ინტერვიუები

15:30 | 19.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

სესკ ფაბრეგასი: “ხავის შესაცვლელად არ მოვსულვარ”

“ბარსელონაში” დაბრუნებული სესკ ფაბრეგასი Barca TV-ს სტუდიაში მივიდა, სადაც ჟურნალისტს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა. ის ფიქრობს, რომ კლუბში დიდი ხნით დარჩება. მისი აზრით, ხავი ერნანდესი კარიერის დასრულებისგან ძალზე შორსაა. ის დარწმუნებულია, რომ ხავისთან ერთად თამაშით “ბარსელონაში” ბევრ ტიტულს მოიგებს.

- სესკ, თავს როგორ გრძნობთ?
- ბოლო თვეები დიდი ზეწოლის ქვეშ გავატარე. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად დამღლელი იყო, მაგრამ მოსახდენი მოხდა და მე “ბარსაში” დაბრუნებით ძალიან გახარებული ვარ.
- როდესმე წარმოგედგინა, რომ სახლში დაბრუნება ასეთი რთული იქნებოდა? ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდა...
- ნაწილობრივ, ეს ჩემი ბრალია. თავის დროზე, ვერც ვიოცნებებდი, რომ “ბარსელონაში” თამაშს შევძლებდი. მე პირველ გუნდს ვგულისხმობ და არა ახალგაზრდულს.
- პრეზენტაციაზე განაცხადეთ, რომ ვენგერი თქვენთვის მამასავით იყო. იცით, რომ “ბარსელონას” ბევრ გულშემატკივარს ფრანგ სპეციალისტზე არც ისე კარგი წარმოდგენა აქვს?
- ვფიქრობ, აქ ვენგერზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს აქ ვარ. გადაწყვეტილებას ის იღებს და მან მითხრა, რომ შემეძლო წავსულიყავი. ვენგერი მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო და მისი წყალობით, დღეს “ბარსას” ფეხბურთელი ვარ.
- მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ რატომ დატოვეთ “ბარსელონა” 2003 წელს?
- ვხედავდი, რომ პირველ გუნდში მოხვედრის შანსი არ მქონდა. თანაც, მაშინ ხავი ახალგაზრდა იყო. მის გარდა, გუნდში იყო ანდრეს ინიესტა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ჩემზე უკეთესები იყვნენ. ხუმრობა მეგონა, როდესაც ისეთმა დიდმა ინგლისურმა კლუბმა, როგორიც “არსენალია”, თავის გუნდში მიხმო. არსენ ვენგერმა თავისი არდადეგები შეიმოკლა იმის გამო, რომ მე ვენახე. მაშინ 16 წლის ვიყავი. ეს არანორმალური შემოთავაზება იყო.
- ვიცით, რომ “ბარსა” თქვენთვის მშობლიური კლუბია. და მაინც, რატომ გადაწყვიტეთ უკან დაბრუნება?
- ჩემთვის “არსენალში” დარჩენა ადვილი იყო. მე გუნდის კაპიტანი ვიყავი და ყველა მატჩში ვთამაშობდი. ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის მონაწილეობდა. ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. ყველაფრის მიუხედავად, კარიერაში ცვლილება მჭირდებოდა. ვიცი, რომ “ბარსელონას” ძირითადში მოხვედრა გამიჭირდება, მაგრამ ჩემთვის ეს დამატებითი მოტივაციაა. აქ თამაშით უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.
- 10 წლის წინათ აცხადებდით, რომ მოედანზე ყველაზე სწრაფად პეპ გვარდიოლა აზროვნებდა. ისევ იგივეს ფიქრობთ, თუ სესკია ამ ასპექტში ყველაზე სწრაფი?
- (იცინის). არა, რა თქმა უნდა! ჩემამდე 2 ადამიანია, რომლებიც მოედანზე ყველაზე სწრაფად აზროვნებენ – ხავი და ინიესტა. ისინი ამის დემონსტრირებას ყველა მატჩში ახდენენ. ეს ფეხბურთელები სტადიონზეც და სტადიონს მიღმაც ვარსკვლავები არიან. პეპი კი, ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო.
- დიდი ხნის წინ, გვარდიოლამ თავისი მაისური გაჩუქათ, რომელზეც ეწერა: “შენ იქნები “ბარსას” მომავალი “4”. როგორ მოხდა ეს ამბავი?
- როდესაც 13 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ამ დროს, მე ტურნირზე მივდიოდი ვალიადოლიდში ან იტალიაში, ზუსტად არ მახსოვს. მაშინ ძალიან ვნერვიულობდი და დეპრესიაში ვიყავი. ჩემი მწვრთნელი, ფანტასტიკური ადამიანი რუდოლფ ბორელი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ გვარდიოლა ამის გაკეთებას აპირებდა. ეს დაუჯერებელი იყო, ხუმრობა მეგონა. ამ მაისურს მამაჩემი ინახავს. ჩემთვის ის ყოველთვის განძად დარჩება.
- თქვენ ბრწყინვალე თაობის წარმომადგენელი ხართ, 1987-ში დაიბადეთ. თამაშობდით მესისა და პიკეს მხარდამხარ. თუ გისაუბრიათ იმაზე, რომ შესაძლებელი იყო, მომავალში “ბარსას” პირველ გუნდში ერთად გეთამაშათ?
- ერთად ძალიან ბევრ ტურნირზე გვითამაშია. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო. მაგ თემაზე არასდროს გვისაუბრია. არ მგონია, ჩვენ სამიდან ერთ-ერთს სამივე ფეხბურთელი პირველ გუნდში წარმოგვედგინა.
