ლონდონის ოლიმპიური თამაშების და ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ახალ წონით კატეგორიაში დასამკვიდრებლად ბრძოლას იწყებს. ინფორმაცია, რომელიც ძიუდოს სამყაროში ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე გავრცელდა, სპორტსმენმა ოფიციალურად ახლაღა დაადასტურა. საქართველოს ნაკრები სეზონის პირველი ინდივიდუალური ტურნირისთვის – პარიზის გრან სლემისთვის ემზადება. შეჯიბრება 8-9 თებერვალს უნდა გაიმართოს, მაგრამ შავდათუაშვილი ფრანგულ განაცხადში არაა.
“უკვე გადაწყვეტილია, რომ წელს პირველ ტურნირს დიუსელდორფში (გრან პრი 21-23 თებერვალი) ვიჭიდავებ. გერმანიაშიც და შემდგომ შეჯიბრებებზეც მხოლოდ 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვალ. ამჟამად 77 კილოგრამი ვარ და 66-ში დაკლება თითქმის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ახალ წონაში დამკვიდრება და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ამისთვის თავს არ დავზოგავ. ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი გავიარე და უკვე ნაკრებთან ერთად, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ” – უთხრა ლაშა შავდათუაშვილმა “მსოფლიო სპორტს.







