანა ტიტვინიძე (თბილისი)
90 კგ
1 რეზო წულუკიძე (აჭარა)
2 ლაშა ტაველური (მცხეთა - მთიანეთი)
3 ილია ოტიაშვილი (კახეთი)
3 მამუკა ჯამასპიშვილი (კახეთი)
100 კგ
1 გიორგი ქავთარაძე (ქვემო ქართლი)
2 გიორგი სეტიელი (თბილისი)
3 ალექსანდრე მილდიანი (ქვემო ქართლი)
3 კარლო ნემსიწვერიძე (იმერეთი)
+100 კგ
1 როსტომ ხახალეიშვილი (იმერეთი)
2 გიორგი ზაქარიაძე (იმერეთი)
3 გიორგი ლაზუაშვილი (იმერეთი)
3 გიგა გელაშვილი (შიდა ქართლი)
ოთარ მაღლაკელიძე