- რა დარჩა იმ სესკისგან, რომელიც 16 წლის ასაკში წავიდა? ხართ თუ არა ვენგერის პროდუქტი?
- ვფიქრობ, ცოტათი შევიცვალე. გარკვეულწილად, უფრო განვვითარდი. მე “ბარსელონაშიც” და “არსენალშიც” ბევრს ვშრომობდი იმისთვის, რომ უკეთესად მეთამაშა. ახლის სწავლას ყოველთვის ვცდილობ. არასწორია იმის თქმა, რომ შენ ყველაფერი იცი და სხვაზე უკეთესი ხარ.
- რას ფიქრობთ იმაზე, რომ ყოველ დღე შენს საუკეთესო მეგობრებთან – პიკესთან და პუიოლთან ერთად ივარჯიშებ?
- ეს ისაა, რაც ყოველთვის მინდოდა. ისინი შესანიშნავი მეგობრები არიან, მაგრამ გასახდელში ბევრი სხვა კარგი მეგობარიც მყავს. მართალია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების დროს მე პიკესთან და პუიოლთან ერთად ვცხოვრობდი. მათთან ერთად “ბარსელონაში” თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.
- მორჩებით ერთმანეთის Twitter-ზე “oh, oh!”-ისა და “moooc moc”-ის  წერას?
- რა თქმა უნდა, არა. პირიქით, ამას უფრო ხშირად გავაკეთებთ (იცინის).
- პიკეს ბავშვობიდან იცნობთ, პუიოლი კი, არც ისე დიდი ხანია, რაც გაიცანით. მიუხედავად ამისა, ის თქვენთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანია...
- ჩემთვის, კარლესი ბრწყინვალე ადამიანია. შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ცუდი პერიოდი მქონდა, მაგრამ პუიოლი ყოველთვის მამხნევებდა. საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მოედანზე გავედი და შემდეგ ყველაფერი კარგად იყო. მატჩის შემდეგ, პუიოლმა მითხრა: “მოგემატა თავდაჯერება?” ის მოედანზეც და მის გარეთაც ნამდვილი კაპიტანია. მისნაირი ადამიანი საფეხბურთო სამყაროში ძალზე ცოტაა.
- თქვენი ტრანსფერის შემდეგ, შექმნა თუ არა “ბარსელონამ” მსოფლიოს საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზი?
- დრო გვიჩვენებს. ეს მოგებულ ტიტულებში უნდა აისახოს. ამ წელს “ბარსელონას” მე და ტიაგო იმიტომ შევუერთდით, რომ გუნდს მეტი სარგებელი შევმატოთ. ერთად ბრწყინვალე შემადგენლობას შევქმნით. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ “ბარსა” თავის დონეს ინარჩუნებს და ტიტულების მოგებას აგრძელებს.
- თქვენი ტრანსფერი გუნდს ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე დასჭირდა, თუ მომავალშიც აქვს თქვენი იმედი?
- იმედი მაქვს, გუნდს ახლაც ვჭირდები და მომავალშიც დავჭირდები. ამისთვის ბევრს ვიშრომებ. მე ახალგაზრდა ვარ და ჩემი საუკეთესო წლები მომავალში მელის. “ბარსელონაში” კიდევ ბევრი რამის სწავლას შევძლებ.
- “ბარსას” ნახევარდაცვაში ბევრი ფეხბურთელი ჰყავს. თვლით, რომ ყველას შეუძლია სარგებლის მოტანა?
- დიახ. ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, მაგრამ ერთნაირი საფეხბურთო ხედვა გვაქვს. ჩვენ სხვადასხვა თვისებები გვაქვს, რომლებიც კლუბს ძალიან გამოადგება.
- “ბარსელონა” ტიტულების მოგებას თამაშის იმავე სტილით გააგრძელებს, როგორითაც ბოლო წლებში თამაშობდა?
- ვეცდებით, მაგრამ ეს რთული იქნება. რთული მეტოქეები გვყავს, რომლებიც განსხვავებულ სტილში თამაშობენ – “რეალი”, “ინტერი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ა.შ. ყურადღება გვმართებს, არ უნდა მოვდუნდეთ. მოდუნების შემთხვევაში, პრობლემები შეგვექმნება.
- დიდი ხნის წინ ითქვა, რომ გვარდიოლას შემცვლელი ხავი იყო. ხართ თუ არა თქვენ ხავის შემცვლელი?
- არ ვიცი. ვფიქრობ, ხავის კარიერის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე წელი დარჩა. ის ისეთ რამეებს აკეთებს, რისი დაჯერებაც წარმოუდგენელია. აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ხავი შევცვალო. აქ მასთან ერთად ვითამაშებ, მასთან ერთად გავიმარჯვებ, მასთან ერთად მოვიგებ ტიტულებს. იგივეს ვიტყოდი ანდრეს ინიესტაზე და ტიაგო ალკანტარაზე.
- “არსენალიდან” ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდება?
- რთულია გამორჩევა. ვფიქრობ, ჩემი დებიუტი. ამ მომენტს დიდხანს ველოდი. განაცხადში მოხვედრა იმდენად არ გამკვირვებია, რამდენადაც ძირითად 11 ფეხბურთელს შორის დასახელება. ჩემი ოჯახი ტრიბუნებიდან მიყურებდა. ეს საოცარი დღე იყო.

ირაკლი ჯაფარიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09806