კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც საქართველოში ერთი განსაკუთრებული საფეხბურთო კლუბი – თბილისის “დინამო” თამაშობდა, სხვა გუნდები კი “დინამოს” ფეხბურთელებით მომმარაგებელ ერთგვარ ფარმ-კლუბებს წარმოადგენდნენ. თბილისელთა ჰეგემონობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ინერციით კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა, მერე კი გამოჩნდნენ სხვა გუნდები, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ პირველობასაც ინტრიგა შესძინეს და იმდენს მიაღწიეს, რომ “დინამოსათვის” საქართველოს ჩემპიონობა ბოლო დროს ურთულესი საქმე გახდა. ერთ-ერთი ასეთი კლუბი “ზესტაფონია”, რომელიც ეტაპობრივად და გეგმაზომიერად იმ დონეზე განვითარდა, რომ ზესტაფონში ფეხბურთის სანახავად უკვე საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც კი ჩადიან. ამით უპირველესად რა თქმა უნდა ქართული ფეხბურთი და გულშემატკივრები დარჩნენ მოგებულები, რადგან საჩემპიონო ინტრიგა გულშემატკივრების მეტ დაინტერსებას ნიშნავს, მეტი დაინტერესება კი პირდაპირაა დაკავშირებული ჩემპიონატის დონის ამაღლებასთან.
საქართველო ესპანეთი ან იტალია არაა, რომ რომელიმე კლუბის ქომაგი კონკურენტი გუნდისადმი იმხელა ზიზღს განიცდიდეს, რომ ევროტურნირებზე მის მოწინააღმდეგეებს გულშემატკივრობდეს. ქართველ ქომაგს თითქმის თანაბრად აღელვებს “ზესტაფონის”, “დინამოს”, “ოლიმპისა” თუ სხვა გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლა. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს (რომელსაც კვლავ ბოლო დროს საბჭოური სახელი, - “პირველი არხი” დაუბრუნეს) და მის ხელმძღვანელობას ეს ყველაფერი დიდად არც აღელვებს და ჯიუტად არ გვიჩვენებენ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ზესტაფონის” მატჩებს. ეს მაშინ, როდესაც იმერული კლუბი ევროპის ლიგაზე სხვა ქართულ გუნდებზე აშკარად კარგ ფეხბურთს აჩვენებს და შედეგების მიხედვითაც, ზესტაფონელები ბოლო ორი წელია ევროტურნირებზე თავს ნამდვილად არ ირცხვენენ. დღემდე გამოცანად რჩება ის ფაქტი, ჩვენი საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ რატომ არ გადმოიცემა ზესტაფონიდან პირდაპირი რეპორტაჟები მაშინ, როდესაც წელს თითქმის ყველა ქართული კლუბის ევროტურნირებზე საშინაო მატჩები აჩვენეს.
უაზრობა იქნება ტექნიკურ პრობლემებზე საუბარი, დღეს, როდესაც კონტინენტის მეორე ნახევარსფეროდანაც კი უმარტივესი გახდა ნებისმიერი რეპორტაჟის გადმოცემა. ვერც სახსრების უქონლობაზე დაიწუწუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, რადგან ჩვენი, რიგითი მოქალაქეების გადასახადებით შექმნილი ბიუჯეტიდან ეს ტელევიზია გვარიანად ფინანსდება. ჰოდა, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას ეკუთვნის, რატომ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ “ზესტაფონის” საშინაო მატჩებიც ისევე ვნახოთ, როგორც “დინამოს”, ან “ვიტ ჯორჯიას” შეხვედრები?! კონკრეტულად საშინაო მატჩებზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ გასვლითი მატჩების მოთხოვნის შემთხვევაში (რისი უფლებაც ასევე გვაქვს) ათას რამეს მოიმიზეზებენ და იტყვიან, რომ გასვლითი რეპორტაჟების გადმოცემა ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებულიო. მაგრამ, საინტერესოა, რითი აიხსნება “ზესტაფონის” საშინაო მატჩების ესოდენი მიყურისძირება?!
აგერ, ავიღოთ თუნდაც ევროპის ლიგაზე გასამართი მორიგი მატჩები. “I არხი” ტრადიციულად კვლავ “დინამოს” მატჩიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადმოსცემს. “ზესტაფონის” თამაშის ხილვის მსურველებს კი ზესტაფონში გამგზავრების მეტი არაფერი დარჩენიათ. რამდენადაც მახსოვს, ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელს, პირველის გარდა, მეორე არხიც აქვს. განა არ შეიძლება, რომ მეორე არხმა ზესტაფონიდან გააკეთოს რეპორტაჟი? თუკი თურქეთის კულტურის მინისტრის სტუმრობის დროს ბათუმიდან ნახევარსაათიანი პირდაპირი რეპორტაჟის გადმოცემა არაა პრობლემა, აგერ, ყურის ძირში ზესტაფონიდან მატჩის გადმოცემა რა გახდა? ჩვენ ხომ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ? უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის გადახდილი ფული ჩვენსავე ინტერესებს მოხმარდეს. დავიჯეროთ, ასეთი ძნელი გასაგებია ეს ყველაფერი?
ლევან სეფისკვერაძე









