უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ქუთაისის “ტორპედოში”, შარშანდელ შეხვედრებში, ადგილობრივი მნიშვნელობის ბევრი ისეთი ფეხბურთელი ვიხილეთ, რომლებსაც ეროვნულ ჩემპიონატზე “ამინდის შექმნა” ყოველთვის შეეძლოთ. ერთ-ერთი მათგანია 34 წლის სევასტი თოდუა, რომელიც რიონისპირელთა გუნდს 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ქუთათურთა გუნდში გატარებული 4 წლის (2001-2004) განმავლობაში, “სევა” 2-ჯერ (2001, 2002) ქვეყნის ჩემპიონის, ერთხელ (2001) თასის მფლობელის ტიტულს დაეუფლა. სულ “ტორპედოს” კაპიტანმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 327 (მათგან 123 “ტორპედოში”) მატჩი ითამაშა და ბოლნისის “სიონში” მოთამაშე, გივი დიდავასთან ერთად, ყველაზე ახლოსაა, ეროვნულ ჩემპიონატში ნათამაშები შეხვედრების ოდენობა 400-მდე დაამრგვალოს.
სევასტი თოდუასთან ინტერვიუ ს/კ “ტორპედოს” ოფიციალურ საიტზე დაიბეჭდა, რომლის მცირედ სახეშეცვლილ ვარიანტს ქვემოთ გთავაზობთ.
- სევასტი, შეეძლო თუ არა ქუთაისის “ტორპედოს” ჩემპიონატის განვლილ ნახევარში უკეთესი შედეგის ჩვენება?
- რა თქმა უნდა შეეძლო, ქუთაისისთვის მე-6 ადგილი მიუღებელი შედეგია. მაგრამ ერთის მხრივ, ძალიან არც უნდა დაგვწყდეს გული - როცა ჩემპიონატი დაიწყო, 3 თვის შექმნილი გუნდი ვიყავით. ახალი გუნდი გვქვია და მართალია, არასახარბიელო შედეგია, მაგრამ ძალიან ურიგოც არ არის.
- პირადად თქვენ, თამაშს როგორ შეაფასებთ?
- როგორც “ტორპედოს” ყველა ფეხბურთელი, მეც ვცდილობდი წარმატება მომეტანა გუნდისთვის. ხან კარგად გამოვიყურებოდი მოედანზე, ხანაც ჩავარდნა მქონდა – საერთოდ, უკეთესი შეიძლებოდა. როცა “ტორპედო” მოუმატებს, კიდევ უფრო კარგი თამაშის საშუალება მეც მომეცემა.
- რომელი იყო ყველაზე გამორჩეული შეხვედრა პირველსა და მეორე წრეში?
- კარგად ჩავატარეთ პირველი მატჩი “ოლიმპთან” (1:1), “ზესტაფონს” მოვუგეთ (1:0), “დინამოსთან” (1:1) ქუთაისში ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ შედეგში არ გაგვიმართლა. თუმცა, ჩვენი ცუდი გამოსვლებიც მახსოვს.
- ჩემპიონატში გუნდის მიზანი სამეულში მოხვედრაა?
- შანსი დიდი არ გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ სამეულისთვის.
- კაპიტანი ხართ და თქვენგან უფრო ჩანს, კონკურენცია რა დონეზეა გუნდში?
- შარშანდელთან შედარებით, კონკურენცია მართლაც მოიმატებს. წელს უკვე დაგვემატნენ მეგრელაძე, გოცირიძე, დოლიძე, ქებაძე, მაისურაძე, სეთურიძე და პერსპექტიული გუგუჩია. ვფიქრობ, გაზრდილი კონკურენცია გუნდისთვის კარგ შედეგს გამოიღებს.
- რომელ რგოლშია "ტორპედო" შედარებით ძლიერი?
- გუნდში გამორჩეულად გამოსაყოფია დაცვის ხაზი. ცოტა გოლები გავუშვით და ეს ძირითადად, მცველების დამსახურებაა. ყველა რგოლშია გაძლიერება საჭირო, კონკურენცია კარგად იმოქმედებს გუნდზე. როცა თითო პოზიციაზე 2 და მეტი მოთამაშე მოდის, მაშინ ფეხბურთელს უკან მოხედვის შეეშინდება და მინდორზე მეტად მოინდომებს.
- თასზე თქვენთვის კარგად ნაცნობ „ზესტაფონს“ შეხვდით, რას იტყვით იმერულ დაპირისპირებაზე?
- ფინალის ტოლფასი ნახევარფინალი იქნება. იმერულ დერბიში ორი ძლიერი გუნდი ხვდება ერთმანეთს. მეტოქედ ყველანაირად გამართული გუნდი გვერგო, მაგრამ ჩვენ უკან არ დავიხევთ და პირიქით, ორმაგი მონდომებით ვითამაშებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გუნდს ვაჯობებთ და ფინალში გავალთ. ბრძოლა გველის და შანსებს თანაბრად ვაფასებ.
- გულშემატკივრის თემას შევეხოთ, რომელიც ქუთაისში გამორჩეულად მრავლადაა.
- ქუთაისელი გულშემატკივრის მსგავსი საქართველოში არ არსებობს. ისინი გვერდში გვიდგანან და გუნდისგან მეტ შედეგს მოითხოვენ. ჩვენც უნდა შევასრულოთ დაკისრებული ამოცანა. გვეხმარება ჩვენი ერთგული ხალხის შეძახილი, გულშემატკივრებს შემტევი და ლამაზი ფეხბურთის ხილვა უნდათ და გუნდმა ყველანაირად უნდა მონახოს გზა მათ გასახარად.
- შეკრებას თურქეთის ქალაქ ანთალიაში გაივლით...
- ძალიან კარგია, რომ ანთალიაში გავივლით შეკრებას. როგორც გავიგე, სახელოვან გუნდებს ვეთამაშებით და რა თქმა უნდა, ეს “ტორპედოსთვის” კარგია, შევთამაშდებით და გუნდი ამხანაგური მატჩებით შეიკვრება. მითუმეტეს, ძლიერ გუნდებთან და თან სათამაშო მოედნებზეც კარგი პირობებია. ამიტომ ეს შეკრება ნაყოფიერი იქნება.
- როგორი განწყობით შეხვდებით ჩემპიონატის მეორე ნახევარს?
- რა თქმა უნდა, კარგი განწყობით, გაძლიერებულები ვიქნებით, უცხოეთში შეკრება გვექნება გავლილი და მთელი გუნდი შეხვდება კარგი ფსიქოლოგიით. ვიბრძოლებთ, რომ გავახაროთ ჩვენი უფროსობა - “ვისოლის” ხელმძღვანელობა, რომელსაც ეკუთვნის კიდევაც ეს, რადგან ბევრ გუნდში ვყოფილვარ და ასეთი ყურადღება არსად არ მიგრძვნია. დაუზარებლად შრომობს ეს ხალხი, რომ ქუთაისის “ტორპედომ” წინსვლა განაგრძოს და დაიბრუნოს თავისი კუთვნილი ადგილი.
www.fctorpedo.ge







