გულშემატკივრის სვეტი

15:48 | 8.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

სასწაული, რომელიც არ მომხდარა

იურისპუდენციის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ როდესაც დამნაშავეთა ამნისტია ხდება, ამით უკმაყოფილო მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანები არიან ხოლმე - ზოგადად მკაცრი კანონების მოყვარული ხალხი და ისინი, ვისაც შეწყალებულმა გარკვეული ზიანი მიაყენა.
საფეხბურთო მაქინაციები, რაშიც მხილებული და ამ ცოტა ხნის წინათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად შეწყალებული 5 ქართველი ფეხბურთელი იყო, სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და სწორედ ამიტომაც მოხდა ისე, რომ მათი საქმე ფეხბურთიდან დროებით მოკვეთით დასრულდა და არა ციხის კარების შეჭრიალებით. მაგრამ, მაინც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, სადაც განმარტებულია, თუ რატომ მიიღო ბატონმა ზვიად სიჭინავამ ასეთი გადაწყვეტილება.
სანამ ძირითად სათქმელზე გადავიდოდე, მინდა მივულოცო შეწყალებულ ხუთ ქართველ ფეხბურთელს ფეხბურთში დაბრუნება და ამავდროულად, იმედი გამოვთქვა, რომ ეს ბიჭები მომავალში საკუთარ შესაძლებლობებს მწვანე მინდორზე გვიჩვენებენ და არა კანონგარეშე გარიგებებში. იმედია, ამ ხუთეულის ისტორია კარგი მაგალითი იქნება სხვებისათვის, ვისაც ქართული ფეხბურთი მეზობლის ბაღ-ბოსტანი ჰგონია და იმ ”მოსავალს” ელის, თავად რომ არ დაუთესია. აი, ის კი ნამდვილად არ მესმის, რატომ ამტკიცებენ ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელები, რომ თითქოს ზემოაღნიშნული 5 ფეხბურთელის ფეხბურთიდან მოკვეთის შემდეგ, ქართული ფეხბურთი ”ჭეშმარიტების ბილიკს” დაადგა.
ამონარიდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებიდან: ”უკანასკნელი თვეების მანძილზე, სფფ-მ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გაუმჯობესებისათვის არაერთი ნაბიჯი გადადგა. უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა სამსაჯო პროგრამის ამუშავება, რომელმაც ქართული სამსაჯო კორპუსის სრული გაჯანმრთელება გამოიწვია. საფეხბურთო კლუბებსა და მსაჯთა კორპუსს შორის ჯანსაღი ურთიერთობები ჩამოყალიბდა და განსხვავებით გასული სეზონებისგან, როცა კლუბების ხელმძღვანელები არასამართლიან, მიკერძოებულ მსაჯობას უჩიოდნენ, 2011-12 წლის საფეხბურთო სეზონი მთლიანად თავისუფალია მსგავსი არასაფეხბურთო მიდგომებისაგან. შეიცვალა ფეხბურთელებსა და მსაჯებს შორის ურთიერთობებიც, რაც მეტად მისასალმებელია”.
და კიდევ: ”ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მაისში სფფ-ის მიერ მიღებულმა უმკაცრესმა გადაწყვეტილებამ, გარკვეულწილად, სამაგალითო ხასიათი მიიღო და დღეს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჭეშმარიტად სპორტულ პრინციპებზე დამყარებული შეჯიბრებაა და არა გაურკვეველი წარმომავლობისა და ინტერესების მქონე კრიმინალებისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ ქცეული ტურნირი”.
უპირველეს ყოვლისა, გაუგებარია, რის საფუძველზე გვარწმუნებს სფფ იმაში, რომ ”2011-12 წლის საფეხბურთო სეზონი მთლიანად თავისუფალია არასაფეხბურთო მიდგომებისაგან”. არსებობს რაიმე კვლევა, ან რომელიმე სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა, რომ ქართულ ფეხბურთში რამე გამოსწორდა? ვინ დაასკვნა ეს ყველაფერი? გულშემატკივრებმა? უეფამ? ფიფამ? თუ პროკურატურამ? იქნებ რაიმე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები არსებობს და არ ვიცოდით... თუ ასეა, წარმოადგინონ, როგორ “იყო ბნელი და უკუნი” და როგორ “იქმნა ნათელი” ასე ადვილად და ერთი ხელის მოსმით.
ესეც არ იყოს, უხერხულად არ გეჩვენებათ, კონკრეტული ორგანიზაციის - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის - მხრიდან მტკიცება იმისა, თუ როგორ გამოსწორდა და ”აჟურში ჩადგა” ყველაფერი მაშინ, როდესაც სულ რაღაც 8 თვის წინათ, ცნობილი გახდა, რომ სწორედ ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული ჩემპიონატის მატჩებში კუთხურებისა და წითელი ბარათების რაოდენობაც კი ”იმაზებოდა”.
მთელი საფეხბურთო მსოფლიო დარაზმულია ფეხბურთში არსებული არასაფეხბურთო მანკიერებების აღმოსაფხვრელად. სეზონი არ გავა ისე, რომ ევროპისა და ლათინური ამერიკის რომელიმე წამყვან ჩემპიონატში დარღვევები არ აღმოაჩინონ და ამის მიუხედავად, გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილონი არიან იტალიური, ესპანური, გერმანული, არგენტინული თუ ბრაზილიური ფეხბურთის ხელმძღვანელების მუშაობით.
ქომაგები და არამხოლოდ ქომაგები ფიქრობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთში ჩაწყობილი თამაშების სენი ისევ მძლავრად არის მოდებული და მავანთა ძალისხმევა საკმარისი სულაც არაა ამ სენის დასაძლევად. ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია კი ირწმუნება, რომ 5 ქართველი ფეხბურთელის: გიგა ბეჭვაიას, როინ ონიანის, ლევან ვართაგავას, კახა კირთაძისა და სპარტაკ გოგიას ჯერ დასჯისა და შემდგომ უცაბედი ამნისტიის შემდეგ, ქართულ ფეხბურთში პრობლემები აღმოიფხვრა.
მოკლედ, ბატონი ზვიად სიჭინავასა და მისი მეგობრების აზრით, სულ რაღაც, არასრული ერთი წელი დასჭირდა იმ მანკიერებებთან ბრძოლას, რასაც მთელი ბრიტანეთის კანონმორჩილი საზოგადოება ებრძვის და ჯერ ვერაფერი მოუხერხა.
არ ვიცი, შეიძლება სფფ-ს მესვეურებს მართლა გულწრფელად სჯერათ ამ ყველაფრის, მაგრამ მინდა გულისტკივილით ვუთხრა ის, რასაც ქართველ ქომაგთა დიდი ნაწილი ფიქრობს: ცდებით, მწარედ ცდებით ბატონებო!
 

ლევან სეფისკვერაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100545