ამ უქმეებზე მონღოლეთში ძიუდოს მსოფლიოს თასი გათამაშდა. ულან ბატორის ტატამზე 13 ქვეყნის ნაკრები გავიდა. მონაწილეთა შორის ქართველები არ ყოფილან და შესაბამისად, შედეგებზეც აღარ დავკონკრეტდებით. წლევანდელი საერთაშორისო სეზონის დასრულებამდე ანალოგიური რანგის ტურნირი კიდევ ოთხჯერ გაიმართება (22-23 სექტემბერს ტაშკენტში, 5-6 ოქტომბერს მინსკში, 16-17 ნოემბერს აპიაში და 6-7 დეკემბერს ჟეჟუში). გარდა ამისა, ორჯერ დიდი პრიზის (11-13 ოქტომბერს აბუ დაბიში, 24-25 ნოემბერს ქინგდაოში), ერთხელ კი დიდი სლემის 30 ნოემბერ-2 დეკემბერს, ტოკიოში) ტატამებიც გაიშლება, მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის ინდივიდუალური ტურნირების სეზონი ლონდონის ოლიმპიური თამაშებით დასრულებულა.
“მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, რომ აბუ დაბის დიდ პრიზზე, შეიძლება ქართველმა ძიუდოისტებმაც იჭიდაონ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ყველანაირ ხარჯს საკუთარ თავზე აიღებენ. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ კი 2012 წლის ბიუჯეტი უკვე გახარჯა.
ფედერაციის გეგმაში ორი შეჯიბრიღა რჩება – 21-23 სექტემბერს ხორვატიის ქალაქ პორეჩში ჩასატარებელი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი უფროსებს შორის, რომელსაც 27-28 ოქტომბერს ბრაზილიის ქალაქმა სალვადორ დე ბაიამ უნდა უმასპინძლოს.
ოთარ მაღლაკელიძე







