23 წლის ასაკში სესკ ფაბრეგასმა სანაკრებო დონეზე ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირი მოიგო - 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი და 2010-ში მსოფლიოს პირველობა. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე გამარჯვება მისთვის იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ფინალურ შეხვედრაში საგოლო პასი მიითვალა. ამ ფონზე, მისი მონაგარი კლუბში შთამბეჭდავად ნამდვილად არ გამოიყურება – ფაბრეგასი “არსენალში” 2003 წლიდან გამოდის და მხოლოდ ინგლისის ასოციაციის თასი მოიპოვა. პოპულარული ბრიტანული ტაბლოიდის The Sun-ის ჟურნალისტს ლონდონელთა კაპიტანი არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა და ბუნებრივია, გვერდს ვერც განვლილ მუნდიალსა და “არსენალის” ხანგრძლივ უტიტულო სერიას აუვლიდა.
- ბოლო 5 წლის განმავლობაში “არსენალს” არცერთი ტიტული არ მოუგია, რის გამოც “ფანები” კლუბს აკრიტიკებენ. როგორ ფიქრობთ, არსენ ვენგერი კვლავ მობილიზებული და დამუხტულია, როგორიც ის ყოველთვის იყო “მეთოფეებთან” მიმართებაში?
- ამაში დარწმუნებული ვარ და შემიძლია გარანტია მოგცეთ. უკვე 7 წელია კლუბში ვარ და ვენგერს კარგად ვიცნობ. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ის როგორც არასოდეს ისეა მობილიზებული. არსენს ტიტულების მოგება უნდა და სურს ყველას დაანახოს, რომ მის ახალგაზრდა გუნდს წარმატების მიღწევა შეუძლია. ეს ვენგერის ოცნებაა და ამისთვის ძალიან გულმოდგინედ მუშაობს.
- თქვენთვის მიმდინარე წელიწადი დატვირთული და დაძაბული აღმოჩნდა. ამის ფონზე თავს როგორ გრძნობთ?
- ვფიქრობ, სეზონი ძალიან კარგად დავიწყე. თავს როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე, ფიზიკურად კარგად ვგრძნობდი. თუმცა, შემდეგ მუხლისქვედა მყესის ტკივილი დამეწყო. “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ საშინელი ტკივილის ფონზე ვითამაშე, რბენაც კი არ შემეძლო. მას მერე, კარგა ხნის განმავლობაში ფაქტობრივად ვერ ვვარჯიშობდი. ეს კი ცხოვრებას ართულებს, რადგან სტაბილურობა არაა – თამაში, დასვენება, თამაში. ერთ მატჩს ითამაშებ და შემდეგ, 2-3 დღე ჩერდები, შემდეგ კვლავ თამაშობ და ისევ ჩერდები. წინააღმდეგობაში მოდიხარ, რადგან იცი, რომ ტრავმის მოსარჩენად დასვენება გჭირდება, მაგრამ გაჩერება არ გინდა, ვინაიდან გსურს გუნდს დაეხმარო, მაშინაც კი, როცა საუკეთესო კონდიციაში არ ხარ. მინდა, რომ ზედიზედ 4-5 მატჩი ვითამაშო და არავითარი პრობლემა არ შემექნას.
- ტრავმიანობა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შედეგი ხომ არაა?
- დასვენებისთვის ძალიან ცოტა დრო მქონდა. დამისახელეთ ერთი ფეხბურთელი მაინც, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ან ფინალში იასპარეზა და ამჟამად, ტოპ-თამაშს აჩვენებს. დეკემბერში ან იანვარში მუნდიალის მონაწილეები ჩვეული ფეხბურთის თამაშს დავიწყებთ. დიდიე დროგბას ვესაუბრე და მითხრა, რომ საწყის რამდენიმე მატჩში თავს ნორმალურად გრძნობდა, მაგრამ შემდეგ გაუჭირდა. ვენგერმაც მითხრა, რომ ემანუელ პეტი, პატრიკ ვიეირა და ტიერი ანრი, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, დეკემბრამდე საკუთარ თავს არ გავდნენ. სწორედ, ეს მაიმედებს.
- ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მოგების შემდეგ, რთულია კვლავ სათამაშოდ განეწყო?
- არა, პირიქით. მიღწეულით ძალიან ვამაყობ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება მადას უფრო გიღვივებს. რაც მეტს იგებ, მით მეტი გინდა. არასოდეს გსურს მიღწეულზე გაჩერება და ეს ძალიან კარგი გრძნობაა.
- მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლი თქვენი პასის შემდეგ გავიდა... მას მერე, რამდენჯერ თქვით: “მე გამარჯვების გოლის გატანაში დავეხმარე”?
