სებასტიან ჯოვინკო ტურინის “იუვენტუსის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, თუმცა, კარიერის ნაწილი “ემპოლისა” და “პარმაში” გაატარა. შარშან “ბებერმა ქალბატონმა” 11 მილიონად მისი კონტრაქტი პარმელებისგან გამოისყიდა, აგვისტოში კი ჯოვინკომ “იუვესთან” ერთად პირველი ტიტული, იტალიის სუპერთასი მოიპოვა.
- სადღეისოდ ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, 8 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ “ლაციოს” და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ პოზიციაზე მყოფმა დაასრულა. გულწრფელად გვითხარით, სეზონი სტარტის წინ ელოდით, გუნდის ესოდენ წარმატებულად რომ გამოვიდოდა?
- გულწრფელად გიპასუხებთ – გაკვირვებული არ ვარ. გუნდის ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და ყველანი ვთვლით, რომ “იუვეს” სერიოზული მიზნების მიღწევა ხელეწიფება. მომავალს მშვიდად ვუმზერთ, თუმცა, ისისც მშვენივრად გვესმის, რომ ჯერ მხოლოდ ნახევარი სეზონი მოვიტოვეთ უკან და მთავარი ბრძოლები წინ გველის. ამასთან, ტიტულის შენარჩუნება ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე მისი მოპოვება. “სკუდეტოს” კიდევ ერთხელ დასაუფლებლად არაფერს დავიშურებთ.
- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “იუვენტუსს” ჩემპიონობის მოპოვების საქმეში ხელს მხოლოდ საკუთარი თავი თუ შეუშლის...
- თავდაჯერებულები ვართ, მხოლოდ პირველობისთვის მომართულნი და ქულათა გარკვეული მარაგიც გვაქვს. ამასთან მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგანაც ჩვენ კონკურენტებსაც ჩემპიონობის შანსი შენარჩუნებული აქვთ. მთავარია, “იუვემ” საკუთარი თამაში აჩვენოს. ამ შემთხვევაში მაისში კიდევ ერთ საჩემპიონო წოდებას დავიმსახურებთ.
- “მილანს” 17 ქულით უსწრებთ. სერია A-ს სტარტამდე ამას ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა...
- ჩემპიონატის დაწყებამდე ეს მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო. “როსონერის” თამაშზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა გუნდიდან ერთდროულად რამდენიმე გამოცდილი ვარსკვლავის გაშვებამ. თუმცა, ვიმეორებ, ამგვარ დიდ ჩამორჩენას არავინ ელოდა.
- მოდით, ჩემპიონთა ლიგაზეც ვისაუბროთ. მერვედფინალში მოწინააღმდეგედ გლაზგოს “სელტიკი” გერგოთ...
- შოტლანდიელების სათანადოდ შეუფასებლობა ძვირად დაგვიჯდება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ “სელტიკმა” ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” მოუგო. ჩვენ მომავალ მეტოქეს ვაფასებთ, მაგრამ “სელტიკის” არ გვეშინია და ჩვენი მიზანი მისი დამარცხება და მეოთხედფინალში გასვლაა.
- “იუვენტუსმა” ჯგუფური ეტაპის ბარიერი წაგების გარეშე დაძლია...
- თავდაპირველად ჩვენი გულშემატკივრები ცოტათი ვანერვიულეთ. ბევრ ჩვენ ფეხბურთელს ამ დონეზე გამოსვლის გამოცდილება აკლდა. ამასთან, შარშანდელ სეზონთან შედარებით დატვირთვაც გაგვეზარდა. საბოლოოდ კი პირველი ადგილი დამსახურებულად მოვიპოვეთ.
- კიდევ ერთხელ გთხოვთ გულწრფელ პასუხს – “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგება ხელეწიფება?
- ეს ჩვენი ოცნებაა. მხოლოდ ამ პრესტიჟული თასის მოსაპოვებლად ვარ მომართულნი.
გოჩა კაჭარავა









