სტატიები

10:19 | 24.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესოები სელექციონერთა თვალით

ევროპის წამყვანი საფეხბურთო კლუბების სელექციონერები, სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს და თავთავიანთი გუნდებისთვის საჭირო ფეხბურთელებს ეძებდნენ. Castrol Index-მა, სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა და იმ ფეხბურთელთა სია ჩამოწერა, რომლებზეც ბოლო პერიოდში, მოთხოვნა საგრძნობლად უნდა გაიზარდოს.
წყაროს ცნობით, სასურველ ფეხბურთელთა სიას გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ბრემენის “ვერდერის” ნახევარმცველი მესუტ ოზილი ლიდერობს, რომელიც სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო მინდვრებზე, პერსპექტიული მოთამაშიდან ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. 21 წლის გამთამაშებელმა, “მუნდიალზე” თამაშიდან ყველა სხვა ფეხბურთელზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა და მოწონებაც ამით დაიმსახურა. თამაშის ხარისხი და ასაკი, გერმანელს ყველა წინაპირობას უქმნის, რათა კარიერა მაღალ დონეზე განაგრძოს. ამასთან, ოზილს საგოლე მომენტების გამოყენებაც არ დაეწუნება. სწორედ მისი ლამაზი დარტყმული აღმოჩნდა გადამწყვეტი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, რასაც საჯარიმოს ხაზიდან განელთა კარში გატანილი გოლი და გერმანელთა ფლეი ოფში გასვლა მოყვა.
ლიდერები საგოლე მომენტების მხრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე: მესუტ ოზილი (გერმანია) - 18, კევინ-პრინს ბოატენგი (განა) - 17, რობინ ვან პერსი (ჰოლანდია) - 17, ხავი (ესპანეთი) - 15, დიეგო ფორლანი (ურუგვაი) - 13, დავიდ ვილია (ესპანეთი) – 13.
განის ნაკრების ფორვარდ ასამოა გიანის, აფრიკის საფეხბურთო ისტორიის შეცვლის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ 1/4-ფინალში ურუგვაის წინააღმდეგ გამართული მატჩის დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე, მან თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა და აფრიკული ნაკრები კვლავ ნახევარფინალს მიღმა დარჩა. მიუხედავად ამისა, ევროპის ტოპკლუბების მთავარ მწვრთნელებს, განელის თავდადებული თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მან სამხრეთ აფრიკაში მეტოქეთა კარის ჩარჩოში ყველაზე მეტჯერ დაარტყა და გატანილ გოლთა საშუალო მაჩვენებელსაც თუ გადავხედავთ, გიანი არაერთი გრანდისთვის სასურველი მოთამაშე უნდა იყოს.
კარში დარტყმების რაოდენობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: ასამოა გიანი (განა) - 27 დარტყმა (საშუალოდ მატჩში 5,4), გოლი 3 (საშუალოდ 0,6); დავიდ ვილია (ესპანეთი) - 25 დარტყმა (საშუალოდ 3,6), გოლი 5 (საშუალოდ 0,71); ლუის სუარესი (ურუგვაი) - 23 დარტყმა (საშუალოდ 3,3), გოლი 3 (საშუალოდ 0,5); დიეგო ფორლანი (ურუგვაი) - 22 დარტყმა (საშუალოდ 3,1), გოლი 5 (საშუალოდ 0,71); ლიონელ მესი (არგენტინა) - 21 დარტყმა (საშუალოდ 4,2), გოლი 0; ვესლი სნეიდერი (ჰოლანდია) - 19 დარტყმა (საშუალოდ 3,8), გოლი 5 (საშუალოდ 0,71).
იაპონელმა ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ,  მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე  სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რათა ერთ-ერთ სასურველ მოთამაშედ ქცეულიყო. ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველს, სულაც, ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს. მიმდინარე წლის იანვარში, რუსულმა კლუბმა ჰონდას სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადა, ახლა კი, მისი ფასი თითქმის გაორმაგდა და 10 მილიონ ევროს ( transfermarkt.de-ს ინფორმაციით) შეადგენს. ნახევარმცველმა საკუთარი გუნდის საგოლე შეტევების 75 პროცენტში მიიღო მონაწილეობა და დიდწილად, სწორედ მისმა გარჯამ განაპირობა იაპონიის ნაკრების ჯგუფიდან გასვლა.
