ბლოგი

10:43 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შეცდომა, როგორც ცხოვრების წესი

მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად რთულია დაასახელო ბრაზილიაზე კარგი ქვეყნის კანდიდატურა. ბრაზილია ხომ ის ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი ცხოვრების წესადაა ქცეული და სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლებელია საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცეს. ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთ წელზე ცოტა დროა დარჩენილი და რაც უფრო ახლოვდება დიდი საფეხბურთო ციებ-ცხელება, მით უფრო მეტად გვიჭირს წინ, ანუ შედარებით უფრო შორეულ მომავალში გადახედვა. არადა, მომავალში გადახედვის მიზეზები ფეხბურთის გულშემატკივრებს მართლაც რომ ბევრი გვაქვს. ეს უპირველესად ეხება 2018 წელს, როდესაც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში უნდა გაიმართოს.

ალბათ ნამდვილად აღარ ღირს ხელახლა საუბარი იმ მიზეზებზე, რის გამოც მოხდა ჩემის აზრით უდიდესი აბსურდი და მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ინგლისის ნაცვლად რუსეთს მიანიჭეს. მოდით ნურც იმაზე ვისაუბრებთ, უდის თუ არა ამ ამბებს ნავთობისა და გაზის მყრალი სუნი. რუსეთში 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი აუცილებლად გაიმართება და რაკი ეს რეალობაა, უმჯობესია როგორც უკვე არსებული პრობლემატური საკითხი  - ისე განვიხილოთ.

რა შეიძლება მისცეს რუსეთმა მსოფლიო ფეხბურთს და როგორ შეიძლება წაადგეს რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთის განვითარებას? ბევრი ალბათ უპირველეს ყოვლისა ისევ და ისევ ფულად სახსრებს გაიხსენებს და სპორტულ-მატერიალური ბაზების კეთილმოწყობაზე გააკეთებს აქცენტს. მაგრამ, განა მხოლოდ ესაა მსოფლიოს ჩემპიონატი? ფეხბურთის ქომაგები ალბათ დამეთანხმებიან, რომ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე გამორჩეულად უარყოფითი კუთხით, ხარვეზებით გაძეძგილი მსოფლიოს ორი ჩემპიონატი – იაპონია-კორეისა და სამხრეთ აფრიკის მუნდიალები უნდა გამოვარჩიოთ. ფული, მონდომება და საქმეში ჯიგრის ჩადება არც აზიელებს დაუკლიათ და არც აფრიკელებს, მაგრამ დასახელებულ ჩემპიონატებში დაწყებული ვუვუზელების ბღუილით, გაგრძელებული ნახევრად ცარიელი სტადიონებით და დამთავრებული საშინლად არაკვალიფიციური მსაჯობით – იმდენი ნაკლოვანება და სიმახინჯენი ვნახეთ, რომ კაცი ჭეშმარიტად გულუბრყვილო უნდა იყო, ეს ტურნირები თუნდაც გერმანიის (2006 წელი) ან საფრანგეთის (1998 წელი) ჩემპიონატებს რომ შეადარო.

რუსეთის შემთხვევაში, ყველა პრობლემის თავი და თავი, მსგავსი ტურნირის მასპინძლობაში გამოუცდელობა, ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილის შოვინისტური განწყობები და კორუფციის მაღალი დონეა. ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ “გაიშნიკები” დარბიან და სადაც კრიმინალური ან პოლიციური “კრიშის” გარეშე, ტუალეტის ქაღალდსაც კი ვერ გაყიდი, ძნელად დასაჯერებელია, რომ მუნდიალი სუფთად, ალალად და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში გაიმართება. ქვეყანაში, სადაც კავკასიელებსა და შუააზიელებს აგრარული ბაზრებიდან სკინხედები პოლიციის დახმარებით ყრიან, კამერუნელი, ანდა ამერიკელი ქომაგები თავს ლაღად და კომფორტულად უბრალოდ ვერ იგრძნობენ. ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა ქურდულ-ოლიგარქიულ ინსტიტუტებზე დგას, ვერავინ დადებს თავს, რომ თუნდაც ლამაზად აშენებული სტადიონები და სხვა ინფრასტრუქტურა იქნება ისეთი, როგორსაც ყველანი ვისურვებდით. რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად არჩევა თავიდანვე უდიდესი შეცდომა იყო და გულწრფელი გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ ამ შეცდომის სიავეს ფიფას მაღალჩინოსნები და რუსეთის მასპინძლობის მხარდამჭერები სულ მალე იწვნევენ.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში გაიმართება (კიდევ ერთი დიდი აბსურდული “სიურპრიზი” ფიფასგან) და განსაკუთრებულად საამო მოლოდინები არც 2022 წლის მუნდიალისგან უნდა გვქონდეს. საერთოდ, ხშირად ხდება ხოლმე ასე – ჯერ ხმას ერთმანეთის ჯიბრზე აძლევენ და შემდეგღა ხვდებიან საკუთარ შეცდომებს. ამ შეცდომებით კი უბრალო ადამიანები ზარალდებიან. მერე იწყება ბოდიშები და ვიშვიში – უი, შევცდით და ეს რა მოგვსვლიაო... შეცდომებზე პასუხისგება კი რა თქმა უნდა არავის უნდა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095649