ძიუდო

21:31 | 23.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

საზაფხულო ხელფასი სამმა წონამ გაინაღდა

სანამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმთავრესი კანდიდატები ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადიან, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია ეროვნულ სარეიტინგო ტურნირს მასპინძლობს.
ძიუდოს ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი ყოველწლიურად 3 სარეიტინგო შეჯიბრების ჩატარებას ითვალისწინებს. ამასთან, რეიტინგისთვის საჭირო ქულებს უკვე საქართველოს ჩემპიონატიც გასცემს და შედგენილია შიდა რეიტინგ-სია, რომლის მიხედვითაც თითოეული წონითი კატეგორიის სამ-სამ საუკეთესო ძიუდოისტს წელიწადში ოთხჯერ, სამ-სამი თვით ხელფასი ენიშნება. ცნობისთვის, წონის ლიდერი ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 300-ს, ხოლო მესამეადგილოსანი – 150-ს.
შიდა რეიტინგის ათვლა შარშან დეკემბერში გამართული ეროვნული ჩემპიონატიდან დაიწყო. დღეს კი პირველ სამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენებმა მეორე გამოცდა ჩააბარეს.
უმსუბუქეს წონაში, ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა ახალგაზრდებს შორის ევროპის 2008 წლის პრიზიორმა - გიორგი ბროლაშვილმა. საჩემპიონო გზაზე მან სოლომონ თედიაშვილი, გელა ლიპარტელიანი, ბექა შავდათუაშვილი, ოთარ კაიდარაშვილი და ლაშა გიუნაშვილი ჩამოიცილა. ბრინჯაოს მედლებს გიორგი მესაბლიშვილი და ვახტანგ ჩიდრაშვილი დაეუფლნენ. ცნობისთვის, ჩიდრაშვილმა პირველსავე წრეში საქართველოს მოქმედ ვერცხლის პრიზიორს - სოსო ნიჟარაძეს სძლია.
66 კილოგრამში, ლაშა შავდათუაშვილისა და შალვა ქარდავას არყოფნაში, უმთავრეს ფავორიტად საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სანდრო იაკობაშვილი მიიჩნეოდა, მაგრამ ის უმედლოდ დარჩა და საბოლოოდ, მე-5 ადგილს დასჯერდა, ოღონდ ისე, რომ ერთხელაც არ დამარცხებულა – 3 შეხვედრის მოგების შემდეგ ნახევარფინალში ჭიდაობა თავად იუარა.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სანდრო იაკობაშვილმა გიორგი კაციასთან იჭიდავა. ძიუდოისტები ისეთი შემართებით იბრძოდნენ და ისე დაიხარჯნენ, სირენამდე ნახევარი წუთით ადრე, დაქანცული კაცია ცუდად გახდა და მსაჯმა გამარჯვებულად იაკობაშვილი გამოაცხადა. მალევე გაირკვა, რომ ამ უკანასკნელმაც იმდენი ენერგია დახარჯა, ექიმების დახმარება დასჭირდა.
ამავე წონაში სცადა ბედი 60 კილოგრამში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და შიდა რეიტინგის ლიდერმა - პაატა მერებაშვილმა და ისიც სამეულს მიღმა დარჩა - ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა, ზურაბ შარვაშიძესთან წმინდად წაგებით. შარვაშიძე ფინალამდეც მივიდა, მაგრამ გადამწყვეტი გამარჯვება თორნიკე თათარაშვილმა არ დაანება და ოქროს მედალი და 300 სარეიტინგო ქულა თავად მოიპოვა.
73 კილოგრამში ლოგიკური ფინიში ვიხილეთ – ამბაკო ავალიანმა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს, სარეიტინგო ტურნირისაც მიამატა და კონკურენტები ისე ჩამოიტოვა, აგვისტოს ბოლოს ჩასატარებელ მორიგ სარეიტინგო ტურნირზე რომ აღარც იჭიდაოს, წლის ბოლომდე 500-ლარიანი ხელფასი გარანტირებული აქვს. 5 თვის წინანდელის მსგავსად, ფინალში ამჯერადაც ზურაბ ნოზაძე დაამარცხა, მაგრამ გაცილებით გაუჭირდა, ვიდრე წინა ჯერზე - საწადელს მხოლოდ მეტოქის შიდოთი მიაღწია. ნოზაძესთან დაჭიდებამდე, ამბაკო ავალიანმა სოსო ჟიჟიაშვილს, ზვიად ბაზანდარაშვილს, გიორგი გიორგაძესა და გიორგი პაპუნაშვილს მოუგო. მე-3 ადგილზე კი ნოზაძისგან იპონებით ძლეული ძიუდოისტები: ზვიად კაპანაძე და არსენა მაჭარაშვილი გავიდნენ.
ბოლოს ერთ უსიამოვნო დეტალზეც – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ფეხში შესვლის შეზღუდვა წლების წინათ შემოიღო. საქართველოში კი ამ დარღვევის ამოძირკვა ჯერაც ვერ ხერხდება. დღის განმავლობაში მეტოქის ფეხიდან ილეთის წამოწყების მცდელობისთვის, დისკვალიფიკაციით ხუთზე მეტი სპორტსმენი დაისაჯა.
ხვალ სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან.

ძიუდო
ეროვნული სარეიტინგო ტურნირი
თბილისი
23 მაისი


60 კგ
1 გიორგი ბროლაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)
2 ლაშა გიუნაშვილი (შიდა ქართლი)
3 გიორგი მესაბლიშვილი (კახეთი)
3 ვახტანგ ჩიდრაშვილი (კახეთი)

66 კგ
1 თორნიკე თათარაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)
2 ზურაბ შარვაშიძე (იმერეთი)
3 გიგა ბერიაშვილი (თბილისი)
3 დიმიტრი აზნარაშვილი (იმერეთი)

73 კგ
1 ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი)
2 ზურაბ ნოზაძე (თბილისი)
3 ზვიად კაპანაძე (შიდა ქართლი)
3 არსენა მაჭარაშვილი (თბილისი)

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171698