სტატიები

16:29 | 28.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

საუკუნის არბიტრი

ქართულ სამსაჯო სკოლას არაერთი მაღალკვალიფიციური, პრინციპული და საერთაშორისო საფეხბურთო წრეებში ავტორიტეტით გარემოსილი არბიტრი აღუზრდია. ერთ-ერთი მათგანი ანატოლი მილჩენკო გახლავთ, რომელიც მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო მსაჯადაა დასახელებული. ფრიად სამწუხაროა, რომ მასზე ამიერიდან წარსულის დროით საუბარი რომ მოგვიწევს. 24 დეკემბერს ანატოლი მილჩენკო გულის მწვავე ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა სახელგანთქმული არბიტრის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა შესაძლო ზომას მიმართეს, თუმცა, დასტაქართა მონდომება და პროფესიონალიზმი ამჯერად უძლური აღმოჩნდა. სახელგანთქმული მსაჯი გარდაიცვალა...
ანატოლი მილჩენკო 1938 წლის 26 მარტს ბორჯომში დაიბადა. ფეხბურთს ბავშვობიდან თამაშობდა. ამპლუით მცველი ბორჯომის, თბილისისა და სოხუმის გუნდებში ასპარეზობდა. 1961-93 წლებში მილჩენკო სოხუმში ცხოვრობდა, სამსაჯო კარიერაც აფხაზეთის დედაქალაქში დაიწყო და საქვეყნოდაც გაითქვა სახელი. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ანატოლი მილჩენკო 14-ჯერ შეიყვანეს საბჭოთა კავშირის წლის 10 საუკეთესო საფეხბურთო მსაჯთა რიგებში. 1979 წლიდან სოხუმელი მსაჯი ფიფას არბიტრი გახდა. მას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მატჩების გაძღოლას ანდობდნენ. ამასთან, ანატოლი მილჩენკო 1979 წელს იაპონიაში ჩატარებული ახალგაზრდული მუნდიალისა და მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო პაექრობებს მთავარი არბიტრის რანგში ემსახურებოდა. მილჩენკოს უმსაჯია ისეთ შეხვედრებში, რომლებშიც ფრანც ბეკენბაუერი, იოჰან კრუიფი, დიეგო მარადონა, გარი ლინეკერი და სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. 1985 წელს “საფეხბურთო მექაში”, ლონდონის “უემბლის” სტადიონზეც იმსაჯა - ინგლისელთა და თურქთა ეროვნული გუნდების მატჩის მთავარ არბიტრად. ანატოლი მილჩენკოს საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი, 202 მატჩი აქვს ნამსაჯი, ხოლო სათასო და საერთაშორისო შეხვედრებსაც თუ დავაჯამებთ, ყოფილი სსრკ-ის არბიტრებს შორის სარეკორდო მაჩვენებელი, 366 მატჩი გამოვა. ბატონ ანატოლის ხინჯად მხოლოდ ისღა ჰქონდა, რომ მსოფლიოს პირველობების დასკვნით ეტაპზე არ მიეცა მუშაობის საშუალება. არადა, 1986 წელს, მექსიკის მუნდიალზე, წესითა და რიგით, მილჩენკოს უნდა ემსაჯა. ამ ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მან 3 შეხვედრა, ჩრდილოეთ ირლანდია-შოტლანდია, ავსტრია-ჰოლანდია და ინგლისი-თურქეთი იმსაჯა. მიუხედავად ავსტრიელებთან მარცხისა, ჰოლანდიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ იოჰან კრუიფმა მილჩენკოს ობიექტური და მაღალკვალიფიციური მსაჯობისთვის მადლობა გადაუხადა, “უემბლიზე” ზემოთნახსენები ასპარეზობის შემდეგ კი ფიფას ჩინოსნებმა უთხრეს, მექსიკა-86-ზე გამგზავრების რეალური კანდიდატი ხართო. თუმცა, მოსკოვის ჩინოვნიკებმა სხვაგვარად განსაჯეს, აქაოდა მილჩენკო სოხუმის ტურისტული კომპლექსის დირექტორია, უმჯობესია დასასვენებელ სეზონზე აფხაზეთში დარჩესო... ასევე ახლოს იყო მილჩენკო 1982 წელს ესპანეთში გამგზავრებასთანაც, მაგრამ მაშინაც საკავშირო ფედერაციაში თავი შეიკავეს მუნდიალზე საქართველოს წარმომადგენლის წარგზავნაზე. სტაჟიან გულშემატკივრებს კი ეხსომებათ, როგორ შეირცხვინა თავი იმ მუნდიალზე მიროსლავ სტუპარმა.
1994-98 წლებში ანატოლი მილჩენკო კიევში, უკრაინაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, 1998-2005 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კოლეგიას თავკაცობდა, 2005-10 წლებში თბილისის “ვიტ ჯორჯიას” სპორტული დირექტორი იყო, ხოლო 2010-დან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ფეხბურთის ფედერაციაში ახალგაზრდა არბიტრთა მომზადების საქმეს კურირებდა.
ანატოლი მილჩენკოს გარდაცვალებით ქართულმა საფეხბურთო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა. მისმა აღსასრულმა გული დასწყვიტა გულშემატკივრებსა და ვეტერან ფეხბურთელებს. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა ნაკრების ყოფილ კაპიტანმა მურთაზ ხურცილავამ ანატოლი მილჩენკოს გარდაცვალებით გამოწვეული გულისტკივილი გაგვიზიარა: “ყველანი გაოგნებულები ვართ. ბატონმა ანატოლიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ფეხბურთის განვითარების საქმეში. მილჩენკო პრინციპული, უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი იყო და მეტად ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ამიერიდან ბატონ ანატოლისთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა აღარ გვექნება. ანატოლი მილჩენკოს ნათელი ხსოვნა ფეხბურთის ქომაგთა და სპეციალისტთა გულებში სამარადჟამოდ დარჩება”.

გოჩა კაჭარავა

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093005