ინტერვიუები

11:43 | 19.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

შალვა სუთიაშვილი: “ვემზადებით გრანდებთან თამაშისთვის”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი ბოლო დროს “ბორჯღალოსანთა” ძირითადი შემადგენლობის მორაგბედ იქცა და ახლა ქართველთა შერკინება მის გარეშე წარმოუდგენელიც კია.

მას მეორე ხაზშიც შეუძლია თამაში, კარგია აუტების მოგებისას და მიუხედავად იმისა, რომ მისი კლუბი, ფედერალ 1-ის “მასი” განსხვავებული სტილით თამაშობს, მილტონ ჰეიგის სანაკრებო ნოვაციებს კარგად მოერგო. სუთიაშვილის თქმით, გუნდმა მხარი უნდა აუბას მსოფლიო ტენდენციას, რაც უფრო სანახაობრივი რაგბის თამაშს გულისხმობს და მიაჩნია, რომ სულ მალე გუნდი ექვსი ერის გუნდებთან საბრძოლველად 100 პროცენტით მზად იქნება.
28 წლის მორაგბეს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2005 წელს, ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა და დღემდე “ბორჯღალოსნების” კვართი 25 შეხვედრაში მოირგო, ერთხელ კი, ლელოც გაიტანა. მისი “მასი” რანგით მესამე დივიზიონში კი თამაშობს, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ექვს ერზე ირლანდიასთან მატჩის წინ, ამხანაგური თამაში, რომელსაც უფრო ვარჯიშის სახე ჰქონდა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ამასთან, “მასს” პრაქტიკულად გარანტირებული აქვს ფედერალ 1-ის პლეი ოფში გასვლა, საიდანაც Pro D2-ში ასასვლელად იბრძოლებს და სუთიაშვილიც გუნდის გამოცვლაზე ჯერ არ ფიქრობს.
“მსოფლიო სპორტი” ქართველ ლეგიონერს რუსეთის 46:0 განადგურების შემდეგ ესაუბრა.
შალვა სუთიაშვილი: “რაგბი ისეთი სპორტია, სადაც ადვილად არასოდეს არაფერი გამოდის. ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რომ უკრაინის ნაკრებმა პორტუგალიის საკმაოდ ძლიერი გუნდი დაამარცხა (თებერვლის დასაწყისში ესპანეთმა საქართველოს მოუგო - ზ.ქ.) და სენსაცია გამოაცხო. მატჩის წინ ყველანი ვღელავდით, მაგრამ კარგად მოვემზადეთ. მთელი გუნდი კონცენტრირებული იყო მიზანზე, მთელი კვირა გამარჯვებისთვის ვემზადებოდით. რუმინეთში ერთი კვირით ადრე მოპოვებულმა გამარჯვებამ დამატებითი ბიძგი მოგვცა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც სტადიონზე მოვიდა. მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ვფიქრობ, სანახაობრივი თვალსაზრისითაც კარგად ვითამაშეთ. საქართველოს ნაკრები ახლა სულ სხვა დონის გუნდია და ვემზადებით გრანდებთან, ექვსი ერის გუნდებთან თამაშისთვის, რაც ნამდვილად დავიმსახურეთ”.
- რამდენად კარგად მოერგეთ იმ ახალ სათამაშო სტილს, რომელსაც გუნდში ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი ნერგავს?
- რთული არაა, მაგრამ გადართვა ყველას გვიწევს. პირადად ჩემი გუნდი, საფრანგეთში სულ სხვა სტილით თამაშობს. ჩვენი ნაკრები ახალ სტილზე მორგებას ცდილობს. ესაა ის ტენდენცია, რომლისკენაც მთელი სარაგბო სამყარო ცდილობს გადართვას. აქცენტი უფრო ლამაზ, გაშლილ რაგბიზე კეთდება.
- თქვენი აზრით, ერთი კვირით ადრე, რუმინეთთან ბუქარესტში უფრო მნიშვნელოვანი თამაში იყო თუ ახლა, რუსეთთან ჯახს უფრო დიდი ფასი ჰქონდა?
- რუმინეთში პრაქტიკულად ფინალის ტოლფასი შეხვედრა გვქონდა. იქ გამარჯვებული გუნდი ჩემპიონი ხდებოდა. თან რუმინეთი ჩვენს შემდეგ ყველაზე ძლიერი გუნდია ერთა თასზე და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მათზე უკეთესები ვართ.
- დაახლოებით სამი კვირის წინ, თქვენ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეთ.
- ჩემი გუნდისთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. საფრანგეთის ნაკრებს ექვს ერზე ირლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა და ვიქტორ დიდებულიძეს, რომელიც “მასის” შერკინების მწვრთნელია, დაავალეს, რომ გაეკეთებინა ირლანდიის აუტები. ჩვენ დავალება კარგად შევასრულეთ, ჩვენი დერეფნები მოვიგეთ და კმაყოფილები დავრჩით. ეს წვრთნა “მასის” გამოადგა და შემდეგ შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვეთ, აი, საფრანგეთის ნაკრებს კი, არ გამოადგა (იცინის).
- პირადად თქვენთვის რას ნიშნავდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში?
- უფრო ამხანაგური ვარჯიში იყო და დიდი დატვირთვა არ ჰქონია, თუმცა, მას მრავლად დაესწრნენ სხვადასხვა გუნდის მენეჯერები და დამკვირვებლები. თამაში “მარკუსის” ცენტრში გაიმართა, რომელიც საფრანგეთში რაგბის სული და გულია. ვარჯიშს დაახლოებით 2000 მაყურებელი დაესწრო. მთავარი მაინც ის იყო, რომ ჩვენ დავალებები სწორად შეგვესრულებინა, ამასთან, გვსურდა, რომ მეტოქეს არ დავეჩაგრეთ და ღირსეული წინააღმდეგობა გაგვეწია. საბოლოოდ, ასეც მოხდა და საკმაოდ ხალისიანი ვარჯიშიც შედგა.
- თქვით, საფრანგეთთან ვარჯიშს მენეჯერები მრავლად ესწრებოდნენო და რაიმე შეთავაზება ხომ არა გაქვთ ტოპ-კლუბებიდან?
- ჯერჯერობით არაფერი. ამ ეტაპზე სებასტიან შაბალიც ჩვენთან ვარჯიშობს და მეც არსად მეჩქარება.
 
ზურა ქსოვრელი
 
 
 
0.173841