ფეხბურთი

13:23 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: “ახლა ჩემი უმთავრესი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა, უეფას ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილზე და უახლოეს მეტოქეზე, სტამბოლის “გალათასარაიზე” ისაუბრა.

-       მოცემული მომენტისთვის, როგორ აფასებთ “რეალის” გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზე?

-       ვფიქრობ, ჯერჯერობით ჩვენი თამაში დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, გავარდნაზე თამაში განსაკუთრებული შემთხვევებია. ერთმა წარუმატებლობამ, შესაძლოა, მთელს ტურნირზე კარგ თამაშს ხაზი გადაუსვას.

-       რატომ ითვლება ეს ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად?

-       იმიტომ, რომ მასში ერთმანეთს ევროპის საუკეთესო კლუბები ეჯიბრებიან. ჩემპიონთა ლიგას მთელი მსოფლიო უყურებს და ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა.

-       “მანჩესტერ იუნაიტედთან” განმეორებით მატჩში მიღწეული წარმატება პირადად თქვენთვის რას ნიშნავს?

-       ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომელმაც საშუალება მოგვცა დაგვემარცხებინა ისეთი მძლავრი მეტოქე, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია”. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია არ გვქონია ასეთი დაძაბული დაპირისპირება. ვფიქრობ, იმ ფაქტმა, რომ მძიმე ბრძოლაში დავამარცხეთ ძლიერი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული “მანჩესტერი”, ამ გამარჯვებას უფრო მეტი ელფერი შესძინა. ამასთან, ამ მოგებით ყველას დავანახეთ, თუ რა ძალას წარმოვადგენთ ევროპაში.

-       26 წლის ასაკში, პრაქტიკულად ყველა ჯილდო გაქვთ მოგებული, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ალბათ, ახლა კოლექციაზე ჩემპიონთა თასის დამატებაც გინდათ.

-       მოცემული მომენტისთვის ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ის ფაქტი, რომ კოლექციაში მხოლოდ ჩემპიონთა თასი მაკლია, სიამაყით მავსებს. საინტერესოა, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ რომელ ჯილდოზე დავიწყებ ოცნებას?

-       რას იტყვით “გალათასარაიზე”, რომელიც მეოთხედფინალში თქვენი მეტოქე იქნება?

-       მეტოქის შეუფასებლობა არ შეიძლება, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. აქ სუსტი გუნდები არ არიან. ის, რომ “გალათასარაი” გვერგო, გამართლებად არ უნდა ჩავთვალოთ. მეტოქე ძლიერი გუნდია, რომელიც დიდიე დროგბათი და ვესლი სნეიდერით გაძლიერდა. ისინი მსოფლიო დონის მოთამაშეები და გუნდის ნამდვილი ლიდერები არიან. რაც მთავარია, თურქული კლუბი გუნდურ ფეხბურთს თამაშობს. სწორედ ამიტომ, მათ მაქსიმალური სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. უნდა შევეცადოთ, რომ პირველ მატჩში მშრალი ანგარიშით ვიმარჯვოთ, რადგან სტამბოლში თამაში ძალიან გაჭირდება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099353