- მსგავსი რამ რამდენჯერმე ვთქვი... თუმცა, მხოლოდ ჩემს მეგობრებთან.
- მსოფლიოში არცთუ ბევრია ფეხბურთელი, რომელთაც შეუძლიათ თქვან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლის შექნაში მონაწილეობა მიიღეს და მუნდიალი მოიგეს...
- ამით ყოველთვის ვიამაყებ და მემახსოვრება. მართალი ხართ, მსოფლიოში ბევრი არაა ფეხბურთელი, რომელთაც შეუძლიათ თქვან, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონები არიან. ეს ხალხის ვიწრო, უჩვეულო წრეა და ამიტომ, ძალიან მეამაყება. არსებობენ დიადი მოთამაშეები, რომელთაც ფეხბურთის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს, მაგრამ მუნდიალი არ მოუგიათ. მახსოვს, “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის მერე მოედანზე ტელევიზიისთვის ინტერვიუს მისაცემად გავედი და მარსელ დესაი დავინახე. მან მითხრა: გაუმარჯოს, მისტერ მსოფლიოს ჩემპიონატის მომგებო!. მე ვუპასუხე: თქვენც ასეთი ხართ. მან გაიღიმა და თქვა: დიახ, ეს დიდი ხნის წინ იყო. საქმე ისაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა როდის იყო, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონი ხარ - 15-20 წლის შემდეგ, შემეძლება უკან მოვიხედო და განვაცხადო: ნახე რას მივაღწიე, ეს საოცარი რამ იყო.
- “არსენალის” “ფანების” მხრიდან რაიმე უარყოფითი რეაქცია ხომ არ ყოფილა, როდესაც ზაფხულში “ბარსელონამ” თქვენი ტრანსფერის თაობაზე ჩრდილოლონდონელებს მიმართა?
- არა. ამ ფაქტის მიმართ ყოველთვის ალალმართალი ვარ. ვფიქრობ, რომ მათ არსებული ვითარება იდეალურად გაიგეს. არავინ ყოფილა სტადიონზე თუ ქუჩაში, რომელიც ამ ფაქტის თაობაზე რაიმე ცუდს მეტყოდა. ეს ფაქტი საკმაოდ მშვიდად მიიღეს. მე უბრალოდ კონცენტრირებული ვარ, რომ “არსენალთან” ერთად კარგი სეზონი ჩავატარო და რაიმე ტიტული მოვიგო.
- მაგალითად, რა ჯილდო? მიმდინარე სეზონში “არსენალს” რის მოგება შეუძლია?
- ჩვენ ჯერ კიდევ კარგი პოზიცია გვიკავია ჩემპიონატში, ლიგის თასზე და ასოციაციის თასზე, რომელშიც ჯერ არ ჩავრთულვართ (იცინის). ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შანსიც გვაქვს. გასულ სეზონში მიუნხენის “ბაიერნი” ევროპაში საუკეთესო გუნდი არ ყოფილა, მაგრამ ფინალამდე მივიდა. მილანის “ინტერის” მიერ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზე არავინ საუბრობდა, მაგრამ ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ამ გუნდმა “ჩელსი”, “ბარსელონა” და “ბაიერნი” დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პრემიერლიგა გაცილებით რთული ტურნირია, რადგან იქ ბევრია ისეთი საუცხოო გუნდი, როგორიც “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედია”, რომლებიც სტაბილურად გამოდიან. ინგლისის ჩემპიონატის მოგება ძალიან ძნელია. თუმცა, მთელი ძალით უნდა ვეცადოთ, რომ უფრო სტაბილურები ვიყოთ და აღარ გავაკეთოთ ის, რაც “ვესტ ბრომვიჩთან” და “ნიუკასლთან” მატჩების დროს მოხდა. თუ მსგავსი განმეორდება, პრემიერლიგას ნამდილად ვერ მოვიგებთ.
- თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია – პრემიერლიგაში გამარჯვება თუ ჩემპიონთა ლიგაში?
- რთული სათქმელია. უნდა ვაღიარო, რომ პრემიერლიგის მოგება დიდი პატივია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, რომელში გამარჯვებაც ყველაზე მეტად მინდა. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წარმატების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი მომდევნო დიდი ჯილდო იქნება.
- მაისში, “უემბლიზე”, “ბარსელონასთან” ფინალის თაობაზე რა აზრის ხართ?
- საუცხოო იქნებოდა, მაგრამ უარს არც ნებისმიერ სხვა მეტოქეზე ვიტყოდი. მითუმეტეს, ჩემი სახლიდან “უემბლიმდე” სულ რაღაც 20 წუთის გზაა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