კეისუკე ჰონდას მაჩვენებლები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე: თამაში - 4 (390 წუთი), გოლი - 2, კარში დარტყმა - 8, დარტყმების სიზუსტე - 38%, საგოლე მომენტების გამოყენება - 25%, საგოლე გადაცემა - 1, საგოლე მომენტები - 6, გადაცემების საერთო რაოდენობა - 143, ზუსტი გადაცემების პროცენტული მაჩვენებელი - 76%.
განის ნაკრების წარმატება, გიანისთან ერთად, კევინ-პრინს ბოატენგის კარგმა თამაშმაც განაპირობა. ეროვნულ გუნდში ამ ნახევარმცველის დებიუტი, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე შედგა. ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბოატენგს მყარად მოეკიდებინა ფეხი ძირითად შემადგენლობაში და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ქცეულიყო. სამხრეთ აფრიკაში, იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც მოედანზე მინიმუმ 350 წუთი გაატარეს, ბოატენგი ყველაზე ხშირად იღებდა მონაწილეობას სახიფათო მომენტების შექმნაში. ამასთან, კევინ-პრინსი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზეც ასწრებდა ზრუნვას და 12 ჩაჭრა განახორციელა, ართმევაზე კი, 20 შემთხვევიდან 18-ჯერ წარმატებით გაირჯა. იმის გამო, რომ ბოატენგის ამჟამინდელ კლუბს - “პორტსმუთს” ვალები დაუგროვდა, მას პერსპექტიული მოთამაშის შენარჩუნება გაუჭირდება.
საგოლე სიტუაციები წუთების მიხედვით: კევინ-პრინს ბოატენგი (განა) - 27,3 წუთში ერთხელ, ალექსის სანჩესი (ჩილე) - 30,5, ანდრეი აიუ (განა) - 32,4, მესუტ ოზილი (გერმანია) - 32,6, რობინ ვან პერსი (ჰოლანდია) - 35,3, რობინიო (ბრაზილია) - 39,3.
ყვალასათვის ცნობილია, რომ ფეხბურთი მარტო თავდასხმაში კარგი თამაში არაა. ურუგვაის ნაკრების შეტევის ხაზმა შედეგიანად ითამაშა, ლუის სუარესმა და დიეგო ფორლანმა, ერთად რვა გოლი გაიტანეს, ამასთან, ფორლანს “ოქროს ბურთიც” ერგო, მაგრამ სამხრეთამერიკელთა ნახევარფინალში გასვლა, დიდწილად, მათი დაცვის თავდადებულმა თამაშმა განაპირობა. ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე, მათ მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს, რაც საყრდენი ნახევარმცველ დიეგო პერესის დამსახურებაა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გადაცემა ჩაჭრა და ართმევაზეც ყველას აჯობა. “მონაკოს” ნახევარმცველი ორივე მაჩვენებელში შეუდარებელი იყო.
ჩაჭრები: დიეგო პერესი (ურუგვაი) - 35, ეხიდიო არევალო რიოსი (ურუგვაი) - 34, სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი) - 27, ხორხე ფუსილე (ურუგვაი) - 26, ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია) - 25, მარკ ვან ბომელი (ჰოლანდია) - 25;
ართმევა: დიეგო პერესი (ურუგვაი) - 41, მარკ ვან ბომელი (ჰოლანდია) - 35, ეხიდო არევალო რიოსი (ურუგვაი) - 27, ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია) - 25, ხაბი ალონსო (ესპანეთი) - 23, ხერარდო ტორადო (მექსიკა) – 22.
