ინტერვიუები

14:57 | 11.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: “უემბლიზე” დანიშნულ ფინალში თამაშზე ვოცნებობ”

13 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ერთმანეთს “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” შეხვდებიან. ამ 2 ევროგრანდის დაპირისპირება მთელ საფეხბურთო სამყაროში დიდ ინტერესს იწვევს. ბრიტანული გამოცემა The Guardian კასტილიელთა უკანახაზელ სერხიო რამოსს დაუკავშირდა. ინტერვიუს მსვლელობისას რამოსმა საკუთარი სიმპათია გამოამჟღავნა “მანჩესტერ იუნაიტედისა” და მთლიანად ინგლისური ფეხბურთისადმი, ჟოზე მოურინიოსა და ჟერარდ პიკესთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და ინტერვიუერის მეშვეობით მკითხველს თავისი ოცნება, “დესიმას” შესრულება, გაანდო.

 
- მოახლოვდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩების დრო. მადრიდის “რეალს” მერვედფინალში “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოუწევს შებმა. რა აზრის ხართ მოწინააღმდეგის ფორვარდებზე?
- დავიწყოთ რობინ ვან პერსით. ჰოლანდიელი ახლა ფორმის პიკშია და ჩემი აზრით, ასეთი საშიში მოწინააღმდეგისთვის არასდროს ყოფილა. ვან პერსი სწრაფია, ძლიერად და ზუსტად ურტყამს, ხელსაყრელ პოზიციაზე გასვლას ნებისმიერი შეტევისას ახერხებს. უეინ რუნი მისგან განსხვავებული თავდამსხმელია. იგი უფრო მუყაითი ფორვარდია და გითხრათ სიმართლე, ვან პერსისა და რუნის შედარებისას, უპირატესობას ინგლისელს ვანიჭებ. უეინი უფრო მეტად გამოირჩევა აგრესიული თამაშით და ასეთი ყაიდის ფორვარდების წინააღმდეგ თამაში უფრო მომწონს. რუნი მეტად მობილურია და მისი განეიტრალება ნახევარმცველების მეშვეობითაც უნდა ხდებოდეს. თანაც, ხშირად იგი უკან იხევს და ამგვარ სიტუაციებში მცველები ხომ არ გავსდევთ მინდვრის სიღრმეში. მანჩესტერელებს ჩიჩარიტოც ჰყავთ, რომელსაც ფერგიუსონი ასპარეზობის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე უშვებს ხოლმე სათამაშოდ და ამ ხნის განმავლობაში მექსიკელი 2 გოლის გატანასაც კი ასწრებს. ეს მის მაღალ კლასზე მიუთითებს.
- რამდენად კმაყოფილი დარჩით კენჭისყრით, როდესაც მომავალი მეტოქის შესახებ შეიტყეთ?
- მოხარული ვარ, წილისყრამ “მანჩესტერი” რომ შეგვახვედრა. შეიძლება ითქვა, “იუნაიტედი” ინგლისური პრემიერლიგის განსახიერებაა, მადრიდის “რეალი” კი ესპანეთის პრიმერა დივიზიონისა. ჩვენ ერთი და იგივე ფასეულობები, ფილოსოფია, იდეალები გვაქვს. ხანგრძლივი და უმდიდრესი ისტორიის განმავლობაში ორივე გუნდის ფეხბურთელებს დაგროვილი გამოცდილება, ლამაზი თამაშისაკენ სწრაფვა  და მაღალი მიზნებისადმი ერთგულება ტრადიციულად გადაეცემა. მომწონს ფეხბურთის ინგლისური სტილი. ნისლიანი ალბიონის კლუბები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და მათგან ყოველ წამსაა მოსალოდნელი ხიფათი.
- ინგლისურ გუნდებს შორის “მანჩესტერ იუნაიტედს” გამორჩეულად თვლით?
- ეს ჩვენი საოჯახო ტრადიციაა. მამაჩემი უცხოურ კლუბთაგან სწორედ “მანჩესტერს” გულშემატკივრობდა. პატარაობისას იგი ყოველთვის მირჩევდა თვალი მედევნებინა “იუნაიტედის” თამაშისადმი და მისი ცალკეული ფეხბურთელებისგან მაგალითი ამეღო. ისე კი, ჩემი ოჯახის წევრები გამორჩეულად “სევილიას” და მადრიდის “რეალს” ქომაგობენ.
- რამდენიმე ხნის წინ ჟოზე მოურინიოს ირგვლის ატეხილი აჟიოტაჟი ყურადღებას იპყრობდა. სადღეისოდ ეს თემა ამოწურულია?
