წარმატებული სეზონის შემდეგ დორტმუნდის “ბორუსიას” კაპიტანს სებასტიან კელს “ბილდის” კორესპონდენტი გაესაუბრა. სებასტიანმა თავისი გუნდის ტრიუმფული გამოსვლა შეაჯამა და სამომავლო პერსპექტივაზეც ისაუბრა.
- დორტმუნდის “ბორუსიამ” დუბლი გაახერხა. პირადად თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანი იყო – ბუნდესლიგის ჩემპიონობის შენარჩუნება თუ გერმანიის თასის მოპოვება?
- თასის დაუფლება, მიუხედავად იმისა, ეს ტურნირი თავისი მნიშვნელობითა და პრესტიჟით ჩემპიონატს რომ ჩამორჩება. ადრე ხელში არასდროს მჭერია გერმანიის თასი. ეს ჯილდო ბუნდესლიგის მოგებისთვის განკუთვნილ ვერცხლის სინზე უფრო მძიმეა. წლევანდელი სეზონი მართლაც დაუვიწყარია და მის პერიპეტიებს კარგა ხნის შემდეგაც სიამოვნებით გავიხსენებ.
- ბუნდესლიგაში 81 ქულა დააგროვეთ. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. პირველობის ტრიუმფულად დასრულების შემდეგ სრულად გაითავისეთ მომხდარი ფაქტი?
- ჯერჯერობით არა. დასვენების პერიოდი ცოტა ხნის წინ დამიდგა და გასული სეზონის წარმატებით ჩამთავრებას აუცილებლად აღვნიშნავ ჭიქა შავი ღვინით. ხანდახან მეცინება ხოლმე, ისეთ დღეში ჩავაგდეთ იურგენ კლოპი. საინტერესოა, მომავალ ზამთარს რაღას გვეტყვის ჩვენი მთავარი მწვრთნელი...
- ვერ მივხვდით, რაზე საუბრობთ...
- გასულ ზამთარს, ბუნდესლიგის პაუზისას კლოპი ჩაგვჩიჩინებდა, ბუნდესლიგის მეორე წრეში თითოეულმა თვენთაგანმა საფეხბურთო კარიერის საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოსო. ჰოდა, ჩვენც ბოლომდე მოვინდომეთ და 51 შესაძლებლიდან 47 ქულა დავაგროვეთ. 17 მატჩში მხოლოდ 2 ფრე ვითამაშეთ, დანარჩენი 15 კი მოვიგეთ. პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ამაზე უკეთესი შედეგის ჩვენება.
- “ბაიერნისა” და ლონდონის “ჩელსის” საჩემპიონთალიგო ფინალს თვალი ვისთან ერთად მიადევნეთ?
- პაბში, მეგობრებთან ერთად ვუცქირე მიუნხენის დრამატულ ფინალს.
- ადამიანურად “ბაიერნის” ფეხბურთელები არ შეგეცოდათ – მათ ხომ სეზონის მიხედვით მხოლოდ “ვიცე-ტრიპლის” წოდება დაიმსახურეს...
- კარგად მესმის მიუნხენელი მოთამაშეების. ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბაიერნმა” “ჩელსიზე” გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და მოგებასაც იმსახურებდა. თუმცა, უიღბლობასთან ერთად, ბავარიელებმა მარცხი საკუთარ თავსაც უნდა დააბრალონ. მათ სამჯერ გაუშვეს ხელიდან წარმატების მიღწევის რეალური შანსი.
- “ბაიერნს” დაახლოებით 60 მილიონი ევრო აქვს გადადებული ახალი ფეხბურთელების შესაძენად. ეს მომენტი არ გაფრთხობთ?
- მიუნხენელებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის გარდა სხვა გზა არც აქვთ. თუკი “ბაიერნი” მომავალ წელსაც ჩემპიონი ვერ გახდა, ეს კლუბის ხელმძღვანელობისთვის, მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის ტრაგედია იქნება. ჩვენ ზედიზედ ორჯერ გავხდით ბუნდესლიგის გამარჯვებულები, რაც “ბაიერნს” აღიზიანებს და მოსვენებას უკარგავს.
- დორტმუნდის “ბორუსია” აქცენტს ახალგაზრდა და ტიტულებს მოწყურებული ფეხბურთელების აყვანაზე აკეთებს. ხომ არ გგონიათ, რომ ამ ასპექტით “ბაიერნმა” უნდა მოგბაძოთ?
- სხვა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ჩავერევი. დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულს მიუნხენელები რამდენიმე ვარსკვლავს იყიდიან. თუმცა, მათ შესათამაშებლად დრო დასჭირდებათ და ამის შემდეგაც საკითხავია, მოახერხებენ კი ისეთი თამაშის ჩვენებას, როგორსაც დორტმუნდის “ბორუსია” ახერხებს.
გოჩა კაჭარავა