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 5-5 გატანილი ბურთით,  ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი გახდა, თუმცა, ახალგაზრდა გერმანელი ტომას მიულერი, მათ შორის მაინც გამორჩეულია. მიულერმა დანარჩენებს საგოლე გადაცემებით აჯობა. ის უკვე თამაშობს ერთ-ერთ წამყვან ევროპულ კლუბში - მიუნხენის “ბაიერნში” და წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იბრძოლა, სამხრეთ აფრიკაში კი ყველას დაანახა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, პრეტენზია პლანეტის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე ექნება. მიულერი არა მხოლოდ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, არამედ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეც გახდა.
საუკეთესო ბომბარდირები: ტომას მიულერი (გერმანია) - 5 გოლი (3 საგოლე გადაცემა), დავიდ ვილია (ესპანეთი) - 5 გოლი (1 საგოლე გადაცემა), ვესლი სნეიდერი (ჰოლანდია) - 5 გოლი (1 საგოლე გადაცემა), დიეგო ფორლანი (ურუგვაი) - 5 გოლი (1 საგოლე გადაცემა).
გარდა ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელებისა, სამხრეთ აფრიკაში სპეციალისტებმა კიდევ რამდენიმე მოთამაშის გვარი ჩაინიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიის ნაკრები ფლეი ოფში ვერ მოხვდა, ამ გუნდის ნახევარმცველმა ვალტერ ბირსამ ევროპული გრანდების მწვრთნელთა ყურადღება საკუთარი თამაშით დაიმსახურა. ის, სლოვენიელთა რიგებში ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო, ფლანგური გარღვევებიდან თუ კუთხურებიდან, მეტოქეთა საჯარიმოში ბურთი 20-ჯერ ჩაკიდა, 4-ჯერ კარგი გარღვევა შეასრულა და კარის ჩარჩოშიც ამდენივეჯერ დაარტყა. ამასთან, ბირსამ სპეციალისტთა ყურადღება ჯერ კიდევ გასულ საფრანგეთის ჩემპიონატში მიიპყრო, როდესაც “ნანსის” კარში გოლი 44 მეტრიდან გაიტანა.
სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა მარეკ ჰამშიკმა, უკვე მოასწრო იტალიურ “ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება. მართალია, გუნდის ბომბარდირი რობერტ ვიტეკი გახდა, მაგრამ მისი წარმატება, დიდწილად, სწორედ ჰამშიკის დამსახურებაა, რომელიც გუნდის თამაშს წარმართავდა და საკუთარ თავდამსხმელებს საგოლე სიტუაციებს უქმნიდა. ჰამშიკმა მეტოქის ნახევარზე 71 ზუსტი გადაცემა შეასრულა, მისმა 9 ჩაწოდებამ მიზნამდე მიაღწია და თავად მარეკმაც 9 საგოლე სიტუაცია შექმნა.
განის ნაკრებს 1/4-ფინალამდე, შესაძლოა, ვერც გაეღწია, რომ არა ნახევარმცველი ანდრეი აიუს თავდაუზოგავი შრომა. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო საგოლე სიტუაციების მხრივ, ზუსტი ჩაწოდებების პროცენტული მაჩვენებლით კი (38,50%), მხოლოდ დანიელ ალვეშს (46,10%) ჩამორჩა.
ურუგვაელ ლუის სუარესს, ჰოლანდიურ “აიაქსში” გატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული გაგრძელება ჰქონდა. მან მეტოქეთა კარი 3-ჯერ დალაშქრა, განასთან გამართული 1/4-ფინალური მატჩის დამატებულ წუთზე კი, მეკარის ფუნქციებიც “შეითავსა”. სწორედ მისმა ხელით თამაშმა იხსნა სამხრეთამერიკელები დამატებითი დროის მიწურულს გაშვებული გოლისაგან. მართალია, იმ ეპიზოდში მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ აფრიკელებმა მისი გამოყენება ვერ შეძლეს, ურუგვაი ნახევარფინალში გავიდა, სუარესი კი, თავისი ქვეყნის გმირად იქცა.

ზურა ქსოვრელი  

 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094224