გულშემატკივრის სვეტი

9:52 | 27.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

სასწაულების ძიებაში

ჩვენ, კარგა ხანია, სასწაულების ქვეყანაში ვცხოვრობთ - ისეთი სასწაულების ქვეყანაში, სადაც უკვე აღარავის უკვირს უჩვეულო მოვლენების სიმრავლე და მრავალსახეობა. ასეთი მოვლენები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
დასტურ ამისა, გირჩევთ, გადაშალოთ ყვითელი, ანდა ცოტათი მოყვითალო ქართული ჟურნალ-გაზეთების ის გვერდები, სადაც სპორტზე წერენ და დააკვირდეთ, თუ როგორ ყოველდღიური პოლიტიკური ამბებივითაა მათში ლამაზად აღწერილი ტყუილ-მართალი სასწაულები, უფრო მეტად კი, სასწაულის მხილველი ადამიანების ისტორიები და ყოველ ნომერში წყალივით მოჩუხჩუხებს სპორტული საოცრებების, ანუ დაუჯერებელი ამბების ბწკარ-ბწკარი ჩამონათვალი.
შენ კი - ამ ბწკარედების წამკითხველ უბრალო მოკვდავს - გეჩვენება, რომ ქვეყანა ხელიდან არ წასულა, უამრავ ადამიანს ანგელოზი თუ არა, ოლივერ კანი მაინც თუნდაც ერთხელ გამოსცხადებია. შენ კი, აგდიხარ ასე ამ ქვეყანაზე და ჯერჯერობით, არც ხილვა გღირსებია და არც სასწაული.
 სწორედ ამიტომაც არის ეს ყველაფერი დიდი სასწაულების ნაწილი. მერედა, ამგვარი თემატიკის სტატიების მხოლოდ სათაურებს აღარ იკითხავთ?! ”თბილისელი ნათელმხილველი ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი აუცილებლად გადარჩება”, ”როდესაც ნახტომს ვაკეთებდი, ამ დროს ყურში ლევ იაშინი ჩამჩურჩულებდა”, ”ცოლი ზეედორფთან მღალატობს”, ”გურჯაანში სამი ათასი წლის წინანდელი ფეხბურთის კარის ძელი იპოვნეს”, ”რას ვიფიქრებდი, თუ ჩემი ძმა მოწოდებით რეფერი იქნებოდა”, ”თერჯოლელ ჟუჟუნას, ჩემპიონთა ლიგის მატჩების ცქერისას მუწუკები უქრება”... და კიდევ ღმერთმა იცის, რა აღარ!..
 არავის ცხოვრებაში ხელის ფათურს არ გირჩევთ, მაგრამ როდესაც მავან ეჭვიან ბიძაკაცს მიაჩნია, რომ მისი ცოლი, არც მეტი, არც ნაკლები, ზეედორფთან დაძვრება, კაცნი ვართ და ამ საკითხისადმი მიძღვილი სტატიის ბოლომდე წაკითხვის სურვილი გვიჩნდება. არადა, დარწმუნებით ვიცით, რომ კლარენსი ჰოლანდიიდან საქართველოში ამ ამბისთავის არასოდეს ჩამოვა... 
 ჩემი უმთავრესი სათქმელი ისაა, რომ დაუჯერებელი ამბის მნახველი ადამიანი არ უნდა საუბრობდეს ასე საჯაროდ და ხშირად ურცხვადაც კი ყველაფერ იმაზე, რაც ესოდენ პიკანტური და პირადულია.
 იკითხავთ - რატომ?
  ჯერ ერთი - იმიტომ, რომ ყველასათვის გასაგები და ყურმისაწვდომი, თუნდაც ძალიან საოცარი ამბავი, სასწაული კი აღარ არის, მხოლოდ საინტერესო ამბავია.
  მეორე - ისეთი ადამიანი, რომელიც გაზეთის ფურცლებზე ირწმუნება, რომ ლევ იაშინი გამოეცხადა და თან სხვებს საკუთარი სახლის მისამართს ტელეფონის ნომრითურთ ჩრის თვალებში, მკითხავ-მჩხიბავია და სხვა არაფერი. საკუთარი ავტორიტეტის შესაქმნელად დიდი ავტორიტეტის გამოყენება ძალიან, ძალიან რბილადაც რომ ვთქვა, არა არის სამართლიანი.
 მესამე – კი ბატონო, ყველას გვაინტერესებს როგორ ცხოვრობს ესა თუ ის ცნობილი სპორტსმენი, მაგრამ როდესაც ამა თუ იმ სპორტსმენის გარშემო არსებულ შეხედულებებში მისტიკა ერევა, ეს სამართლიანი დამოკიდებულება არასოდეს იქნება.
 მეოთხე - მართლაც სპორტული ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები - თითქმის ყოველდღიურად - ისედაც არიან უამრავი სასწაულის მხილველნი. მეტი რა სასწაული გინდა, როდესაც შეგიძლია ბუენოს აირესის “ბომბონერას” სტადიონზე მიხვიდე და ათი ათასობით არგენტინელის ჯიგრული სიმღერა ისმინო. ანდა, “აიბროქსის” ტრიუბუნაზე წამოსკუპდე და შოტლანდიელების ბღავილიდან უძველესი საგულშემატკივრი სიმღერა გამოარჩიო. ეს ყველაფერი ხომ ისედაც სასწაულია... 
ანატოლ ფრანსის ცნობილი პერსონაჟი ამბობს: ”ბოროტი და კეთილი ძალები ერთმანეთს, უპირველესად, სასწაულებით ებრძვიან, ანუ რომელი ძალაც ხალხს უფრო ბრჭყვიალა სასწაულს შესთავაზებს, ის არის გამარჯვებული ამ ბრძოლაში”.
მე თუ მკითხავთ, ჩვენს დროში, როდესაც კრიშტიანუ რონალდუს ბიძაშვილის ნაკვთებიც კი ყველამ დაიმახსოვრა, ყველაზე დიდი სასწაული - უსასწაულობა იქნებოდა.

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089088