- გუნდის მოთამაშეები ვიმედოვნებთ, რომ პორტუგალიელი დარჩება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მისი მისაღებია. სეუ ჟოზე უდიდესი მწვრთნელია და “რეალის” ფეხბურთელებს გაგვიმართლა, მისი ხელმძღვანელობით მუშაობა რომ გვიხდება. მიმდინარე სეზონის მსვლელობისას ბევრს საუბრობენ, თითქოს “რეალის” გასახდელში მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის ხშირად კონფლიქტური სიტუაციაა. ეს არასწორია. პირადად მე ამგვარ საუბრებს ყურადღებას არ ვაქცევ, თანაც, ტელევიზორში საფეხბურთო დებატებს არ ვუყურებ, რადიოს არ ვუსმენ და გაზეთებსაც არ ვკითხულობ.
- “რეალს” პრიმერას მოგების შანსი პრაქტიკულად არ აქვს. საამისო ფონზე ძირიტად აქცენტს ჩემპიონთა ლიგის თასის დაუფლებაზე გააკეთებთ?
- ყველანი ჩემპიონთა ლიგის მოგებზე ვფიქრობთ. კარგა ხანი გავიდა, რაც “რეალს” ევროპის უპირველესი საკლუბო ტურნირი არ მოუგია და ბოლოხანს ბევრს საუბრობენ დროა, მადრიდელებმა მეათედ მოიპოვონ ჩემპიონთა ლიგის თასიო. ფეხბურთელებიც ასე ვთვლით და “დესიმას” ვუმიზნებთ. თუმცა, ისიც კარგად გვაქვს შეგნებული, ამის გაკეთება ურთულესი საქმეა. ამ ტურნირში ერტადერთი შეცდომა ხომ მეტად ძვირად ფასობს და ხშირად ტურნირიდან გამოთიშვას ნიშნავს. პირადად მე ლონდონის “უემბლიზე” დანიშნულ ფინალში თამაშზე ვოცნებობ. 
- მართალია, თითქოს ჟერარდ პიკესთან ცუდი ურთიერთობა რომ გაქვთ?
- უწინ ბარსელონელ პიკესთან უთანხმოება მქონდა, მაგრამ სადღეისოდ მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ პროფესიული კომპრომისი გამოვნახეთ. ნაკრებში ჩვენ ერთმანეთს წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვხვდებით, ამიტომაც ურთიერთობაში სირთულეების დაძლევა შესაძლებელია. ერთ-ერთი შეკრებისას პიკეს ვუთხარი, მოვეშვათ ბავშვურ საქციელს, ორივენი კარგი მოთამაშეები ვართ, მაგრამ ერთმანეთის დახმარების გარეშე ჩვენც ვერ გამოვავლენთ საუკეთესო თვისებებს და სანაკრებო ინტერესსაც ვაზარალებთ – უმჯობესია მეტი ჭკუითა და პროფესიონალიზმით ვიმოქმედოთ. ამის შემდეგ ურთიერთობა დალაგდა, თუმცა, პიკესთან ერთად ლუდის დასალევად მაინც არ დავდივარ. საამისოდ “რეალის” წევრები არიან. ჩვენ ერთ ოჯახად ვცხოვრობთ და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სახის უთანხმოება გვაქვს, ყველაფერს დროულად და ერთობლივად ვაგვარებთ. 
- კარიერის დასრულებას მადრიდის “რეალში” აპირებთ?
- სწორედ ესაა ჩემი ოცნება – “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეძლებისდაგვარად დიდხანს მსურს თამაში. ზემოთაც ვახსენე, ინგლისური ფეხბურთისადმი ჩემი სიმპათია და ნისლიან ალბიონზე მოთამაშე ჩემი მეგობრები პრემიერლიგას ძალიან კარგად ახასიათებენ. მქონდა შემოთავაზებები ინგლისის და იტალიის კლუბებიდანაც, მაგრამ არც გულმა მიკარნახა “რეალის” დატოვება და არც მამამ მირჩია.
- საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ?
- როდესაც ის ადამიანები მსჯელობენ ჩემზე და მაკრიტიკებენ, რომლებიც არ მიცნობენ.
- მოკლედ დაგვიხასიათეთ საკუთარი თავი...
- ნორმალური, თავმდაბალი, უბრალო და ოჯახის მოყვარული ადამიანი გახლავართ, რომელსაც ფეხბურთის თამაში განსაკუთრებით უყვარს.
- არასდროს ივიწყებთ ტრაგიკულად დაღუპულ ანტონიო პუერტას. “სევილიის” ფეხბურთელი იმ მომენტშიც თუ გახსოვთ, რომელიმე მნიშვნელოვან თასს რომ იგებთ?
- რასაკვირველია! ყველა ტიტული, რომელიც მისის გარდაცვალების შემდეგ მოვიპოვე, სწორედ ანტონიოს მივუძღვენი. პუერტას არასდროს დავივიწყებ.
 
 
გოჩა კაჭარავა 
 
0.090516